გასულ წელს სრულად აღდგა 2019 წლის მდგომარეობა, 2022 წლის მონაცემებით, 3.9 მლნ ვიზიტი განხორციელდა აჭარაში

თორნიკე რიჟვაძე: გასულ წელს სრულად აღდგა 2019 წლის მდგომარეობა, 2022 წლის მონაცემებით 3.9 მლნ ვიზიტი განხორციელდა აჭარაში. რაც შეეხება პირველი კვარტლის მონაცემებს, გაორმაგებულია და ჯამში შეადგენს 773 000 ვიზიტს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ეს აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს 43%-ით.

ვერდიქტი: თორნიკე რიჟვაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: 2022 წელს აჭარაში შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების ჯამური რაოდენობა შეადგენდა 3 908 700 ვიზიტს, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან, 4 249 200 ვიზიტთან მიმართებით, შემცირებულია 8.0 %-ით. აღდგენილია 2019 წლის ვიზიტების 92.0%. 2023 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) აჭარაში 774 000 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (541 500 ვიზიტი) მიმართებით, 43%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან (641 100 ვიზიტი) მიმართებით, ზრდა 21%-ს შეადგენს (იგულისხმება რეზიდენტი და არარეზიდენტი ვიზიტორები ერთად).

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების რაოდენობა გაორმაგებულია. გაურკვეველია, რას გულისხმობს ის გაორმაგებაში, თუმცა რიცხვების შედარებისას, ზრდის პროცენტულ მაჩვენებელს სწორად ასახელებს. ასევე გარკვეული უზუსტობაა, როცა ამბობს, რომ 2022 წლის მონაცემებით, 2019 წლის მდგომარეობა სრულად აღდგა. სინამდვილეში, გასულ წელს აღდგენის მაჩვენებელი, დაახლოებით, 92% იყო. ამდენად, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას ფაქტ-მეტრი აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

ანალიზი: აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: „გასულ წელს სრულად აღდგა 2019 წლის მდგომარეობა, 2022 წლის მონაცემებით 3.9 მლნ ვიზიტი განხორციელდა აჭარაში. რაც შეეხება პირველი კვარტლის მონაცემებს, გაორმაგებულია და ჯამში შეადგენს 773 000 ვიზიტს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ეს აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს 43%-ით“.

„ფაქტ-მეტრი“ განცხადებით დაინტერესდა. დასახელებული მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გვერდზე გადავამოწმეთ. ამასთანავე, ინფორმაცია გამოვითხოვეთ აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან. როგორც ირკვევა, საანგარიშო პერიოდში აჭარა ყველაზე მეტმა საერთაშორისო ვიზიტორმა 2019 წლის მესამე კვარტალში მოინახულა.

ცხრილი 1. უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა აჭარაში, 2019 - 2023 წლები

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ავტორის გამოთვლები 1

შენიშვნა: ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკური გამოკვლევის საველე სამუშაოები დროებით შეჩერებული იყო. შესაბამისად, 2020 წლის II კვარტლიდან 2021 წლის IV კვარტლის ჩათვლით, მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.

როგორც ვხედავთ, 2022 წელს უცხოელ ვიზიტორთა წლიური რაოდენობა 2 073 900 იყო. 2019 წელს კი აჭარა, დაახლოებით, 2 268 900-მა არარეზიდენტმა ვიზიტორმა მოინახულა. 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებით, შარშანდელი პარამეტრები 8.6%-ით შემცირდა და 2019 წლის მაჩვენებლის 91.4%-ია აღდგენილი.

რაც შეეხება შიდა ვიზიტებს, 2022 წლის ჯამური მაჩვენებელი ნაკლებია, ვიდრე 2019 და 2021 წლების მაჩვენებლები და მხოლოდ 2020 (პანდემიური) წლის რაოდენობას აღემატება.

ცხრილი 2. შიდა ვიზიტების რაოდენობა აჭარაში, 2019-2023 წლები

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ავტორის გამოთვლები 2

შარშან შიდა ვიზიტების რაოდენობამ 1 834 800 შეადგინა, ხოლო 2019 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ 1 980 479 ვიზიტი განხორციელდა. ამდენად, 2022 წელს აჭარაში განხორციელებული შიდა ვიზიტების რაოდენობა, 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებით, შემცირებულია 7.3 % - ით. აღდგენილია 2019 წლის მაჩვენებლის 93%.

შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების ჯამური რაოდენობა 2022 წელს შეადგენდა 3 908 700 ვიზიტს, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან, 4 249 200 ვიზიტთან მიმართებით, შემცირებულია 8.0 %-ით. აღდგენილია 2019 წლის ვიზიტების რაოდენობის 92.0%. დანართი 1

2023 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) აჭარაში, ჯამში, 774 000 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (541 500 ვიზიტი) მიმართებით, 43%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან (641 100 ვიზიტი) მიმართებით, ზრდა 21%-ს შეადგენს (იგულისხმება რეზიდენტი და არარეზიდენტი ვიზიტორები ერთად). დანართი 2

შენიშვნა 1; 2: უწყების მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში მითითებულია საშუალო თვიური მონაცემები, რაც იწვევს უმნიშვნელო განსხვავებას ჩვენ მიერ დაჯამებულ და პასუხში მითითებულ მაჩვენებლებს შორის.

ინფორმაციისთვის: საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტები არ მოიცავს აჭარაში საქართველოს სხვა რეგიონებიდან განხორციელებულ ვიზიტებს და ასახავს მხოლოდ აჭარის ა/რ ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის (სგპ სარფი, ბათუმის პორტი, ბათუმის აეროპორტი) მონაცემებს. ცხრილებში მოცემულია 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი და საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ აჭარის რეგიონში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა.