გიორგი კაკაურიძე: 2022 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გეგმის 100.6%-ით შესრულდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი კაკაურიძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: 2022 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 16.357 მლრდ ლარით დაიგეგმა, რეალურმა შესრულებამ 0.6%-ით მეტი - 16.450 მლრდ შეადგინა. გეგმის შესრულების მაჩვენებელმა პუნქტობრივად ჩაშლილ მონაცემებშიც 100%-ს მიაღწია ან გადააჭარბა.
ანალიზი: 28 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე ისაუბრა, კერძოდ, მან განაცხადა: „სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა გასულ წელს შეადგინა 16.450 მლრდ ლარი, შესრულდა 100.6%-ით. მათ შორის გადასახადები იყო 14.977 მლრდ ლარი, 100.1%-იანი შესრულების მაჩვენებელი. გრანტები 359 მლნ ლარზე მეტი, რაც არის 104.8%, ხოლო სხვა შემოსავლების კუთხით მივიღეთ 1.115 მლრდ ლარამდე, რაც 106%-იანი შესრულების მაჩვენებელია“.
ბიუჯეტის შემოსულობები 4 ნაწილისგან შედგება: შემოსავლები, არაფინანსური აქტივების კლება (პრივატიზაცია), ფინანსური აქტივების კლება და ვალდებულებების ზრდა. ყველაზე დიდი წილი მასში შემოსავლებს უკავია. პანდემიამდე - 2017-2019 წლებში, შემოსავლების წილს მთლიან ბიუჯეტში 81%-83% ეკავა. 2020 წელს ეკონომიკური აქტივობის კლებისა და რეკორდული ვალის აღების გამო მისი წილი 58%-მდე შემცირდა, 2022 წელს კი კვლავ 80%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდა.
2022 წლის ბიუჯეტში შემოსავლების ნაწილი 16.357 მლრდ ლარით განისაზღვრა. დაზუსტებული ანგარიშგების თანახმად, შემოსავლების რეალურმა მოცულობამ დაგეგმილზე 0.6%-ით მეტი - 16.450 მლრდ ლარი შეადგინა.
შემოსავლებიც თავის მხრივ რამდენიმე მუხლს აერთიანებს, საიდანაც უმთავრესი გადასახადებია. 2022 წელს გადასახადების სახით 14.965 მლრდ ლარის მობილიზება იყო დაგეგმილი, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ 0.1%-ით მეტი - 14.977 მლრდ ლარი შეადგინა. დღგ-ს, საშემოსავლოსა და იმპორტის გადასახადის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, მოგების გადასახადის ზუსტად, აქციზისა და სხვა გადასახადების შემთხვევაში ფაქტობრივი შესრულების მაჩვენებელი გეგმას ჩამორჩა.
ცხრილი 1: სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი
წყარო: სახელმწიფო ხაზინა (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო)
შემოსავლებისგან განსხვავებით, პრივატიზაციის ნაწილში გეგმა მხოლოდ 67.6%-ით შესრულდა - 202 მლნ ლარით, დაგეგმილ 300 მლნ-ს ნაცვლად.
არაფინანსური აქტივების კლების მუხლის შესრულების მაჩვენებელმა 96.2%-ს მიაღწია - 144 მლნ, დაგეგმილ 150 მლნ-ს ნაცვლად.
ვალდებულებების ზრდის ნაწილში, გეგმა 102.5%-ით შესრულდა - 3.732 მლრდ 3.642 მლრდ-ს ნაცვლად. მათ შორის, საშინაო ვალდებულებების ზრდის გეგმა 103.6%-ით იქნა შესრულებული - 1.346 მლრდ 1.300 მლრდ ლარის ნაცვლად, ხოლო საგარეო ვალდებულებების ზრდის გეგმა 101.9%-ით - 2.386 მლრდ ლარით, 2.342 მლრდ-ის ნაცვლად.
2022 წელს სულ შემოსულობებმა დაგეგმილ 20.449 მლრდ ლარს 0.5%-ით გადააჭარბა და 20.549 მლრდ ლარს მიაღწია.
რაც შეეხება გადასახდელების (ხარჯები, არაფინანსური აქტივების ზრდა, ფინანსური აქტივების ზრდა, ვალდებულებების კლება) მაჩვენებელს ის გეგმის 99.9%-იანი მაჩვენებლით შესრულდა - 20.186 მლრდ-ის ნაცვლად 20.163 მლრდ ლარით.
როგორც შემოსულობების, ასევე გადასახდელების ნაწილში, შესრულების ფაქტობრივი მაჩვენებელი ძირითადად 100%-ის ფარგლებშია - გეგმას ან აჭარბებს, ან მცირედით ჩამორჩება (გამონაკლისი პრივატიზაციაა). თავის გამოსვლაში გიორგი კაკაურიძემ ხარჯვით ნაწილზეც დეტალურად ისაუბრა, რაც შემოსავლების ნაწილის მსგავსად სიმართლეს შეესაბამებოდა.
პარლამენტს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ოქტომბრამდე ეგზავნება, რომელიც შესაბამისი საკომიტეტო განხილვების, ცვლილებებისა და ხელახალი წარდგენის შემდეგ დეკემბრის მესამე პარასკევამდე მტკიცდება, თუმცა კანონი მომდევნო წლის განმავლობაში კორექტირების საშუალებას იძლევა. 2022 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებებით, ასაღები ვალის გარდა, თითქმის ყველა პუნქტი გაიზარდა. შესაბამისად, ფაქტობრივმა შესრულებამ თავდაპირველ გეგმას უფრო მეტად გადააჭარბა. რადგან ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში, რიცხვები უფრო გაზრდილი იყო, გიორგი კაკაურიძის განცხადება შესრულების გეგმასთან დაკავშირებით, მანიპულირებად ვერ ჩაითვლება. გეგმა ცვლილებების გარეშეც შესრულებულად ჩაითვლებოდა.