ბექა ლილუაშვილი: 2022 წელს ქვეყნიდან გავიდა ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე დიდი რაოდენობა ქართველების, 100 ათასზე ცოტა მეტი

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრისდასკვნით, ბექა ლილუაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

დიმიტრი ხუნდაძე: ბექა ლილუაშვილის განცხადება არის ტყუილი... ვინც მიდის არ ნიშნავს იმას, რომ უკან არ ბრუნდება... მიგრაციული სალდოს თვალსაზრისით, ყველაზე ცუდი წლები იყო 2009-2011

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრისდასკვნით, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

რეზიუმე:

ემიგრაციის მაჩვენებლებზე საუბრისას, რეალური სურათის დასანახად მიგრაციული სალდოს ( სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის) განხილვაა მართებული.

2022 წელს ქვეყანაში მიგრაციული სალდო დადებითი იყო, რაც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლამ განაპირობა, რომელთა უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს თუ განვიხილავთ, მიგრაციული სალდო კვლავ უარყოფითია.2022 წელს 46.4 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

ბექა ლილუაშვილი განცხადებისას, მხოლოდ ემიგრანტების (ანუ ქვეყნიდან გასვლის) მაჩვენებელზე საუბრობს, ხოლო ქვეყანაში შემოსულთა/დაბრუნებულთა მაჩვენებელს უგულებელყოფს, რაც არსებულ რეალობას გადაჭარბებულად, კიდევ უფრო მწვავედ წარმოაჩენს.თუმცა მისი განცხადების კონტექსტი, რომ 2022 წელს ბოლო 10 წლის მანძილზე ქვეყნიდან ყველაზე დიდი რაოდენობა ქართველები გავიდნენ, სიმართლეს შეესაბამება. ამრიგად, მისი განცხადება შეფასდა ვერდიქტით - ნახევრად სიმართლე.

2012 წლამდე პერიოდში, შესაბამისი სისტემის არ არსებობის გამო, მიგრაციული ნაკადების ზუსტად აღრიცხვა ვერ ხდებოდა და მანამდე პერიოდის მაჩვენებლები ძირითადად შეფასებით მონაცემებს წარმოადგენს. შესაბამისად, 2012 წლამდე მიგრაციის კონკრეტული წლების მაჩვენებლის განხილვა, მით უმეტეს, მისი 2012 წლის შემდგომ პერიოდთან შედარება, მანიპულაციურია და ობიექტურ რეალობას არ ასახავს.

ამასთან, დიმიტრი ხუნდაძე ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ 2020 წელს ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში დადებითი მიგრაციული სალდო პირველად დაფიქსირდა. ის ფაქტი, რომ პანდემიის პერიოდში ჩაკეტილი საზღვრის პირობებში მოქალაქეები ვერ მიდიოდნენ ემიგრაციაში, რაიმე პოზიტიურ მოვლენად ვერ ჩაითვლება.

დიმიტრი ხუნდაძის სწორად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მხოლოდ ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელზე აპელირება შეცდომაში შემყვანია და რეალური სურათის დასანახად მიგრაციული სალდო უნდა განვიხილოთ. თუმცა მისი განცხადების ის ნაწილი, სადაც ის კონკრეტული წლების მიგრაციულ სალდოზე საუბრობს, მანიპულაციურია. ამასთან მისი შეფასება, რომ ბექა ლილუაშვილის განცხადება არის ტყუილი, სიმათლეს არ შეესაბამება. ფაქტია, რომ 2022 წელს ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეთა მიერ ქვეყნის დატოვებასა და ქვეყანაში დაბრუნებას შორის ყველაზე მაღალი სხვაობაა. ამრიგად, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება შეფასდა ვერდიქტით - მეტწილად მცდარი.

ანალიზი

30 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარტიასაქართველოსთვის" წარმომადგენელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა: „2022 წელს ქვეყნიდან გავიდა ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე დიდი რაოდენობა ქართველების, 100 ათასი პირი იყო ეს, ცოტა მეტი“.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, ბექა ლილუაშვილის განცხადება არის ტყუილი. მისივე განცხადებით, მსგავსი ტყუილი ოპოზიციის წარმომადგენლებს არაერთხელ გაუჟღერებიათ. „ამბობდნენ, რომ 100 000 - მა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა და არავინ არ ამბობს, 100 000 რომ გავიდა უკან დაბრუნდა 75 000 . ასე რომ, ვინც მიდის, არ ნიშნავს იმას, რომ უკან არ ბრუნდება. თუმცა მიგრაცია, მით უმეტეს, როცა ვიზა ლიბერალიზაციას ღებულობს სახელმწიფო და მეტის საშუალება ჩნდება, რა თქმა უნდა, მატულობს. მაგრამ ყველაზე მეტი ადამიანი, მიგრაციული სალდოს თვალსაზრისით რაც დააკლდა ქვეყანას, ეს იყო 2009, 2010, 2011 წელი. ბოლო 30 წლის განმავლობაში 2020 წელს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში 15 000-ით მეტი შემოვიდა, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა, ჩვენი მოქალაქე ამა თუ იმ მიზნით“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პირველ რიგში, უნდა განიმარტოს, რომ ემიგრანტიც და იმიგრანტიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე. ემიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელმაც საქართველო ბოლო 12 თვეში დატოვა და სხვა სახელმწიფოში სულ მცირე 183 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქვეყნიდან გასვლამდე იყო საქართველო, ანუ წინა 12 თვის მანძილზე, სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში. იმიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელიც საზღვრის გადმოკვეთიდან სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში და საზღვრის კვეთამდე საქართველო მისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა არ იყო.

ემიგრაცია, ნამდვილად არის ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. თუმცა როდესაც მიგრაციის მაჩვენებელზე ვსაუბრობთ, მართებულია, მიგრაციული სალდო განვიხილოთ, ანუ სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის. მხოლოდ ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელზე აპელირება და ქვეყანაში შემოსულთა/დაბრუნებულთა უგულებელყოფა, რეალურ სურათს ამახინჯებს და მანიპულაციურია. აღნიშნულზე დიმიტრი ხუნდაძე სწორად მიუთითებს, თუმცა მიგრაციული სალდოს 2012 წლამდე პერიოდთან შედარება, მანიპულაციურია.

2012 წლამდე პერიოდში, შესაბამისი სისტემის არ არსებობის გამო, მიგრაციული ნაკადების ზუსტად აღრიცხვა ვერ ხდებოდა[i] და მანამდე პერიოდის მაჩვენებლები ძირითადად შეფასებით მონაცემებს წარმოადგენს. 2012 წლიდან უკვე ახალი მეთოდოლოგია დაინერგა და იმიგრანტებისა და ემიგრანტების იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი. შესაბამისად, 2012 წლამდე მიგრაციის კონკრეტული წლების მაჩვენებლის განხილვა, მით უმეტეს, მისი 2012 წლის შემდგომ პერიოდთან შედარება, მანიპულაციურია და ობიექტურ რეალობას არ ასახავს (ამ თემაზე ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

ზოგადად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული მიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა და ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. ამ მხრივ გამონაკლისი 2020 წელი იყო, როდესაც დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა, რაც პანდემიით და ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვით იყო განპირობებული. ამრიგად, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებიდან არ ჩანს, თუ რატომ იყო 2020 წელს მიგრაციული სალდო დადებითი. ის ფაქტი, რომ მოქალაქეები ჩაკეტილი საზღვრის პირობებში, ვერ მიდიოდნენ ემიგრაციაში, რაიმე პოზიტიურ მოვლენად ვერ ჩაითვლება.

2021 წელს, როდესაც საზღვრები უცხოეთში კვლავ გაიხსნა, ემიგრაცია მკვეთრად გაიზარდა, ხოლო იმიგრანტთა [ქვეყანაში შემოსულთა] რაოდენობა შემცირდა. 2021 წელს 25 966 ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა. 2012 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ემიგრანტების და იმიგრანტების ზუსტი იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი, უარყოფითი მიგრაციული სალდოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2021 წელს დაფიქსირდა (იხილეთ გრაფიკი 1).

დიმიტრი ხუნდაძის მიერ დასახელებული მონაცემები [100 ათასი, რომ გავიდა, 75 ათასი უკან დაბრუნდა] შეესაბამება 2021 წლის მიგრაციის საერთო მაჩვენებელს. საქართველოს მოქალაქეებს თუ განვიხილავთ, უარყოფითი მიგრაციული სალდო გაცილებით მაღალია როგორც 2021, ასევე 2022 წლებში (იხილეთ გრაფიკი 2).

2022 წელს ქვეყანაში მიგრაციული სალდო დადებითი იყო, იმიგრანტების (ქვეყანაში შემოსულთა) რაოდენობა ემიგრანტების (ქვეყნიდან გასულთა) რაოდენობას 54.5 ათასით აღემატება. დადებითი მიგრაციული სალდო საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლამ განაპირობა, რომელთა უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა. ხოლო საქართველოს მოქალაქეებს თუ განვიხილავთ, მიგრაციული სალდო კვლავ უარყოფითია.

გრაფიკი 1:მიგრაციის მაჩვენებლები 2012-2021 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2022 წელს 46.4 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია(იხილეთ: გრაფიკი 2). 2013-2022 წლებში, საქართველო ჯამში 213.8 ათასით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა.

ბექა ლილუაშვილი განცხადებისას, მხოლოდ ემიგრანტების (ანუ ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელზე) საუბრობს, ხოლო ქვეყანაში შემოსულთა/დაბრუნებულთა მაჩვენებლებს უგულებელყოფს, რაც რეალურ სურათს ამახინჯებს და მანიპულაციურია.თუმცა მისი განცხადების კონტექსტი, რომ 2022 წელს ბოლო 10 წლის მანძილზე ქვეყნიდან ყველაზე დიდი რაოდენობა ქართველები გავიდნენ, სიმართლეს შეესაბამება.

გრაფიკი 2: საქართველოს მოქალაქე ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის სხვაობა

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური


[i] 1994-2011 წლების მიგრაციის მონაცემები წარმოადგენს შეფასებით მონაცემებს, 2012 წლიდან კი ეყრდნობა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებს.


მსგავსი სიახლეები

5460 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი