ოთარ შამუგია: მინდა გითხრათ, რომ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჩვენ 60 %-იანი ზრდა გვაქვს ხორბლის წარმოების ნაწილში
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ოთარ შამუგიას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
რეზიუმე: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მემცენარეობის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ხორბლის წლიურმა წარმოებამ 157 400 ტონა შეადგინა. 2019 წლიდან ხორბლის წარმოებაში ზრდის დინამიკაა და ამ პერიოდის განმავლობაში ხორბლის წარმოების ზრდამ 55.4% შეადგინა. რაც შეეხება კონკრეტულად ორწლიან პერიოდს, ხორბლის წარმოება 54%-ით არის გაზრდილი.
მინისტრის განცხადების პათოსი ის არის, რომ ხორბლის წარმოების ზრდა დადებითი მოვლენაა და სამომავლოდაც, სამინისტროს დასახული მიზანი თვითუზრუნველყოფის 50%-მდე გაზრდაა. თუმცა რიგი მოვლენების გამო შექმნილი რეალობა, სრულიად განსხვავებულია.
2021 წლის სექტემბრიდან რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცურავი საბაჟო მექანიზმი აამოქმედა, რამაც საქართველოში ხორბლის იმპორტიორებისთვის ხორბლის შემოტანა არარენტაბელური გახადა. ამის მიზეზი ისაა, რომ ფქვილის იმპორტზე ნულოვანი საბაჟო გადასახადის გამო, ადგილობრივი ფქვილი შემოტანილს - გაცილებით დაბალი ღირებულებიდან გამომდინარე, კონკურენციას ვერ უწევდა. აღნიშნულმა ხორბლის იმპორტი შეამცირა, სამაგიეროდ, ფქვილის იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა. ქვეყანაში იაფად შემოსულ ფქვილს, ადგილობრივმა ხორბალმა კონკურენცია ვერ გაუწია და ფერმერებმა გასული წლის მოსავლის რეალიზება ვერ მოახდინეს. ამან და ასევე შემცირებულმა ხორბლის იმპორტმა წისქვილკომბინატების უმეტესობის გაჩერებაც განაპირობა. საბოლოოდ, ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და, შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა, იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, საიმპორტო საფასურს აწესებს, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, 10 ივნისიდან შევა.
ხორბლის მოსავლიანობის ზრდის მთავარი სარგებელი ის უნდა იყოს, რომ იმპორტირებულ ხორბალზე დამოკიდებულება უნდა მცირდებოდეს და ადგილობრივ ხორბალზე პირიქით, მოთხოვნა იზრდებოდეს. სინამდვილეში, კი სრულიად საპირისპირო სურათი გვაქვს: ფერმერებმა ადგილობრივი ხორბლის რეალიზება (მაღალი ფასის თუ უხარისხობის გამო, ჩვენ ამის განხილვაში არ შევალთ) ვერ მოახერხეს და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობა იმპორტირებულ ფქვილზე ხელოვნურ ბარიერს აწესებს.
როგორც აღვნიშნეთ, სამთავრობო პოლიტიკა სამომავლოდ ადგილობრივი ხორბლის მოსავლიანობის ზრდას ითვალისწინებს. მიმდინარე წელს მოწეული მოსავალი კონკურენტუუნარო აღმოჩდა და მთავარი მიზანი - იმპორტზე დამოკიდებულება, არათუ შეამცირა, პირიქით, მის სარეალიზაციოდაც დამატებითი გადასახადის დაწესება გახდა საჭირო.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში“ ყოფნის პერიოდში ხორბლის წარმოების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2016 წელს იყო. 2016 წლიდან კლების ტენდენციაა და ზრდა მხოლოდ 2021-2022 წლებში ფიქსირდება. აქედან გამომდინარე, 2016 წელთან შედარებით, 2022 წელს ხორბლის წარმოება მხოლოდ 24%-ით არის გაზრდილი.
ოთარ შამუგია სტატისტიკურ მონაცემს მცირე გადაჭარბებით ასახელებს. თანაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წარმოების მხრივ საუკეთესო წელთან შედარებით (2016 წელი) ზრდა მხოლოდ 24%-ია. ამასთანავე, კონტექსტი, რომ ხორბლის გაზრდილი წარმოება, დადებითი მოვლენაა, რამაც საბოლოოდ იმპორტდამოკიდებულება უნდა შეამციროს, მიმდინარე წლის მაგალითით, არ დასტურდება. ამის გათვალისწინებით, მინისტრის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით - ნახევრად სიმართლე.
ანალიზი
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ფქვილის იმპორტზე დაწესებულ დამატებით გადასახადზე საუბრისას, ხორბლის წარმოებაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „ხორბალზე, თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლების გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა. შარშან განვაცხადეთ, რომ შესაძლებელია ქვეყანაში ხორბლის წარმოების თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 50 %-მდე გაიზარდოს. მინდა გითხრათ, რომ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჩვენ 60 %-იანი ზრდა გვაქვს წარმოების ნაწილში და, ვფიქრობთ, რომ წელს ზრდის დინამიკა შენარჩუნებული იქნება. შარშანდელი მონაცემებით, დაახლოებით, 30 %-ზე მეტი იყო თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი. გახსოვთ, რომ, 2 წლის წინ, ეს იყო, დაახლოებით, 15 %-ის ფარგლებში“.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მემცენარეობის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ხორბლის წლიურმა წარმოებამ 157 400 ტონა შეადგინა.
ხორბლის წარმოების და ხორბლის ნათესი ფართობის წინა წლების სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირია:
ცხრილი 1: ხორბლის წარმოება (ათასი ტონა) და ნათესი ფართობი (ათასი ჰა)
წყარო: საქსტატი
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2019 წლიდან ხორბლის წარმოებაში ზრდის დინამიკაა და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ხორბლის წარმოების ზრდამ 55.4% შეადგინა. რაც შეეხება კონკრეტულად ორწლიან პერიოდს, ხორბლის წარმოება 54%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტს (ადგილობრივი წარმოების წილი ხორბლის მთლიან მოხმარებაში), 2017 წლიდან თითქმის ერთ ნიშნულზე იყო (14-15%), 2021 წელს კი მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა და 22% შეადგინა, გასული წლის მონაცემები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
გრაფიკი1: ხორბლის წარმოება და თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი
წყარო: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მინისტრი განცხადებაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის 50%-მდე გაზრდის შესაძლებლობას უსვამს ხაზს. „ფაქტ-მეტრმა“ ამ თემაზე სტატია ერთი წლის წინ მოამზადა (დაწვრილებით იხილეთ: სტატია), სადაც აღვნიშნავდით, რომ დასახული მიზნის მისაღწევად, ან ხორბლის ნათესი ფართობი უნდა გაზრდილიყო ან მოსავლიანობა, ან ორივე ერთად. მაშინდელი დაშვებებით და გამოთვლებით, დასახელებული მიზანი მოკლევადიან პერსპექტივაში მიღწევადი არ ჩანდა.
სრულიად განსხვავებული ვითარება გვაქვს ამჟამად. როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, მთავრობა იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის დაწესებას აპირებს. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი კი ადგილობრივი ხორბალი (გასული წლის მოსავალი) გახდა, რომლის რეალიზება ფერმერებმა მთელი წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს.
როგორც გვახსოვს, 2021 წლის სექტემბრიდან რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცურავი საბაჟო მექანიზმი აამოქმედა, რამაც საქართველოში ხორბლის იმპორტიორებისთვის ხორბლის შემოტანა არარენტაბელური გახადა, რადგან ფქვილის იმპორტზე ნულოვანი საბაჟო გადასახადის გამო, ადგილობრივი ფქვილი შემოტანილს - გაცილებით დაბალი ღირებულებიდან გამომდინარე, კონკურენციას ვერ უწევდა. აღნიშნულმა ხორბლის იმპორტი შეამცირა, სამაგიეროდ, ფქვილის იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა. თუ 2020 წელს ხორბლის იმპორტმა 491 ათასი ტონა შეადგინა, 2021 წელს ის 367 ათას ტონამდე შემცირდა, 2022 წელს კი 184 ათას ტონამდე. ორ წელიწადში კლებამ 307 ათასი ტონა შეადგინა, ადგილობრივი წარმოება კი მხოლოდ 55 ათასი ტონით - 102 ათასიდან 157 ათას ტონამდე გაიზარდა. სხვაობა ხორბლის ფქვილის იმპორტით დაკომპენსირდა, რომლის მოცულობაც იმავე პერიოდში 11 ათასი ტონიდან 182 ათას ტონამდე გაიზარდა.
ხორბლის იმპორტის შემცირებამ და იაფი ფქვილის შემოსვლამ წისქვილკომბინატების დიდი ნაწილის გაჩერება გამოიწვია და, როგორც აღვნიშნეთ, ადგილობრივ ფერმერებს ხორბლის რეალიზაციის პრობლემა შეუქმნა. ფერმერები და წისქვილკომბინატის წარმომადგენლები ერთ-ერთ გამოსავლად რუსული ფქვილის იმპორტზე დამაბალანსებელი საბაჟო გადასახადის დაწესებას ითხოვდნენ, ოღონდ პურზე ფასის შენარჩუნების და ხორბლის დარჩენილი მოსავლის შესყიდვის გარანტიით.
საბოლოოდ, ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და, შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა, იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, საიმპორტო საფასურს აწესებს, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, 10 ივნისიდან შევა.
ხორბლის მოსავლიანობის ზრდის მთავარი სარგებელი ის უნდა იყოს, რომ იმპორტირებულ ხორბალზე დამოკიდებულება უნდა მცირდებოდეს და ადგილობრივ ხორბალზე პირიქით, მოთხოვნა იზრდებოდეს. სინამდვილეში, კი სრულიად საპირისპირო სურათი გვაქვს: ფერმერებმა ადგილობრივი ხორბლის რეალიზება (მაღალი ფასის თუ უხარისხობის გამო, ჩვენ ამის განხილვაში არ შევალთ) ვერ მოახერხეს და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობა იმპორტირებულ ფქვილზე ხელოვნურ ბარიერს აწესებს. როგორც აღვნიშნეთ, სამთავრობო პოლიტიკა სამომავლოდ ადგილობრივი ხორბლის მოსავლიანობის ზრდას ითვალისწინებს. მიმდინარე წელს მოწეული მოსავალი კონკურენტუუნარო აღმოჩდა და მთავარი მიზანი იმპორტზე დამოკიდებულება არათუ შეამცირა, პირიქით, მის სარეალიზაციოდაც დამატებითი გადასახადის დაწესება გახდა საჭირო.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში“ ყოფნის პერიოდში ხორბლის წარმოების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2016 წელს იყო. 2016 წლიდან კლების ტენდენციაა და ზრდა მხოლოდ 2021-2022 წლებში ფიქსირდება. აქედან გამომდინარე, 2016 წელთან შედარებით, 2022 წელს ხორბლის წარმოება მხოლოდ 24%-ით არის გაზრდილი.
ოთარ შამუგია სტატისტიკურ მონაცემს მცირე გადაჭარბებით ასახელებს. თანაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წარმოების მხრივ საუკეთესო წელთან შედარებით (2016 წელი) ზრდა მხოლოდ 24%-ია. ამასთანავე, კონტექსტი, რომ ხორბლის გაზრდილი წარმოება, დადებითი მოვლენაა, რამაც საბოლოოდ იმპორტდამოკიდებულება უნდა შეამციროს, მიმდინარე წლის მაგალითით, არ დასტურდება. ამის გათვალისწინებით, მინისტრის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.