სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიშის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ლისზე არსებულ სკულპტურასთან დაკავშირებით. „ამ **თლახებმა გუშინ ლისის ტბაზე დადგეს სატანის, იგივე მოლოხის (ბაფომეტის, ბაალის) კერპი, რასაც ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად ქრისტიანობამდე წარმართულ პერიოდში. თან მოსახლეობას დაუგზავნეს სმს-ები და ბავშვები მიიწვიეს ამ სატანისტურ ცერემონიაზე“,- წერია პოსტში. რეალურად, აღნიშნული ინსტალაცია უკვე რამდენიმე წელია ლისის ტერიტორიაზე დგას და ის თბილისის პრაიდ-ფესტივალს არ უკავშირდება.

Facebook-ის პოსტის ავტორის თქმით, ლისზე აღმართული სკულპტურა წარმართული ღვთაება მოლოქია, რომელსაც თაყვანისმცემლები მსხვერპლად თავიანთ ძეებსა და ასულებს სწირავდნენ (იხილეთ ფოტოები). „მეორე სურათში ასახულია სატანისტური ცერემონიალი, რაც არსებობდა ქრისტიანობამდე წარმართულ ქვეყნებში, ბავშვების ცოცხლად მსხვერპლშეწირვა მოლოხისთვის, გავარვარებულ ლითონის ცხოველისთვის ახალდაბადებულ ბავშვის ხელებში გადაცემა. აი, ამ მოლოხის კერპი აღმართეს გუშინ სატანისტებმა ლისის ტბაზე, რაც ქართველმა ხალხმა დაანგრია. ყოჩაღ ამ ქართველებს!“,- აღნიშნულია პოსტში.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, „ფაქტ-მეტრი“ თბილისი პრაიდის თანადამფუძნებელ, მარიამ კვარაცხელიას დაუკავშირდა. სატელეფონო საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სკულპტურა უკვე რამდენიმე წელია ლისის ტერიტორიაზე დგას და მისი აღმართვა თბილისი პრაიდს არ უკავშირდება. ამავდროულად, მისი თქმით, სკულპტურა დგას ტერიტორიაზე, რომელიც თბილისი პრაიდ-ფესტივალისთვის გამოყოფილი საერთოდ არ ყოფილა.

სოციალურ ქსელში აღნიშნულ თემაზე გავრცელებულ ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში მომხმარებელი წერს, რომ სკულპტურა Open Air-ის, ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის, სცენაზეა წარმოდგენილი.

ქეთა დონაძე, EYESTAGE-ის თანადამფუძნებელი, "ნეტგაზეთს" განუმარტავს, რომ ქანდაკება Open Air-ის ერთ-ერთი სცენის (EYESTAGE) დეკორაციული ინსტალაცია იყო. მისი თქმით, ქანდაკება წარმოადგენს ინდიელ ბელადს, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სატანიზმთან.

სკულპტურა თბილისი პრაიდის ფესტივალისთვის არ შექმნილა, რასაც ასევე ადასტურებს Tbilisi Open Air-ის ოფიციალურ გვერდზე 23 ივნისს გამოქვეყნებული პოსტი. პირველ ფოტოზე სწორედ აღნიშნული სკულპტურაა წარმოდგენილი:

ამდენად, პოსტის მტკიცება, რომ ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკულპტურა თბილისის პრაიდის ორგანიზატორებმა აღმართეს, მცდარია.

რედაქტორის შენიშვნა:სტატია განახლდა 11 ივლისს, მას დაემატა EYESTAGE-ის თანადამფუძნებლის, ქეთა დონაძის განმარტება, რომელიც მან "ნეტგაზეთთან" გააკეთა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.