სოციალურ ქსელში Facebook-ის მომხმარებელი ვიდეოს აზიარებს, სადაც, პოსტის მტკიცებით, გამოსახულია ხელოვნური საშვილოსნო. პოსტის ავტორი აღწერაში წერს: „სატანას ღმერთობა უნდა მაგრამ.... ამაზე მეტი საზიზღრობა რა უნდა იყოს. ხელოვნური საშვილოსნო“. რეალურად, ვიდეოში ნაჩვენებია ბავშვის გაჩენის სიმულაცია, რეალისტური თოჯინების გამოყენებით.

აღნიშნული ვიდეო თავდაპირველად 2022 წლის 8 ივლისს Twitter-ზე მომხმარებელ „Outsider“-ის მიერ იქნა გაზიარებული. ვიდეოს თან ახლავს წარწერა ჩინურ ენაზე: „უახლოეს მომავალში ქალებს აღარ მოუწევთ ორსულობის პერიოდში საკუთარი ბავშვის ტარება, ჩვილების გაზრდა უკვე ჩანთაში შეიძლება. ნებას რთავენ თუ არა ისინი კლონირების პროცედურებს? მამხილებელთა თქმით, ეს ტექნოლოგია უკვე ბევრი წელია გამოიყენება“.

ვიდეოს ორიგინალი ვერსია ბრაზილიელმა კონტენტის შემქმნელმა Sweet Carol-მა, რომლის ნამდვილი სახელია მარიან კაროლინა როსია, 2022 წლის 26 აპრილს გამოაქვეყნა. ორიგინალ ვიდეოში სწორედ როსი საუბრობს და - არა მამაკაცი, რომელიც ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვერსიაში ადამიანის კლონირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ფრანგული ფაქტების გადამამოწმებელი ორგანიზაცია AFP Fact Check, სწორედ მარიან კაროლინა როსს დაუკავშირდა. მისი თქმით, აღნიშნული ვიდეო მშობიარობის ASMR როლური თამაშის სიმულაციას წარმოადგენს, „ეს არ არის ადამიანის კლონი, ეს არის რეალისტური თოჯინა“-აღნიშნა როსიმ.

ASMR (ავტონომიურ-სენსორული მერიდიანული რეაქცია) ვიდეოების გამოქვეყნება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მათ სოციალურ ქსელებში ხშირად იყენებენ აუდიტორიის მოსაზიდად, აღსანიშნავია, რომ ASMR ვიდეოებისთვის დამახასიათებელია ხმები, რომლებიც ადამიანებს ამშვიდებს. მარიან კაროლინა როსი თავის თავს ე.წ. "ASMRtist" უწოდებს და მსგავს ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს.

ცნობისთვის, ადამიანის კლონირება ფიქციას წარმოადგენს. ამჟამად არ არსებობს მყარი სამეცნიერო მტკიცებულება, რომ ვინმეს მოეხდინა ადამიანის ემბრიონის კლონირება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.