საბა ბუაძე: დეველოპერმა მინიმალურ ფასად შეისყიდა სატყეო ზონის მქონე მიწები, სადაც მშენებლობა არის აკრძალული და დედაქალაქის მერიას აღნიშნული მიწების მონაცვლეობის მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, საბა ბუაძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ მოქალაქე შ.ქ.-ს საკუთრებაში მქონე 4 ნაკვეთის სანაცვლოდ, რომლის ჯამური ფართობი 2 480 კვ.მ. იყო, სოფელ ლისის მიმდებარედ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 4900 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადასცა. მუნიციპალიტეტმა გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ 2019 წელს (თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ) დასახელებულ ნაკვეთებს ფუნქციური ზონები შეეცვალა.
მართლაც, 2019 წელს ნაკვეთების ფუნქციური ზონების ცვლილება განხორციელდა. ერთი ნაკვეთის საქმიანი ზონა 6 რეკრეაციული ზონა 2-ით შეიცვალა, ორი ნაკვეთის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა1 - ასევე რეკრეაციული ზონა 2-ით, სარეკრეაციო ზონა 2 კი - სატყეო ზონით.
მესაკუთრემ დასახელებული ნაკვეთები 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს შეიძინა, უფრო ნაკლებ ფასად, ვიდრე მოგვიანებით, ნაკვეთები სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ შეაფასა. შეძენიდან მალევე(2022 წლის 11 ნოემბერს), მან ქონების მართვის სააგენტოს ნაკვეთების მონაცვლეობის მოთხოვნით მიმართა. აღნიშნული მოთხოვნა მას 6 თვეში დაუკმაყოფილდა და 4 ნაკვეთის სანაცვლოდ სოფელ ლისის მიმდებარედ, ორჯერ მეტი ფართის, 90 000 ლარით (სამხარაულის შეფასებით) მეტი ღირებულების ნაკვეთი, საპრივატიზაციო პირობებით, გადაეცა. 4 ნაკვეთიდან ერთს, 2019 წლამდეც ( ფუნქციური ზონების ცვლილებამდეც) რეკრეაციული ზონა 2-ის სტატუსი ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე 2019 წლამდეც მშენებლობა ნებადართული არ იყო. შესაბამისად, ზონის ცვლილებას ამ ნაკვეთზე ფუნქციურად ზეგავლენა არ მოუხდენია.
განხილული მასალიდან გამომდინარე, საბა ბუაძის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები - საბა ბუაძე და ანა გოგოლაძე, თბილისის მერ კახა კალაძეს შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. მათ თბილისის პროკურატურასთან ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა დეველოპერმა წინასწარი განზრახვით, მინიმალურ ფასად შეისყიდა სატყეო ზონის მქონე მიწები, სადაც მშენებლობა არის აკრძალული და დაუყოვნებლივ მიმართა დედაქალაქის მერიას აღნიშნული მიწების მონაცვლეობის მოთხოვნით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის განკარგულების მიხედვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას თანხმობა მიეცა, ქალაქ თბილისში, სოფელი ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 4 900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ 01.72.58.011.006) გაცვლით ფორმით პრივატიზებაზე, საპრივატიზებო საფასურით 90 000 ლარის ოდენობით. დასახელებული ნაკვეთი შალვა ქვრივიშვილს (პ/ნ 43001004075) ქალაქ თბილისში საკუთრებაში არსებული - მერაბ ალექსიძის I შესახვევი N5-ში მდებარე 279 კვ.მ. (ს/კ 01.10.13.040.031), მერაბ ალექსიძის I შესახვევი N7-ში არსებული 485 კვ.მ. (ს/კ 01.10.13.040.090), ქალაქ თბილისში, ბაგების სატყეო უბანში არსებული 1000 კვ.მ. (ს/კ 01.20.01.010.187) და ქალაქ თბილისში, ზღვისუბნის დასახლებაში, II მიკრო/რაიონი, კვარტალი II, N149 სკოლის მიმდებარედ არსებული 716 კვ.მ. (ს/კ 01.12.02.025.014) მიწის ნაკვეთების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ გადაეცა.
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე (2019 წლის მარტი) ზღვისუბნის ნაკვეთზე ვრცელდებოდა საცხოვრებელი ზონა 6, ალექსიძის I შესახვევში მდებარე ორ ნაკვეთზე - საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1, ხოლო ბაგების სატყეო უბანზე - სარეკრეაციო ზონა 2. ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზღვისუბნის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 19 აპრილის ბრძანებით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები იყო შეთანხმებული და სამშენებლო კოეფიციენტები განსაზღვრული (K2 2.5). ალექსიძის I შესახვევში მდებარე ორ ნაკვეთის შემთხვევაში, ჯერ კიდე 2015 წელს მერიის არქიტექტურის სამსახურმა მათი სამშენებლოდ განვითარება - სამშენებლო-კომერციული ფუნქციით, დაუშვებლად მიიჩნია. არქიტექტურის სამსახურისვე განმარტებით, ნაკვეთის მიმდებარე არეალი სამშენებლო განვითარებისთვის შეუსაბამო იყო, ვინაიდან მიწის ნაკვეთს გააჩნდა რთული კონფიგურაცია, ისტორიულად ჩამოყალიბებული რელიეფი, წარმოადგენდა აქტიურად გამწვანებულ ტერიტორიას, რომელიც არასოდეს ყოფილა განაშენიანებული.
2019 წელს ზემოთ დასახელებულ ნაკვეთებს ფუნქციური ზონები შეეცვალათ, შესაბამისად - სარეკრეაციო ზონა 2 სატყეო ზონით შეიცვალა, რომელშიც ყოველგვარი მშენებლობა, გარდა მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურისა, დაუშვებელია. დანარჩენ სამ ნაკვეთზე გავრცელდა სარეკრეაციო ზონა 2, რომელიც თბილისში არსებულ გამწვანებულ ტერიტორიებს მოიცავს, სადაც მშენებლობა ასევე არ არის დაშვებული.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებაში განმარტებულია, რომ ნაკვეთების მონაცვლეობის საფუძველი სწორედ ნაკვეთების ფუნქციური ზონების ცვლილება გახდა, რადგან „ მწვანე ქალაქის“ კონცეფციიდან გამომდინარე, დედაქალაქისთვის გამწვანებული ტერიტორიების შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ზემოთ ჩამოთვლილი ნაკვეთების მუნიციპალურ საკუთრებაში მიღება.
მერიის დავალებით, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ნაკვეთების საბაზრო ღირებულება განსაზღვრა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნაკვეთები ძველი ფუნქციური ზონების მიხედვით შეფასდა და მათი ღირებულება შემდეგნაირად განისაზღვრა: ბაგების ნაკვეთი - 428 000 ლარი, ზღვის უბნის ნაკვეთი - 363 728 ლარი (სამშენებლოდ გამოყენების პირობების გათვალისწინებით), ხოლო ალექსიძის I შესახვევის ნაკვეთები, შესაბამისად - 358 236 და 622 740 ლარი. ჯამში, სამხარაულის ბიურომ ნაკვეთების საბაზრო ღირებულებად 1 772 704 ლარი დაადგინა. სამხარაულისვე შეფასებით, ჩასანაცვლებელი - სოფელ ლისის მიმდებარე ნაკვეთის, საბაზრო ღირებულება კი 1 862 000 ლარით განისაზღვრა. როგორც ვხედავთ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის საბაზრო ღირებულება, კერძო პირის ნაკვეთების საბაზრო ღირებულებას 89 296 ლარით აღემატება. შესაბამისად, მერიამ ნაკვეთების მესაკუთრეს საპრივატიზაციო თანხის -90 000 ლარის ოდენობით, გადახდა დააკისრა.
მოქალაქე შ.ქ.-მ დასახელებული 4 ნაკვეთი 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს შეიძინა და მთლიანად, 4 ნაკვეთში 1 110 454 ლარი გადაიხადა. მოგვიანებით, სამხარაულმა ნაკვეთები 1 772 704 ლარად – 662 250 ლარით მეტად, შეაფასა, რაც იმით იყო განპირობებული, რომ ნაკვეთები 2019 წლამდე არსებული ფუნქციური ზონის მიხედვით შეფასდა.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ნაკვეთების შეძენიდან მალევე, 2022 წლის 10 ნოემბერს შ.ქ-მ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ -ქონების მართვი სააგენტოს ნაკვეთების ადგილმონაცვლეობის მოთხოვნით, განცხადებით მიმართა. ქონების მართვის სააგენტომ უკვე 15 ნოემბერს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ნაკვეთების საბაზრო ღირებულების დადგენა დაავალა. იმავე წლის 28 დეკემბერს ექსპერტიზის ბიუროს ნაკვეთების საბაზრო ღირებულება უკვე შეფასებული ჰქონდა. მიმდინარე წლის 3 მაისს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ ნაკვეთების ადგილმონაცვლეობა განკარგულებით დაადასტურა. შესაბამისად, ნაკვეთების მონაცვლეობა მოთხოვნიდან მალევე, ექვსი თვის ვადაში დაკმაყოფილდა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქალაქ თბილისში, ბაგების სატყეო უბანში არსებული 1000 კვ.მ. (ს/კ 01.20.01.010.187) ნაკვეთი 2019 წლამდე სარეკრეაციო ზონა 2 იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ნაკვეთზე ფუნქციური ზონის ცვლილებამდეც (სატყეო ზონა) მშენებლობა არ შეიძლებოდა.
„ფაქტ-მეტრი“ არ შედის განხილვაში აღნიშნულ საქმეში კორუფციის ნიშნები იკვეთება, თუ -არა. ამის შეფასება შესაბამისი პროფილის სამსახურების პრეროგატივაა.
ჩვენი მხრივ, შევეცადეთ, საკითხი დეტალურად შეგვესწავლა, რის საფუძველზეც გაირკვა, რომ ნაკვეთები მოქალაქე შ.ქ.-მ 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს შეიძინა. შეძენიდან მალევე, მან ქონების მართვის სააგენტოს ნაკვეთების მონაცვლეობის მოთხოვნით მიმართა. აღნიშნული მოთხოვნა მას 6 თვეში დაუკმაყოფილდა და 4 ნაკვეთის სანაცვლოდ სოფელ ლისის მიმდებარედ მდებარე ნაკვეთი საპრივატიზაციო პირობებით გადაეცა. 4 ნაკვეთიდან ერთს, 2019 წლამდეც ( ფუნქციური ზონების ცვლილებამდეც) რეკრეაციული ზონა 2-ის სტატუსი ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე 2019 წლამდეც მშენებლობა ნებადართული არ იყო.
განხილული მასალიდან გამომდინარე, საბა ბუაძის განცხადება არის სიმართლე.