რევაზ ხარაზი: „სანდასუფთავების“ ბიუჯეტით როგორ იყიდა [ბათუმის მერმა] ავტომობილები, 203 ათასი ლარით, როცა თქვენ კატასტროფული მდგომარეობა გაქვთ ქალაქში და „სანდასუფთავების“ თანამშრომლების ფულით მერმა ახალი მანქანა იყიდა.
ვერდიქტი: რევაზ ხარაზის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე, 2023 წლის მდგომარეობით, ოცი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება ირიცხება. აქედან ორი - 86 900 ლარის ღირებულების Kia K5 და 116 900 ლარის ღირებულების Kia Sorento მერიას წელს გადაეცა. ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული, ვისგან ან რა მიზნით მიიღო მან აღნიშნული ავტომანქანები. ამ კითხვაზე მერიამ არ გვიპასუხა და ინფორმაცია ვერც პიარსამსახურის დახმარებით მოვიპოვეთ. თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ჩვენ მიერ შესწავლილი შესყიდვები ცხადყოფს, რომ შპს „სანდასუფთავებამ“, საკუთარი შემოსავლებით, ზემოთ ნახსენები ავტოსატრანსპორტო საშუალებები შპს „კია საქართველოსგან“ ნამდვილად შეიძინა და ჯამში 203 800 ლარი გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მერიის ბალანსზე თვრამეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება ირიცხებოდა, ხოლო 2023 წელს ჩამონათვალში, რომელიც მერიამ მოგვაწოდა, სწორედ Kia K5 და Kia Sorento ჩნდება. ბათუმის მერიას ისინი არ შეუძენია. ერთი ავტომანქანით ქალაქის მერი სარგებლობს, ხოლო მეორით - ვიცე-მერი.
როგორც ვთქვით, მერიამ არ გვიპასუხა მნიშვნელოვან კითხვაზე, რაც, შესაძლოა, ინფორმაციის დამალვის მცდელობად მივიჩნიოთ. ოფიციალურად მიღებულ პასუხსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე, ასევე, ბათუმის მერიის გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რევაზ ხარაზის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი: ქალაქ ბათუმის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რევაზ ხარაზმა განაცხადა: „სანდასუფთავების“ ბიუჯეტით როგორ იყიდა [ბათუმის მერმა] ავტომობილები, 203 ათასი ლარით, როცა თქვენ კატასტროფული მდგომარეობა გაქვთ ქალაქში და „სანდასუფთავების“ თანამშრომლების ფულით მერმა ახალი მანქანა იყიდა.“
„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა. ჩვენ ბათუმის მერიის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი ოფიციალურად, წერილობით გამოვითხოვეთ. იმავე წერილით ადრესატს ვკითხეთ, რა მიზნით გადაეცა მას შპს „სანდასუფთავებისგან“ ორი მსუბუქი ავტომობილი. მერიამ 2023 წლისთვის ბალანსზე არსებული ავტომობილების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა. ამასთანავე, გვირჩია, რომ ავტომობილების გადაცემის თაობაზე კითხვით „სანდასუფთავებისთვის“ მიგვემართა. ამის შემდეგ, დავუკავშირდით მერიის პიარსამსახურს და ავუხსენით, რომ სწორედ ქალაქის აღმასრულებელი ორგანოსგან გვაინტერესებდა, რა საჭიროებით იყო განპირობებული მისივე დაფუძნებული ორგანიზაციისგან სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის მოთხოვნა. პიარსამსახური დახმარებას დაგვპირდა. თუმცა მეორე დღეს შეგვატყობინა, რომ მერიას სხვა პასუხი არ აქვს.
მოწოდებული ინფორმაციით დანართი 1, მიმდინარე პერიოდისთვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე ოცი ერთეული სატრანსპორტო საშუალება ირიცხება. აქედან ორი: Kia K5, რომლითაც ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი სარგებლობს და Kia Sorento, რომლითაც ვიცე-მერი ლევან დავითაძე გადააადგილდება, მერიას 2023 წელს გადაეცა. 2022 წლის ჩამონათვალში დანართი 2 აღნიშნული ავტომობილები არ გვხვდება.
„ფაქტ-მეტრმა“ შპს „სანდასუფთავების“ მიერ 2023 წელს განხორციელებული შესყიდვები შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ წელს ორგანიზაციამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე. 212 200-ლარიანი სავარაუდო ღირებულების ტენდერის თანახმად, პრეტენდენტს „სანდასუფთავებისთვის“ არა უადრეს 2022 წელს გამოშვებული პირველი კლასის 2 ერთეული ავტომანქანა უნდა მიეწოდებინა (დეტალური ინფორმაცია ტექნიკური პარამეტრებისა და მოთხოვნების შესახებ იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში). შესყიდვით მხოლოდ შპს „კია საქართველო“ დაინტერესდა. მხარეებს შორის გაფორმდა 203 800 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც „კია საქართველომ“ „სანდასუფთავებას“ მიაწოდა ერთი Kia K5 (2.5 ბენზინის ძრავა, 194 ც. ძ., 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათ აკოლოფი), რომელშიც შემსყიდველმა 86 900 ლარი გადაიხადა და ერთი 116 900 ლარის ღირებულების Kia Sorento (2.2 დიზელის ძრავა, 202 ც. ძ., 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი).
შპს „სანდასუფთავებამ“ ავტომობილები საკუთარი შემოსავლებით შეიძინა. თუმცა მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ეს ორგანიზაცია, რომელის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მმართველი ბათუმის მერიაა, თითქმის ყოველთვის უკონკურენტოდ მონაწილეობს მერიის მიერვე გამოცხადებულ შესყიდვებში და მილიონობით ლარის ხელშეკრულებებს იღებს. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია. მაგალითად, წელს ბათუმის მერიასთან უკვე გაფორმებული აქვს 16 307 588 ლარის ჯამური ღირებულების ხელშეკრულებები.
რაც შეეხება ქალაქ ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის დაფინანსებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვას, 25 იანვარს მერიასა და შპს „სტრადა მოტორსს“ შორის, კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, 115 416-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. დანართი 3 მუნიციპალიტეტის 2023 წლის სახსრებით შეძენილია სამი ახალი Fiat tipo ბათუმის საკრებულოსთვის. ერთი ავტომანქანის ღირებულება 38 472 ლარს შეადგენს. იმავე დღეს გაფორმებული ხელშეკრულებით, მერიამ „სტრადა მოტორსისგან“ კიდევ ორი Fiat tipo შეიძინა, რისთვისაც კომპანიას 76 944 ლარი გადაუხადა. დანართი 4 ხუთი სატრანსპორტო საშუალებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან გადახდილია, ჯამში, 192 360 ლარი.
ამდენად, წელს ბათუმის საკრებულოს სამი ახალი სატრანსპორტო საშუალება შეემატა, ხოლო მერიას - ოთხი. მერიისთვის გადაცემული ორი ავტომანქანა შეძენილია შპს „სანდასუფთავების“ შემოსავლებით.