2023 წლის იანვარ-მაისში, ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18.6%-ით - 2.110 მლრდ-დან 2.503 მლრდ-მდე გაიზარდა, თუმცა ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) პირიქით, 22.9%-ით - 1.598 მლრდ-დან 1.232 მლრდ დოლარამდე შემცირდა. შედეგად რეექსპორტის მოცულობამ, რომელიც თავის მხრივ, ძირითადად მსუბუქი ავტომობილების ხარჯზე 148%-ით - 513 მლნ-დან 1.270 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, წმინდა ექსპორტს გადააჭარბა.

ექსპორტი ორი ნაწილისგან შედგება: ადგილობრივი ექსპორტი და რეექსპორტი. დამატებით ღირებულებას რეექსპორტიც ქმნის, ცალკე აღებული მისი ზრდა პოზიტიური მოვლენაა, მაგრამ ეკონომიკური განვითარებისთვის, იქნება ეს სამუშაო ადგილების შექმნა, თუ რიგ შემთხვევაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, უფრო მნიშვნელოვანი ადგილობრივია ექსპორტია.

ქვეყნების მიხედვით, ადგილობრივი ექსპორტი თანხობრივად ყველაზე მეტად - 344 მლნ-დან 176 მლნ-მდე, ძირითადად სპილენძის მადნების ხარჯზე, ჩინეთში შემცირდა, რაც პროცენტულად 48.8%-იანი ვარდნაა. მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება აგრეთვე თურქეთის, ბულგარეთის, პერუს, შვეიცარიისა და უკრაინის მიმართულებით.

ევროკავშირის ქვეყნებში ჯამურად 6.6%-იანი კლება ფიქსირდება, 305 მლნ-დან 285 მლნ დოლარამდე. შეერთებულ შტატებში კი 87%-იანი ვარდნა - 138 მლნ-დან 17.7 მლნ დოლარამდე. ამ ყველაფრის შემდეგ დსთ-ს სივრცეში დაფიქსირებული 6.9%-იანი მატება - 396 მლნ-დან 423 მლნ-მდე, ჯამური ადგილობრივი ექსპორტის ზრდისათვის არასაკმარისი აღმოჩნდა.

გრაფიკი 1: ადგილობრივი ექსპორტი სახელმწიფოების მიხედვით (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მთლიან ექსპორტში (რეექსპორტის ჩათვლით) რუსეთს 11.2%-იანი წილით, სომხეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ, მესამე ადგილი უკავია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 10%-იანი წილით ჩინეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ ასევე მესამე ადგილი ეკავა.

რუსეთზე დამოკიდებულება ბევრად უფრო დიდი ადგილობრივ ექსპორტშია. თუ 2022 წლის იანვარ-მაისში რუსეთის წილი წმინდა ექსპორტში 11.7%-ს შეადგენდა და ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებდა, 1 წლის თავზე მისი წილი 17.8%-მდე გაიზარდა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. თავის მხრივ ჩინეთის წილი 21.5%-დან 14.3%-მდე შემცირდა.

ადგილობრივი ექსპორტის კლება, ძირითადად წიაღისეულზე მოთხოვნის შემცირებამ გამოიწვია. სპილენძის მადნების ექსპორტი 466 მლნ-დან 311 მლნ დოლარამდე შემცირდა, ფეროშენადნობების კიდევ უფრო მეტად - 280 მლნ-დან 86 მლნ დოლარამდე. მნიშვნელოვნად 153 მლნ-დან 86 მლნ-მდეა შემცირებული აზოტოვანი სასუქების ექსპორტიც. მათ საპირისპიროდ ზრდა შეინიშნება ღვინის, სპირტიანი სასმელებისა და მინერალური წყლების მიმართულებით.

გრაფიკი 2: ადგილობრივი ექსპორტი პროდუქციის მიხედვით (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მთლიანი ექსპორტის ზრდა, უმეტესწილად, ავტომობილების რეექსპორტმა გამოიწვია. იანვარ-მაისში ავტოექსპორტი 604 მლნ დოლარით - 191 მლნ-დან 795 მლნ-მდე გაიზარდა. თუ გასული წლის პირველ 5 თვეში ავტომობილების წილი ჯამურ ექსპორტში 9.1%-ს შეადგენდა, ანუ მეათედზე ნაკლებს, 2023 წლის პირველ 5 თვეში მისი წილი 31.8%-ს გაუტოლდა, ანუ თითქმის მესამედს.

მთლიანი რეექსპორტი 2022 წლის იანვარ-მაისში 513 მლნ-ს უდრიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 148%-ით მეტს - 1.270 მლრდ-ს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ადგილობრივი ექსპორტის შესახებ ცალკე გამოყოფილ ინფორმაციას 2014 წლიდან აქვეყნებს. განვლილ პერიოდში (ყოველი წლის იანვარ-მაისში), ადგილობრივი ექსპორტის წილი 61%-78%-ის ფარგლებში მერყეობდა. 2022 წლის იანვარ-მაისში აღნიშნული მაჩვენებელი 75.7%-ს შეადგენდა, 2023 წლის პირველ 5 თვეში კი 49.2%-მდე შემცირდა, რაც მთელ პერიოდზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გრაფიკი 3: ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში იანვარ-მაისის პერიოდში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ტენდენცია ცალ-ცალკე თვეების მიხედვით გაანალიზებისას კიდევ უფრო შესამჩნევია. იანვარში ადგილობრივი ექსპორტის წილი 78% იყო, მაისში 47%. ადგილობრივი ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით, 232 მლნ-დან 259 მლნ-მდე მხოლოდ იანვარში გაიზარდა, რასაც თებერვალში 26%-იანი კლება მოჰყვა, მაისში კი ვარდნის ტემპმა 37%-ს მიაღწია. გასული წლის მაისში ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 390 მლნ დოლარს შეადგენდა, 2023 წლის მაისში 246 მლნ-ს.

ადგილობრივი ექსპორტი წილის კლება ერთდროულად ორმა ფაქტორმა გამოიწვია, თავად ადგილობრივი ექსპორტის მოცულობის შემცირებამ და რეექსპორტის ზრდამ. რეექსპორტის ზრდა პრაქტიკულად მთლიანად ავტოექსპორტის დამსახურებაა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის ვარდნა ძირითადად სამ პროდუქციაზე ნაწილდება: სპილენძის მადნებზე, ფეროშენადნობებსა და აზოტოვან სასუქებზე. ამ სამი დასახელების პროდუქციის ექსპორტზე გატანით მიღებულმა შემოსავალმა გასული წლის იანვარ-მაისში 899 მლნ დოლარი შეადგინა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 416 მლნ-ით ნაკლები - 483 მლნ. სხვა დასახელების პროდუქციის ექსპორტი მხოლოდ 50 მლნ-ით გაიზარდა, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა ძირითადი საექსპორტო სახეობების ნაწილში დაფიქსირებული კლების გადასაფარად და მთლიანობაში ადგილობრივი ექსპორტი 5 თვეში 366 მლნ-ით შემცირდა.

გლობალურ ბაზარზე შემცირებულია როგორც სპილენძის მადნების, ასევე ფეროშენადნობების ფასები. სპილენძის მადნების ექსპორტი თანხობრივად 33%-ით შემცირდა, ხოლო ტონაჟით 13%-ით. რაც იმას ნიშნავს რომ საექსპორტო ფასი შემცირებულია. უფრო კონკრეტულად, თუ 2022 წლის იანვარ-მაისში 1 ტონა სპილენძის მადნის საექსპორტო ფასი საშუალოდ 8688 დოლარს შეადგენდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 22%-ით 6777 დოლარამდე შემცირდა.

მდგომარეობა უფრო მძიმეა ფეროშენადნობის მიმართულებით, მისი ექსპორტი თანხობრივად 70%-ითაა შემცირებული, ტონაჟით 46%-ით. ფეროშენადნობის საშუალო საექსპორტო ფასი ტონაზე 43%-ით - 2163 დოლარიდან 1223 დოლარამდეა შემცირებული. რუსეთმა, 23 იანვრიდან, ქართული ფეროს იმპორტზე, დემპინგურ ფასებთან ბრძოლის მიზეზით, 21.5%-24.5%-იანი გადასახადი აამოქმედა, რამაც ამ ქვეყანაში ექსპორტზე უარყოფითად აისახა და პრაქტიკულად შეჩერდა. აღნიშნულმა წარმოების პრაქტიკულად შეჩერება განაპირობა. მცირე საწარმოები დაკეტილია. „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების მატების მოთხოვნით გაიფიცნენ. აპრილში ექსპორტზე მხოლოდ 2.6 მლნ-ის ღირებულების ფეროშენადნობი გავიდა, მაისში 2.1 მლნ-ის.

23%-ით ტონაზე 672-დან 516 დოლარამდეა აზოტოვანი სასუქების საშუალო საექსპორტო ფასი შემცირებული, რის გამოც მისი ექსპორტიც ტონაჟის მიხედვით - 27%-ით, ღირებულების მიხედვით კი 44%-ით შემცირდა.

ისევე როგორც ნავთობზე, ფიქსირებული ფასები არც სხვა რომელიმე ნედლეულზე არსებობს. მოთხოვნისა და მიწოდების ცვლილება მის ფასს ზრდის ან ამცირებს. როგორც წესი, ზრდას კლება მოსდევს და კლებას ზრდა, ოღონდ იმის წინასწარ ზუსტად განსაზღვრა სადამდე შემცირდება/გაიზრდება ფასები და რა დროს დადგება შემობრუნების წერტილი, შეუძლებელია.

შემცირებული ადგილობრივი ექსპორტი, გაზრდილი რეექსპორტის მიუხედავად, ეკონომიკური აქტივობის კლებას ნიშნავს. მასშტაბების გათვალისწინებით, საქართველოს ფასწარმოქმნაზე რაიმე ბერკეტი არ გააჩნია. თავად ის ფაქტი, რომ ადგილობრივ ექსპორტში, ნედლეულის ექსპორტის წილი მაღალია, ცალკე პრობლემაა. ბევრად მაღალი დამატებული ღირებულება საბოლოო პროდუქციის წარმოებით იქმნება, თუმცა საქართველოში საექსპორტოდ განკუთვნილი საბოლოო პროდუქტი, თუ არ ჩავთვლით ღვინოს, სპირტიან სასმელებსა და მინერალურ წყლებს, მხოლოდ მიზერული ოდენობით იწარმოება.


მსგავსი სიახლეები

5448 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი