სოციალურ ქსელში ვრცელდება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ფოტო, თანდართული ტექსტით, თითქოს აღნიშნული ციტატა ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის: „რუსი ხალხი პატივისცემას იმსახურებს, ის ისტორიულად ჩვენი მოძმე ერია“.

არც ერთ ღია წყაროში, არც ერთ მედიასაშუალების პლატფორმასა თუ თავად ირაკლი კობახიძის facebook-გვერდზე, აღნიშნული განცხადება არ იძებნება.

ირაკლი კობახიძეს რუს ტურისტებთან დაკავშირებით აქამდე რამდენჯერმე გაუკეთებია განცხადება, სადაც იგი რუსეთის მოქალაქეების მიმართ ნეგატიურ განწყობას ანტისემიტიზმს ადარებდა. თუმცა, საგულისხმოა, რომ არც ერთ ამ განცხადებაში ირაკლი კობახიძეს რუსები მოძმე ერად არ მოუხსენიებია.

სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების გაყალბებული განცხადებები ხშირად ვრცელდება. „ფაქტ-მეტრს“ ყალბი ციტატა, რომელსაც ირაკლი კობახიძეს მიაწერდნენ, აქამდეც გადაუმოწმებია.

--------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.