სერგო ჩიხლაძე: ალდეს რეზოლუციაში წერია, რომ საბოტაჟს ეწევით ქვეყნის წინააღმდეგ, გაქვთ ოლიგარქიული რეჟიმი, არ ასრულებთ 12 რეკომენდაციას. ასევე ხელისუფლებას მოუწოდეს გვარამიას, სააკაშვილის, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება
ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, სერგო ჩიხლაძის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი:
2023 წლის 26-28 მაისს შვედეთში, სტოკჰოლმში, ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის - ალდეს ყრილობა გაიმართა.
ALDE ევროკავშირის წამყვან პარტიებს, მათ შორის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, ირლანდიის, ლუქსემბურგის, გერმანიის, ესტონეთის მმართველ პარტიებს, 100-ზე მეტ ევროპარლამენტარს, 6 ევროკომისარს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და 79 მოქმედ მინისტრს აერთიანებს.
28 მაისს ალდეს გაერთიანებამ მხარი დაუჭირა ,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ მიერ შემუშავებულ კრიტიკულ რეზოლუციას.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები თვლიან, რომ ალდეს რეზოლუცია ოპოზიციის მიერ ქვეყნის საბოტაჟის მცდელობაა და ის რეალობას არ ასახავს. პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ აღნიშნული რეზოლუცია ნათლად წარმოაჩენს დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის მიმართ.
,,ორი დღის წინ ალდეს რეზოლუცია 1000-მა დელეგატმა და 44-მა ევროპულმა პარტიამ რომ მიიღო, ზუსტად იქ წერია, რომ საბოტაჟს ეწევით ქვეყნის წინააღმდეგ, იმიტომ რომ გაქვთ ოლიგარქიული რეჟიმი, იმიტომ რომ არ ასრულებთ 12 რეკომენდაციას, ასევე მოუწოდეს ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება ხელისუფლებას,’’ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
,,ფაქტ-მეტრმა’’ სერგო ჩიხლაძის განცხადება გადაამოწმა.
უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ალდეს რეზოლუციაში გამოხატულია ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ამბიციის მიმართ, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი. მხარდაჭერა, 12 რეკომენდაციის შესრულების შემდეგ, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც მიემართება. ამასთან, რეზოლუციაში გაკრიტიკებულია ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯები და წარმოდგენილია შესაბამისი მოწოდებები.
კერძოდ გაკრიტიკებულია:
·საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ რუსული ავიახაზებისთვის ნებართვის გაცემის შესახებ, რათა განახორციელონ ყოველდღიური ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის.
·ქართველი ჩინოვნიკების ის განცხადებები, რომლებითაც ისინი დასავლეთს ადანაშაულებენ, რომ ის საქართველოს ომში ,,ჩათრევას“ ცდილობს, რითაც საფრთხე ექმნება ევროკავშირის იმიჯს.
·საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ქვეყანაში შემოშვება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დასავლეთის მიერ სანქცირებული არიან.
·საქართველოს მთავრობის პოზიცია რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.
რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველ პარტია „ქართულ
ოცნებას”:
·თანხვედრილი იყოს ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ ავიაციის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან და ფხიზლად იყოს სანქციებისთვის თავის არიდების პოტენციურ მცდელობებთან მიმართებით;
·შეწყვიტოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობით და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის შენარჩუნებით;
·შეწყვიტოს რუსეთთან ფლირტი მასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების პროაქტიური გაღრმავებით;
·შეწყვიტოს ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაციული კამპანიები;
·შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და გაათავისუფლოს ლაზარე გრიგორიადისი, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ალდეს რეზოლუციაში, სხვა მნიშვნელოვან მოწოდებებთან ერთად, ნათქვამია, რომ ხელისუფლება, 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობითა და ოლიგარქიული მმართველობის შენარჩუნებით, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს აწარმოებს. ამასთან, რეზოლუცია ლაზარე გრიგორიადისის, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოებულ დევნას პოლიტიკურს უწოდებს და მათ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულზე დაყრდნობით, ,,ფაქტ-მეტრი’’ სერგო ჩიხლაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.