გენადი არველაძე: თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, ჩინეთში ექსპორტი გაორმაგდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გენადი არველაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: ჩინეთთან, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდა. ტარიფების მოხსნამდე, 2017 წელს ჩინეთში ექსპორტი 202 მლნ დოლარს შეადგენდა. 2022 წელს მან 737 მლნ-ს მიაღწია, რაც 3.65-ჯერ ზრდას ნიშნავს, ანუ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მიერ გაცხადებულზე უფრო მეტს. იმავე პერიოდში მთლიანი ექსპორტი მხოლოდ 1.54-ჯერ გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში, მასშტაბური ზრდის მიუხედავად, აღნიშნული თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას მხოლოდ ნაწილობრივ უკავშირდება. წინა 5-წლიან პერიოდში, 2012-2017 წლებში, როდესაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არ მოქმედებდა, ექსპორტი ჩინეთში 7.86-ჯერ - 25.7 მლნ-დან 202 მლნ დოლარამდე გაიზარდა. გარდა ამისა, ამ ხელშეკრულების მოქმედების პირობებში, 2023 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი ჩინეთში მკვეთრად - 46.7%-ით 363 მლნ-დან 193 მლნ დოლარამდე შემცირდა, რაც დიდწილად ერთ-ერთ ძირითად საექსპორტო საქონელზე - სპილენძის მადნებზე, მოთხოვნისა და ფასის მკვეთრ ვარდნას უკავშირდება.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადების პათოსი რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედების შემდგომ ჩინეთში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, სწორია. თუმცა განცხადებას აკლია დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთში ექსპორტს არსებითი ზრდის ტენდენცია ხელშეკრულების ამოქმედებამდეც ახასიათებდა. შესაბამისად, ცვლილება მოსალოდნელია, რომ სრულად დასახელებული ხელშეკრულების ძალაში შესვლით არ იყოს განპირობებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ გენადი არველაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით - მეტწილად სიმართლე.
ანალიზი:
2023 წლის 7 ივლისს, თბილისში საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის მთავრობას შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთობლივი კომისიის პირველი სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ჩინეთთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობაზე და 5 წელიწადში დამდგარ შედეგებზე ისაუბრა. კერძოდ მან აღნიშნა: „ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წლის 1 იანვარს ამოქმედდა. მას შემდეგ, სახეზეა ჩინეთში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია. მაგალითისთვის, ექსპორტი ჩინეთში გაორმაგდა“.
2010 წლამდე, ჩინეთის წილი ექსპორტში მიზერული იყო. 1995-2009 წლებში, ჩინეთში ექსპორტზე სულ 50 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა - მთლიანი ექსპორტის 0.56%. 2010 წელს ექსპორტი 4.5-ჯერ - 6 მლნ-დან 27 მლნ დოლარამდე გაიზარდა, მომდევნო ნახტომისებური ზრდა 34 მლნ-დან 90 მლნ-მდე 2014 წელს დაფიქსირდა და ზრდა შემდგომ წლებშიც გაგრძელდა.
თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდა, თუმცა 2018 და 2019 წლებში ექსპორტი ჩინეთში თანხობრივად თითქმის არ შეცვლილა (2018 წელს 202 მლნ-დან 199 მლნ-მდე შემცირდა და 2019 წელს 207 მლნ-მდე გაიზარდა), წილობრივად კი პირიქით - შემცირდა, თუ 2017 წელს ჩინეთის წილი ექსპორტში 7.35%-ს შეადგენდა, 2018 წელს - 5.89%-მდე, 2019 წელს კი 5.46%-მდე შემცირდა.
2020 წელს, ეკონომიკური ვარდნისა და სახელმწიფოთა უმრავლესობასთან საგარეო ვაჭრობის შემცირების ფონზე, ჩინეთში ექსპორტი 2.3-ჯერ - 207 მლნ-დან 477 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რის შემდეგაც მან საექსპორტო პარტნიორებში 14.3%-იანი წილით პირველი ადგილი დაიკავა.
ჩინეთმა პირველი ადგილის შენარჩუნება 2021 და 2022 წლებშიც მოახერხა. 2023 წლის იანვარ-მაისში კი ვარდნის შემდეგ მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.
გრაფიკი 1: ექსპორტი ჩინეთში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ჩინეთში ექსპორტზე ძირითადად სპილენძის მადნები და კონცენტრატები გადის. 2014 წლიდან მოყოლებული, თითოეულ წელს, სპილენძის მადნების წილი თანხობრივად მინიმუმ 74%-ს შეადგენს.
ერთ სახელმწიფოზე, ან ერთ პროდუქციაზე მაღალი დამოკიდებულება ყოველთვის რისკის შემცველია. ჩინეთს რუსეთისგან განსხვავებით ემბარგო არ გამოუცხადებია, მაგრამ სპილენძის მადნებზე შემცირებულმა მოთხოვნამ და ფასმა ექსპორტზე უარყოფითი გავლენა იქონია. თუ 2022 წელს 1 ტონა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების საექსპორტო ღირებულება 2133 დოლარს შეადგენდა, 2023 წელს მისი ფასი 1870 დოლარამდე შემცირდა.
გრაფიკი 2: ექსპორტის სტრუქტურა ჩინეთში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2022 წელს, ჩინეთში ექსპორტირებული პროდუქციიდან მეორე ადგილი - 81 მლნ დოლარით, ძვირფასი ლითონის მადნებმა დაიკავა. 22 მლნ დოლარით სამედიცინო მოწყობილობები მესამე ადგილზე გავიდა, ღვინო კი მხოლოდ 12.5 მლნ-ის გაიყიდა, რაც წილობრივად 1.7%-ია. 2019 წელს ღვინის ექსპორტი ჩინეთში 19 მლნ-ს აღწევდა და მისი წილი 8.4%-ს შეადგენდა.
2023 წლის 5 თვის მონაცემებითაც ჩინეთში საექსპორტო პროდუქციაში 22 მლნ-ით მეორე ადგილი ძვირფასმა ლითონებმა დაიკავა, 12 მლნ-ით მესამე ადგილი სამედიცინო მოწყობილობებმა, ხოლო ღვინის ექსპორტი 5.1 მლნ დოლარით ისევ მეოთხე ადგილს დასჯერდა.
2022 წლის იანვარ-მაისში ჩინეთში ექსპორტზე 297 მლნ-ის სპილენძის მადნები და 66 მლნ-ის დანარჩენი პროდუქცია გავიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 144 მლნ-ის სპილენძის მადნები და 49 მლნ-ის დანარჩენი პროდუქცია. მართალია კლება სხვა მიმართულებითაც დაფიქსირდა, მაგრამ ვარდნაში დიდი წვლილი მაინც სპილენძის მადნებზე მოდის.
ტარიფებისა და კვოტების გაუქმება, სხვა თანაბარ პირობებში საგარეო ვაჭრობას ნამდვილად ახალისებს, თუმცა ყველაფერს სატარიფო პოლიტიკა არ წყვეტს. ექსპორტისთვის ასევე აუცილებელია პროდუქციაზე მოთხოვნის არსებობა და ექსპორტიორის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება. რისკების შემცირებისთვის მნიშვნელოვანია დივერსიფიცირებაც. ჩინეთის მაგალითზე ექსპორტის განახევრება, სპილენძის მადნებზე ძალიან მაღალმა დამოკიდებულებამ გამოიწვია.
გენადი არველაძის განცხადების ის ნაწილი, სადაც ის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჩინეთში ექსპორტის გაორმაგებაზე საუბრობს, სიმართლეს შეესაბამება, თუმცა სიმართლეა ისიც, რომ ჩინეთში ექსპორტი სწრაფი ტემპით ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლამდეც იზრდებოდა და ისიც, რომ ამ ხელშეკრულების მოქმედების პირობებში, მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში, ჩინეთში ექსპორტი განახევრდა. კონტექსტის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ გენადი არველაძის განცხადება შეაფასა როგორც - მეტწილად სიმართლე.