გიორგი ვაშაძე: საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი შობადობის მაჩვენებელია.. რაც შეეხება მიგრაციის მაჩვენებელს, 2022 წელს საქართველო დატოვა საქართველოს 100 ათასმა მოქალაქემ....

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სტრატეგია აღმაშენებლისლიდერმა გიორგი ვაშაძემქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი განცხადებით: „კატასტროფულად დაეცა შობადობის მაჩვენებელი საქართველოში. 2015 წელთან შედარებით ყოველწლიური შობადობის მაჩვენებელი 20 ათასით არის შემცირებული. 2022 წელს 7 ათასით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა... საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი შობადობის მაჩვენებელია... რაც შეეხება მიგრაციის მაჩვენებელს, 2022 წელს საქართველო დატოვა საქართველოს 100 ათასმა მოქალაქემ... 65 ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, დასახლდა, 100 ათასი საქართველოს მოქალაქე გავიდა. აი ეს არის მძიმე რეალობა“.

შობადობა

2015 წლიდან ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი (ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა და შობადობის კოეფიციენტი, 1000 მოსახლეზე) ყოველწლიურად მცირდება (იხილეთ გრაფიკი 1).

2022 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 42 319 ბავშვი შეადგინა, რაც 1994-2022 წლის მონაცემებით, შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გასულ წელს გარდაცვლილთა რაოდენობამ ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობას 6 799 ერთეულით გადააჭარბა. 2020-2022 წლებში საქართველოში ბუნებრივი მატების (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) მაჩვენებელი უარყოფითია, ანუ სიკვდილიანობა აჭარბებს შობადობას. 2020-2021 წლებში ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი განპირობებული იყო, როგორც შობადობის შემცირებით, ასევე სიკვდილიანობის ზრდით (2020-2021 წლებში ქვეყანაში სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, რაც COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევებით აიხსნება). ბუნებრივი მატების უარყოფითი დინამიკა 2022 წელსაც გაგრძელდა, რაც ცალსახად შობადობის შემცირებით იყო განპირობებული.

2008-2019 წლებში ქვეყანაში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი დადებითი იყო, ანუ დაბადებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა რიცხოვნობას აჭარბებდა. თუმცა 2015 წლიდან ბუნებრივი მატების დადებითი კოეფიციენტი ყოველწლიურად მცირდებოდა, რაც თავის მხრივ შობადობის შემცირებით იყო გამოწვეული.

გრაფიკი 1: შობადობა (2014-2022 წლებში)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გიორგი ვაშაძის განცხადებაში არის მცირედი უზუსტობა, კერძოდ, მის მიერ დასახელებული რიცხვი არაა ზუსტი - 2022 წელს 2015 წელთან შედარებით, დაბადებულთა რიცხოვნობა რეალურად 16.9 ათასით არის შემცირებული და არა 20 ათასით. საერთო ჯამში, გიორგი ვაშაძის განცხადება, რომ შობადობის მაჩვენებელი კატასტროფულად შემცირდა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, სიმართლეს შეესაბამება. ასევე სწორია მტკიცება, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბადების მაჩვენებელს დაახლოებით 7 ათასით აჭარბებს.

შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის სიმართლე.

ემიგრაცია

ემიგრაცია, ნამდვილად არის ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. თუმცა, როდესაც მიგრაციის მაჩვენებელზე ვსაუბრობთ, მართებულია, მიგრაციული სალდო განვიხილოთ, ანუ სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის. მხოლოდ ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელზე აპელირება, ხოლო ქვეყანაში შემოსულთა/დაბრუნებულთა მაჩვენებლის უგულებელყოფა, არსებულ რეალობას გადაჭარბებულად - კიდევ უფრო მწვავედ წარმოაჩენს.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ემიგრაციაში წავიდა საქართველოს 100.8 ათასი მოქალაქე, ამავე პერიოდში 54.4 ათასი მოქალაქე ქვეყანაში დაბრუნდა. ანუ, მხოლოდ გასულ წელს 46.4 ათასით მეტმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. 2013-2022 წლებში, საქართველო ჯამში 213.8 ათასით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა.

2022 წელს, მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად გაიზარდა ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების გადინება, მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა. აღნიშნული საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლამ განაპირობა, რომელთა უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა. 2022 წელს 62.3 ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა ქვეყანაში, ამავე პერიოდში მხოლოდ 5.9 ათასი რუსეთის მოქალაქემ დატოვა ქვეყანა.

ცხრილი 1: იმიგრანტებისა და ემიგრანტების რიცხოვნობა 2022 წელს, მოქალაქეობის მიხედვით

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2022 წელს ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების ემიგრაცია ბოლო 10 წლის რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა, პარალელურად, ქვეყანაში რუსეთის მოქალაქე ემიგრანტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ამრიგად, გიორგი ვაშაძის განცხადების კონტექსტი სწორია. თუმცა ის საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელზე აპელირებს, ხოლო ქვეყანაში დაბრუნებულთა მაჩვენებელს უგულებელყოფს, რითაც არსებულ მწვავე რეალობას კიდევ უფრო გადაჭარბებულად წარმოაჩენს.

შესაბამისად, „ფაქტ-მეტრიგიორგი ვაშაძის განცხადების ამ ნაწილს აფასებს ვერდიქტით - მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5461 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი