ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო პერიოდში აეროპორტებში მგზავრთნაკადი წლიურად 30%-ით იზრდებოდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: 2016 წელს 2015 წელთან შედარებით, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში (თბილისის, ქუთაისის და ბათუმის) ჯამური მგზავრთნაკადი 26%-ით გაიზარდა, 2017 წელს 43%-ით, 2018 წელს 24%-ით, 2019 წელს 3%-ით. ზრდის ტემპის კლების უმთავრესი მიზეზი ივლისიდან რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შეწყვეტა გახდა. თუ იანვარ-ივნისში თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 11.6%-ით გაიზარდა, წლის მეორე ნახევარში 12.3%-ით შემცირდა.
პანდემიის შემდეგ, 2023 წლის პირველ კვარტალში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 33%-ით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 3%-ით გაიზარდა და 1.050 მლნ-ს მიაღწია.
ანალიზი:
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე, თბილისის ახალი აეროპორტის აშენების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა: (3:58-დან) „ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით, რომ ქვეყანაში მგზავრთნაკადის [აეროპორტებში] თითქმის 30%-იანი მატება გვაქვს“ ... „საქართველოს აეროპორტებიდან ხორციელდება პირდაპირი ფრენები მსოფლიოს 58 ქალაქში და რეგულარული საჰაერო მიმოსვლა გვაქვს მსოფლიოს 31 ქვეყანასთან.“
საქართველოში სულ სამი საერთაშორისო აეროპორტია: თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის. თბილისისა და ბათუმის აეროპორტში თურქული TAV ოპერირებს, ქუთაისის აეროპორტი სახელმწიფო საკუთრებაშია.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი ქვეყნის მთავარ აეროპორტად რჩება, პანდემიამდე, 2019 წელს მასზე მგზავრთნაკადის 71% მოდიოდა, 2022 წელს 68%. აეროპორტში 2005 წლის 31 ოქტომბრიდან თურქული TAV ოპერირებს, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ძალით 150 კმ-ის რადიუსში სხვა საერთაშორისო აეროპორტის აშენება 2027 წლამდე ქართულ მხარეს ეკრძალება.
ქუთაისის აეროპორტი, როგორც იაფიანი ალტერნატივა, ხელახლა აშენდა და 2012 წლის 27 სექტემბერს გაიხსნა. უნგრულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ევროპის ქალაქების მიმართულებით შედარებით ხელმისაწვდომ ფასად დაიწყო ფრენები. უკვე 2013 წელს მგზავრთნაკადმა 188 ათასს მიაღწია.
ბათუმის აეროპორტი, რომელშიც ასევე TAV ოპერირებს, 2018 წლამდე მგზავრთნაკადით მეორე ადგილს ინარჩუნებდა (გამონაკლისი 2014 წელი იყო), 2018 წლიდან კი მესამეზე გადაინაცვლა. 2019 წელს ბათუმის აეროპორტის წილი მგზავრთნაკადში 12%-ს შეადგენდა, 2023 წლის პირველ კვარტალში 14%-ს.
გრაფიკი 1: მგზავრთნაკადი საქართველოს აეროპორტებში
წყარო: საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
თუ პანდემიისა და კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, ბოლო წლებად 2016-2019 წლებს მივიჩნევთ, მაშინ წლიურად მგზავრთნაკადის 23%-იან ზრდას მივიღებთ, მათ შორის 19%-იანს თბილისში, 29%-იანს ბათუმში და 48%-იანს ქუთაისში.
ზრდის ტემპი ბევრად უფრო მაღალი 2021 და 2022 წლებში იყო, ოღონდ 2020-ის 84%-იანი ვარდნის ფონზე. აღნიშნული ბუნებრივია კოვიდ პანდემიის პერიოდში შეზღუდული მიმოსვლის ისევ აღდგენით გამოწვეული საბაზო ეფექტია.
უახლესი ტენდენციის ნიშნების გამოსავლენად უფრო რელევანტური 2023 წლის პირველი კვარტალია, რა დროსაც მგზავრთნაკადი დამატებით 33%-ით 1.050 მლნ-მდე გაიზარდა, რაც თავის მხრივ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით მეტია.
2023 წლის პირველ კვარტალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 714 ათას მგზავრს მოემსახურა. ეს მართალია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-იანი ზრდაა, თუმცა ჯერ კიდევ ვერ აღდგა პანდემიამდელი მაჩვენებელი. ზრდა, როგორც წინა წელთან, ასევე პანდემიამდელ მდგომარეობასთან ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში დაფიქსირდა. ბათუმის აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა 77 ათასს მიაღწია, რაც 2019 წელთან შედარებით 49%-იანი ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან 13%-იანი ზრდაა. რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, აქ მგზავრთა ნაკადმა 2023 წლის პირველ კვარტალში 253 ათასი შეადგინა და 2019 წლისა და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, ზრდის ტემპმა შესაბამისად 108%-სა და 61%-ს მიაღწია.
გრაფიკი 2: მგზავრთნაკადის საშუალო წლიური/კვარტალური ზრდის ტემპი
წყარო: საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთ საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდა. ამ მოვლენის გავლენა სტატისტიკაზეც აისახა - 2019 წელს ფრენების შეწყვეტამდე, ანუ ივნისამდე პერიოდში, თბილისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 11.6%-ით იყო გაზრდილი, ხოლო ფრენების შეწყვეტის შემდეგ იმდენად შემცირდა, რომ წლის ბოლოს დაფიქსირებული რიცხვი წინა წელთან შედარებით 3-%ით იყო შემცირებული. ამგვარმა შემცირებამ, ბუნებრივია, შეაფერხა მგზავრთა ნაკადის ზრდის ტემპი მთლიანად საქართველოს მასშტაბით, ვინაიდან მაშინ, როცა ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში თბილისის აეროპორტი, სავარაუდოდ, 4 მილიონ მგზავრს მოემსახურებოდა, წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3,692 მილიონი იყო.. ანალოგიური ვითარება იყო ბათუმის აეროპორტში, სადაც წლის პირველ ნახევარში 30%-იანი ზრდის შემდეგ, წლის მეორე ნახევარში მგზავრთნაკადი იმდენად შემცირდა, რომ წლის ბოლოს 8%-იანი კლება დაფიქსირდა. ამის მიუხედავად, ზრდა გააგრძელა ქუთაისის აეროპორტის მგზავრთა ნაკადმა და წლის განმავლობაში წინა წლის მაჩვენებელი 256 ათასით გააუმჯობესა. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ 2019 წელს, მიუხედავად რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტისა, საბოლოო ჯამში მთლიანად საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში დაფიქსირებული მგზავრთა ნაკადი მაინც გაზრდილიყო - 3%-ით.
2023 წლის 19 მაისიდან რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგა. ზუსტად რა გავლენას იქონიებს შეცვლილი გადაწყვეტილება რთული სათქმელია, ნებისმიერ შემთხვევაში დამატებითი შესაძლებლობის გაჩენამ მობილობა უნდა გაზარდოს, მაგრამ უცნობია რა მოცულობით. ბევრი რამ ისევ ომსა და სანქციებზეა დამოკიდებული: დასაშვებია როგორც რუსეთიდან მიგრაციის ზრდა, ასევე საზღვრების ყველასთვის ან მოქალაქეთა ნაწილისთვის ჩაკეტვა, სანქციების იმგვარად გაფართოება, რომ რუსულმა ავიაკომპანიებმა ვეღარ შეძლონ საქართველოში ფრენა და მოვლენათა სხვა, წინასწარ განუჭვრეტელი განვითარება. შესაბამისად, პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე, შეუძლებელია.
მიუხედავად ამისა უნდა აღინიშნოს, რომ არსებული დინამიკა მზარდია, რასაც პირველ კვარტალში დაფიქსირებულ 33%-იანი ზრდაც ადასტურებს.პანდემიამდე საშუალო წლიური ზრდა შედარებით ნაკლებს - 23%-ს შეადგენდა. პრემიერი თავის განცხადებაში აქცენტს თბილისის აეროპორტზე აკეთებს, სადაც ზრდის ტემპი, საშუალოდ, 19% იყო. განცხადებაში დასახელებული რიცხვისგან(30%), რეალური რიცხვები განსხვავდება, თუმცა განცხადება მეტ-ნაკლებად, ხოლო კონტექსტი - ზუსტია. შესაბამისად, ფაქტ-მეტრი პრემიერის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.