აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა 2022 წელს განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ მომზადდა სარფის, ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გვარასა და მუხაესტატეს ადმინისტრაციული ერთეულების განაშენიანების გეგმები; შემუშავდა შუახევის მუნიციპალიტეტის ჩირუხის მთის ტერიტორიის განაშენიანების კონცეფცია; დასრულდა სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე თემატური გამოფენა-ბაზრობის ავტოსადგომისა და ავტოპარკინგის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და კურორტ ბეშუმის გენერალური გეგმის განაშენიანების დეტალური გეგმისა და სანიტარული საზღვრის განსაზღვრისთვის საჭირო სამუშაოები; დასრულდა ხულოს მუნიციპალიტეტში მწვანე ტბის სარეკრეაციო ადგილის კეთილმოწყობის მეორე ეტაპის, ასევე, მწვანე ტბის სარეკრეაციო ადგილის მიმდებარედ სეზონური დასახლებებისა და ალპური ბოტანიკური ბაღის ელექტრომომარაგების პროექტი; სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, „ოცნების ქალაქში“ დასრულდა სამივე კორპუსის მზიდი და არამზიდი კონსტრუქციების მშენებლობა, ერთ კორპუსში დასრულდა შიდა მოპირკეთებითი სამუშაოები და მიმდინარეობს საკანალიზაციო-სანიაღვრე არხების დაერთება, გაზიფიკაცია, ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფა; აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირების ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა შუახევი - გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობას, განხორციელდა 6 713 გრძ. მ გაზსადენის მშენებლობა.
მინისტრმა შესრულებული სამუშაოები დადებით კონტექსტში წარმოაჩინა და არ ახსენა, რომ რამდენიმე პროექტი დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადები არაერთხელ გახანგრძლივდა. მაგალითად, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის პირველი ეტაპი, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, ჩირუხის მთის ტერიტორიის განაშენიანება და სხვა.
„ფაქტ-მეტრმა“ სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობაზე არაერთი სტატია გამოაქვეყნა. ბოლოს ამ საკითხს 2023 წლის იანვარში შევეხეთ. მაშინ უსაფრთხო საცხოვრებლის მომლოდინე ოჯახებში გაჩნდა იმედი, რომ მშენებლობა მალე დასრულდებოდა. მთავრობის თავმჯდომარეც აცხადებდა, რომ მშენებლობა დასკვნით ეტაპზე იყო. თუმცა 2021 წლის 13 ივლისის შემდეგ (პროექტის დასრულების ვადა ხელშეკრულების ცვლილებამდე) მრავალჯერ გახანგრძლივებული ვადა კიდევ დაირღვა და მშენებლობა კვლავაც „დასკვნით ეტაპზეა“. ამასობაში, სახელშეკრულებო ღირებულება, რომელიც თავდაპირველად 38 745 999 ლარით იყო განსაზღვრული, გაიზარდა და დღეს 39 115 034 ლარს შეადგენს. აქედან გადახდილია 87% ანუ 33 970 091 ლარი. ცალკე შესყიდვის ფარგლებში ხორციელდება გაზმომარაგების, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მონტაჟის სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 1 569 663 ლარია.
საერთოდ, სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის 2022 წლის გეგმა 18 656 000 ლარი იყო, საკასო შესრულებამ კი 9 192 400 ლარი შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ მთლიანი თანხის ნახევარზე მეტი ანუ 50.7% აუთვისებელი დარჩა. პროგრამას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს. ჩვენ უკვე დავწერეთ, რომ უწყებას 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა. ეს აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშიც. სამინისტრომ სრულად ვერ აითვისა ვერც აჭარის ტერიტორიაზე არსებული მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარების ხარჯი. კერძოდ, 1 074 900 ლარიდან, მხოლოდ 39.5% გაიხარჯა, რაც 424 800 ლარს შეადგენს. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში, უკვე განხორციელდა კურორტ ბეშუმის, გოდერძის უღელტეხილის არეალის გენერალური გეგმისა და ამ არეალში მოქცეული სამი ერთეული ტერიტორიის - კურორტ ბეშუმის, შქერნალის უბნისა და გოდერძის უღელტეხილის განაშენიანების დეტალური გეგმების, კურორტ ბეშუმის სანიტარული დაცვის ზონის დოკუმენტაციის შემუშავების და სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე თემატური გამოფენა-ბაზრობის, ავტოსადგურისა და ავტოპარკინგის მოწყობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სამუშაოების ძირითადი ნაწილი. მომსახურების შესყიდვის მიზნით, შპს „ნიუ სითი დეველოფმენთთან“ 847 830-ლარიანი ხელშეკრულება 2021 წლის 7 თებერვალს გაფორმდა. შემსყიდველმა პროექტი 2023 წლის 1 ივლისამდე უნდა ჩაიბაროს. სამუშაოები ექვს ფაზაც მოიცავს. არსებული მდგომარეობით, განხორციელებულია მეოთხე ფაზის ჩათვლით. კომპანიისთვის გადახდილია სრული ღირებულების 50% ანუ 423 915 ლარი. კურორტ გოდერძიზე გამოფენა-ბაზრობის, ავტოსადგურისა და პარკინგის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე, წელს ტენდერი ორჯერ გამოცხადდა (NAT230006404; NAT230009666), თუმცა არც ერთი არ შედგა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 597 900 ლარი იყო.
ქვეპროგრამა ასევე ითვალისწინებდა „ჩირუხის მთის ტურისტულ-სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების“ და „ღომას მთის ინფრასტრუქტურის განვითარების“ ღონისძიებების განხორციელებას. 2022 წლის 5 ოქტომბერს შუახევის მუნიციპალიტეტში ჩირუხის მთაზე, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, ზიპლაინის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი არ შედგა. კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტში მწვანე ტბის სარეკრეაციო ტერიტორიისა და ალპური ბოტანიკური ბაღის ელექტრომომარაგების, შემდგომში მიმდებარე სეზონური დასახლებების ელექტრომომარაგების უზრუნველყოფით, სამშენებლო სამუშაოებს ითვალისწინებს, დაანონსებულ ვადაზე გვიან დაიწყო, რადგან 2021 წლის ოქტომბერში გამოცხადებული ტენდერი შეწყდა. მეორედ 2022 წლის აპრილში გამოცხადდა, უკვე გაზრდილი ღირებულებით. სამუშაოები 2022 წლის 1 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო. შარშან ნოემბერში მხარეები ვადის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. კომპანიამ სამუშაოები მიმდინარე წლის 30 ივნისამდე უნდა დაასრულოს. თუმცა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე მითითებულია, რომ პროექტის მთლიანი ღირებულება უკვე გადახდილია. საბოლოო მიღება ჩაბარების აქტი ატვირთული ჯერ არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, პროექტი არა 2022 წლის ბოლოს ვერ დასრულდა.
2021 წლის 12 ივნისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულებულიყო შუახევი - გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ღირებულება 27 037 601 ლარია. სამუშაოების ჩაბარების ვადა, სხვადასხვა მიზეზით, არაერთხელ გახანგრძლივდა, ბოლო ცვლილებით - 2023 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით. პროექტის გაჭიანურების ერთ-ერთ მიზეზად შპს „ენერჯი ინვესტი 2009“ (შემსრულებელი) ხულო-ზარზმის გზის მშენებლობას ასახელებს, რომელიც, ასევე, უსასრულოდ გაიწელა. ამ დროისთვის, კომპანიისთვის 20 444 136 ლარია გადახდილი, რაც მთლიანი ღირებულების 77%-ია.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გარდა, ძალიან დაბალია განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე პროგრამა/ქვეპროგრამის შესრულების მაჩვენებელი.
ცხრილი 1. რიგი პროგრამა/ქვეპროგრამების შესრულება
წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური
როგორც ვხედავთ, აჭარის ა/რ 2022 წლის ბიუჯეტში ცხრა პროგრამის შესრულების მაჩვენებელი 50%-ზე დაბალია და გაუხარჯავი თანხა, ჯამში, 14 354 100 ლარს შეადგენს.
მთლიანობაში, ხარჯების საკასო შესრულება გეგმურ მაჩვენებელზე 56 127 900 ლარით ნაკლებია. ეს ნიშნავს, რომ 369 085 800 ლარიდან, 312 957 900 ლარი გაიხარჯა. აქედან 38 723 000 ლარი „გრანტებია“, საიდანაც აუთვისებელი 38 005 700 ლარი ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური ტრანსფერი იყო.
ჯაბა ფუტკარაძემ ზემოთ ნახსენებ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისე ისაუბრა, რომ მათი განუხორციელებლობის/გაჭიანურების მიზეზებზე ყურადღება არ გაუმახვილებია. ამის შესახებ არც უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წარმომადგენლებს უკითხავთ.
ფოტო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო