ირაკლი კობახიძე: უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი არის არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
რეზიუმე: ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაზე არის პასუხისმგებელი არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა, ფაქტობრივად სიმართლეს შეესაბამება. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტაში მთავარ რგოლს მთავრობა წარმოადგენს. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სალომე ზურაბიშვილს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა თავისი კომპეტენციის ფარგლებში არ მოუთხოვია. კერძოდ, პრეზიდენტმა სწორედ პრემიერ-მინისტრს მოუწოდა საბჭოს მოწვევისკენ, ვინაიდან რუსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ მან საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირება და ინფორმაციის მიღება ვერ შეძლო. ეს კი არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ პრეზიდენტი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარ კომპეტენციაში ვერ ერკვევა.
თავისი განცხადებით, ირაკლი კობახიძემ ხელოვნურად შემოიტანა თემა პრეზიდენტის კომპეტენციაზე იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც თავად სალომე ზურაბიშვილს სადავო არც გაუხდია. ამით მან შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს პრეზიდენტი საკუთარ უფლებამოსილებებში ვერ ერკვევა და მთავრობის კომპეტენციაში ერევა. ვინაიდან მსგავს შემთხვევას „ფაქტ-მეტრის“ არცერთი ვერდიქტი არ მიესადაგება, განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ და მხოლოდ ვითარების ანალიზით შემოვიფარგლებით.
ანალიზი
23 ივნისს, საღამოს, სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის რეგულარულმა არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა „ვაგნერის“ ბანაკებზე, რის გამოც ის „სამართლიანობის აღსადგენად“, 25 000 მებრძოლით რუსეთის დედაქალაქისკენ გაემართა. დაჯგუფების თქმით, მათი მიზანი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის დასჯა იყო. გზად „ვაგნერმა” როსტოვი და ვორონეჟის ნაწილი აიღო. დაჯგუფების მებრძოლებმა ჩამოაგდეს IL-22M თვითმფრინავი და რუსეთის არმიის ექვსი ვერტმფრენი, 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს ამბოხება, ღალატი და ზურგიდან დარტყმა უწოდა, ხოლო რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
24 ივნისს პრიგოჟინმა ამბოხი იმ დროს შეაჩერა, როცა, მისივე თქმით, მოსკოვს თითქმის 200 კილომეტრით მიუახლოვდა. მიზეზად მან „სისხლისღვრის საფრთხე“ დაასახელა და „საველე ბანაკებში“ დაბრუნების შესახებ განაცხადა.
პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის პრეზიდენტის ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა. ლუკაშენკოს თქმით, ამბოხის შეწყვეტის სანაცვლოდ „ვაგნერის“ წევრებს ამბოხისთვის არ დასჯიდნენ და საშუალებას მისცემდნენ, საქმიანობა ბელარუსში გაეგრძელებინათ.
26 ივნისს, სატელევიზიო მიმართვისას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ „ვაგნერელებს“ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში ინტეგრირება ან ბელარუსში წასვლა შეუძლიათ.
აღსანიშნავია, რომ „ვაგნერის“ ამბოხების პარალელურად, დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვიდან პირდაპირი ფრენების ბილეთები მთლიანად გაიყიდა. გამოცემა „დერ შპიგელის“ ცნობით, მოსკოვიდან თბილისის, ასტანასა და სტამბულის მიმართულებით პირდაპირი ბილეთები ხელმისაწვდომი აღარ იყო.
რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო, 24 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა.
ზურაბიშვილის თქმით, რუსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირება და ინფორმაციის მიღება სცადა, თუმცა მათგან ინფორმაცია ვერ მიიღო, ზოგ შემთხვევაში კი დაკავშირებაც ვერ მოხერხდა.
პრეზიდენტის თქმით, საბჭოს რუსეთთან საზღვარზე კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა უნდა განეხილა: „რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ ფორმატში, დრო აღარ ითმენს. ერთია საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა, მეორე არის სანქცირებული პირების სიების გამოყენება საზღვარზე, ანუ იმ სიების, რომელიც არსებობს და ჩვენი პარტნიორები ამ სიებს აკონტროლებენ“.
პრეზიდენტს მეორე დღეს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და აღნიშნა, რომ რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოში უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა და საზღვრების ჩაკეტვა „სისულელე იქნებოდა“. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მეხუთე წელს მაინც უნდა გაათვითცნობიეროს, რომ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაზე არის პასუხისმგებელი არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა“.
„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება გადაამოწმა.
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებს, ამ პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესს და მისი დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებების უფლებამოსილებებს განსაზღვრავს კანონი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“. ამ კანონის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტაში მთავარ რგოლს მთავრობა წარმოადგენს.
ამავე კანონის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოც, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის სფეროში მთავარ მაკოორდინირებელ ერთეულს წარმოადგენს, უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2019 წელს, ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ საკითხებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმირებისა და მის მიერ მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილებების მომზადების, სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მიზნით შეიქმნა. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომელსაც ჰყავს მუდმივი და მოწვეული წევრები. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნას საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნომინირებული და მისი ნდობით აღჭურვილი პირი.
საბჭოს სხდომა, როგორც წესი, 3 თვეში ერთხელ იმართება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი უძღვება. სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარი ინიციატივით, ან საბჭოს მუდმივი წევრის მოთხოვნით იწვევს.
საბჭოს დანიშნულება და მისი უფლებამოსილებები განსაზღვრულია საქართველოს კანონით „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“.
კანონის თანახმად, საბჭო:
ა) განიხილავს და აანალიზებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას;
ბ) ეცნობა და აანალიზებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, ახდენს საფრთხეების იდენტიფიცირებასა და შეფასებას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს ამ საფრთხეების თავიდან აცილებისა და აღკვეთისთვის საჭირო ზომების მიღების შესახებ;
გ) განიხილავს და აანალიზებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, აფასებს შესაბამის საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვას;
და ა.შ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაზე არის პასუხისმგებელი არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა, ფაქტობრივად სიმართლეს შეესაბამება. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სალომე ზურაბიშვილს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა თავისი კომპეტენციის ფარგლებში არ მოუთხოვია. კერძოდ, მან სწორედ პრემიერ-მინისტრს მოუწოდა საბჭოს მოწვევისკენ, ვინაიდან რუსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ მან საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირება და ინფორმაციის მიღება ვერ შეძლო. ეს კი არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ პრეზიდენტი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარ კომპეტენციაში ვერ ერკვევა.
აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტის მოწოდება საფუძველს მოკლებული არ ყოფილა, თუკი გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მეზობელ სახელმწიფოში, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი ოკუპირებული აქვს, ადგილი ჰქონდა ამბოხს. ამბოხის გაგრძელების შემთხვევაში კი საქართველო, უსაფრთხოების თვალსაზრისით, შესაძლოა, არაერთი სახის გამოწვევის წინაშე დამდგარიყო.
თავისი განცხადებით, ირაკლი კობახიძემ ხელოვნურად შემოიტანა თემა პრეზიდენტის კომპეტენციაზე საკუთარ უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით, რაც სალომე ზურაბიშვილს სადავო არც გაუხდია. ამით მან შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს პრეზიდენტი საკუთარ უფლებამოსილებებში ვერ ერკვევა და მთავრობის კომპეტენციაში ერევა. ვინაიდან მსგავს შემთხვევას „ფაქტ-მეტრის“ არცერთი ვერდიქტი არ მიესადაგება, განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.