თამაზ დათუნაშვილი: საწვავის 85% და ხორბლის 100% რუსეთიდან შემოდის, იმპორტის შეჩერების შემთხვევაში 3-7 დღეში დეფიციტი გაჩნდება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თამაზ დათუნაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: რუსეთიდან საწვავის იმპორტი 2022 წლიდან მკვეთრად გაიზარდა. 2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით თანხობრივად რუსეთის წილი 67%-ს აღწევს, ტონაჟით 74%-ს. კიდევ უფრო მაღალი, 96%-97%-იანია ხორბლისა და ფქვილის შემთხვევაში რუსეთზე იმპორტდამოკიდებულება.

ძალიან მაღალი დამოკიდებულების მიუხედავად, ჰიპოთეზურად, რუსეთის მიერ საქართველოში ექსპორტის აკრძალვის შემთხვევაში - არც საავტომობილო საწვავზე და არც პურზე 3-7 დღეში დეფიციტი მოსალოდნელი არ არის. გარდა იმისა, რომ არსებობს შესაბამისი მარაგები, დასახელებული პროდუქციის შემთხვევაში, მომწოდებლის ჩანაცვლება ცალკეულ სხვა საქონელთან (მაგ. ბუნებრივი აირი) შედარებით, გაცილებით მარტივად არის შესაძლებელი. შედეგად, აკრძალვამ შესაძლოა, ფასების ზრდა (იაფი მომწოდებლიდან ძვირზე გადართვა) გამოიწვიოს. თუმცა ბაზრიდან პროდუქციის თუნდაც მოკლევადიანად გაქრობა არარეალისტური მოლოდინია.

პოლიტიკოსი იმპორტზე წილობრივი დამოკიდებულების მაჩვენებლებს გარკვეული გადაჭარბებით ასახელებს. ამავდროულად, შესაძლო აკრძალვის პირობებში მოსალოდნელ შედეგზე გამოთქმული მოსაზრება გაზვიადებულია და რეალობას არ შეესაბამება. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრმა“ თამაზ დათუნაშვილის განცხადება შეაფასა, როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი:

17 მაისს „TV პირველის“ თოქშოუ „პირველი ხაზში“ პოლიტიკური პარტია „ლელოს“ წევრმა თამაზ დათუნაშვილმა, რუსეთზე საქართველოს მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულების საუბრის კონტექსტში განაცხადა: (59:40-დან) „ხვალ რომ პუტინმა გადაწყვიტოს, რომ ამ ქვეყანაში [საქართველოში] საწვავის შემოსვლა შეწყვიტოს, 3 დღეში მანქანები გაჩერდებიან, იმიტომ რომ 85% ჩვენი იმპორტის საწვავის არის დამოკიდებული რუსეთზე, 100%-ით ვართ დამოკიდებული ხორბალზე რუსეთით ანუ მან რომ შეწყვიტოს ხორბლის ექსპორტი საქართველოში 1 კვირაში საქართველოში პური აღარ იქნება“.

საქართველო საწვავზე 100%-ით იმპორტზეა დამოკიდებული. ადგილობრივი მოპოვება მიზერულია და ისიც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის არ არსებობის გამო ნედლეულის სახით მთლიანად ექსპორტზე გადის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალზე, დეტალური მონაცემები იმის შესახებ - თუ რომელ ქვეყანასთან რა პროდუქციით ვაჭრობს საქართველო, 2009 წლიდან იძებნება. 2009 წელს საქართველომ სულ 555 მლნ დოლარის ღირებულების 961 ათასი ტონა საწვავი შეიძინა, საიდანაც რუსეთის წილი მხოლოდ 3.1% იყო - 17 მლნ-ის ღირებულების 30 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი.

2012 წელს რუსეთის წილი 7%-მდე გაიზარდა, 2015 წელს 10.5%-მდე, 2018 წელს 23%-მდე, 2021 წელს კი 16.4%-მდე შემცირდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში (2009-2021 წლები) რუსეთის წილი თანხობრივად და ტონაჟით ფაქტობრივად იდენტური იყო და რუსეთი მოწოდების მხოლოდ ერთ-ერთ არხს წარმოადგენდა.

2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლურმა სამყარომ რუსეთისგან დისტანცირება და რუსული საწვავისათვის საკუთარი ბაზრის ეტაპობრივად დახურვა დაიწყო. შედეგად, რუსეთი იძულებული გახდა, ნავთობი/საწვავი ფასდათმობით გაეყიდა. ქართველმა იმპორტიორებმა რუსეთიდან საწვავის იმპორტის ზრდა სწორედ ამ პერიოდის შემდეგ დაიწყეს. 2022 წელს საქართველომ სულ 1.337 მლრდ-ის ღირებულების 1.331 მლნ ტონა ნავთობპროდუქტი შეიძინა, მათ შორის რუსეთიდან - 623 მლნ-ის ღირებულების 657 ათასი ტონა. რუსეთის წილმა იმპორტში თანხობრივად 46.6%-ს მიაღწია, მოცულობაში - 49.4%-ს.

ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდა. პირველ კვარტალში 251 მლნ-ად ნაყიდი 315 ათასი ტონა საწვავიდან 169 მლნ-ის ღირებულების 235 ათასი ტონა საწვავი რუსული იყო. რუსეთის წილმა იმპორტში თანხობრივად უკვე 67.3%-ს, ხოლო ტონაჟით კიდევ უფრო მეტს - 74.6%-ს მიაღწია.

გრაფიკი 1: რუსეთის წილი ნავთობპროდუქტების იმპორტში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველო ხორბალზეც იმპორტდამოკიდებულია, ოღონდ ნავთობისგან განსხვავებით, მოთხოვნის 15%-30%-ს ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება. ხორბლის იმპორტში რუსეთის წილი თითქმის ყოველთვის 80%-ს აჭარბებდა, გამონაკლისს 2010-2012 წლები წარმოადგენდა, როდესაც რუსეთის წილი 50%-იან ნიშნულს ქვემოთ იყო ჩამოსული, 2016-2017 წლებში 100%-ს უთანაბრდებოდა. ანალოგიურმა მაჩვენებელმა 2022 წელს 95%, 2023 წლის პირველ კვარტალში კი 96% შეადგინა.

2021 წლიდან ხორბლის იმპორტის შემცირების ტენდენცია შეინიშნება, მაგრამ არა იმდენად ადგილობრივი წარმოების ზრდის ხარჯზე, რამდენადაც ხორბლის იმპორტის ფქვილის იმპორტით ჩანაცვლების შედეგად. თუ 2020 წელს ხორბლის იმპორტმა 491 ათასი ტონა შეადგინა, 2021 წელს ის 367 ათას ტონამდე შემცირდა, 2022 წელს კი 184 ათას ტონამდე. ორ წელიწადში კლებამ 307 ათასი ტონა შეადგინა, ადგილობრივი წარმოება კი მხოლოდ 55 ათასი ტონით 102 ათასიდან 157 ათას ტონამდე გაიზარდა. სხვაობა ხორბლის ფქვილის იმპორტით დაკომპენსირდა, რომლის მოცულობაც იმავე პერიოდში 11 ათასი ტონიდან 182 ათას ტონამდე გაიზარდა. სტრუქტურული ცვლილების მიზეზი რუსეთის მიერ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდა გახდა.

ფქვილის იმპორტში რუსეთის წილმა 2021 წელს 97% შეადგინა, 2022 წელს 99% და 2023 წლის პირველ კვარტალში 97%.

ხორბლის ფქვილით ჩანაცვლებამ წისქვილკომბინატების ნაწილი გააჩერა. პრობლემებზე დაიწყეს საუბარი ადგილობრივმა ფერმერებმაც. მთავრობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი წარმოების დაცვის მოტივით, 2023 წლის 10 ივნისიდან 5 თვის ვადით იმპორტირებული ფქვილი დამატებით დაიბეგრება.

გრაფიკი 2: რუსეთის წილი ხორბლისა და ფქვილის იმპორტში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საწვავის მსგავსად, თამაზ დათუნაშვილის მიერ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ხორბლის შემთხვევაშიც სიმართლეს შეესაბამება. ხორბლისა და ფქვილის იმპორტში საქართველო თითქმის 100%-ით რუსეთზეა დამოკიდებული.

განცხადების მეორე ნაწილი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოში ექსპორტის აკრძალვის სცენარის შემთხვევაში მოვლენათა შესაძლო განვითარებას ეხებოდა, მცდარია. ქვეყანაში ხორბლის ან ფქვილის ორთვიანი მარაგი მუდმივად არსებობს.

ხორბლის მარაგის ამოწურვის შესახებ პირველი ცნობა 2022 წლის მაისში გავრცელდა, როდესაც „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, რომ ქვეყანაში ხორბლის 10 დღის მარაგიღა იყო დარჩენილი და მალე წისქვილკომბინატები დაიხურებოდა. 3 დღის შემდეგ 16 მაისს „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ კი განაცხადა, რომ ხორბლისგან განსხვავებით ფქვილის 2 თვის მარაგი არსებობდა. საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჩართვისას ხორბლისა და ფქვილის ორთვიანი საერთო მარაგის არსებობა ლევან სილაგავამ 2023 წლის იანვარშიც დაადასტურა.

საწვავის მსხვილი იმპორტიორებიც უმეტეს შემთხვევაში, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდებოდა დაგვიანებულ რეაქციას ძველი, ძვირად ნაყიდი მარაგების არგუმენტით ხსნიდნენ.

ალტერნატიული მომწოდებლის პოვნა ზოგიერთ პროდუქციაზე ძალიან ძნელია. მაგალითად, ბუნებრივ აირზე. თუ არ არსებობს სხვა მილსადენი, მის გაყვანას წლები სჭირდება. ასევე შეიარაღება, რომელიც სტანდარტული საბაზრო პირობებით არ ივაჭრება და მისი ექსპორტი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ბუნებრივი აირისგან განსხვავებით საწვავის, ისევე როგორც ხორბლისა თუ ფქვილის ალტერნატიული მომწოდებლით ჩანაცვლება, ბევრად მარტივია.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა მართლაც აკრძალა საქართველოში ხორბლისა და საწვავის ექსპორტი, იმპორტიორები იძულებულები გახდებიან, ახალი მომწოდებელი მოძებნონ, რის შემდეგადაც მაღალი ალბათობით საცალო ფასი გაიზრდება. შესაძლოა, დროებით ფასთა შორის სხვაობა სახელმწიფომ დაასუბსიდიროს, მაგრამ ეს ბიუჯეტის ანუ გადასახადების გადამხდელების ფული იქნება. ორივე შემთხვევაში, მოქალაქეთა ხარჯები პირდაპირ ან ირიბად გაიზრდება, თუმცა ერთია პროდუქტზე ფასის ზრდა და მეორე მისი დეფიციტი. დღეს არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში საავტომობილო საწვავისა და პურის გაქრობის საშიშროება არ არსებობს.

მთლიანობაში თამაზ დათუნაშვილის განცხადების პირველი ნაწილი, სადაც ის იმპორტში რუსეთზე დამოკიდებულების ზომაზე საუბრობდა, მეტწილად სიმართლეს შეესაბამება, ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოში ექსპორტის შეჩერების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების პროგნოზს წარმოადგენდა, რეალობას აცდენილია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრმა“ პოლიტიკოსის განცხადება შეაფასა, როგორც ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5563 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი