პაატა მანჯგალაძე: 2012 წლამდე პური და საწვავი რუსეთიდან არ შემოგვქონდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პაატა მანჯგალაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
რეზიუმე: დეტალური, კონსოლიდირებული ინფორმაცია პროდუქციის ტიპსა და ქვეყნებს შორის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალზე 2009 წლიდან მოიპოვება. 2009-2012 წლებში რუსეთის წილი საწვავის იმპორტში 3%-7%-ის ინტერვალში მერყეობდა, ხორბლის იმპორტში რუსეთის წილი კი 2009 წელს 83%-ს, 2010-2012 წლებში კი შესაბამისად 45%, 44% და 41%-ს შეადგენდა.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რუსეთთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვა როგორც თანხობრივად, ასევე წილობრივად გაიზარდა. 2022 წელს რუსეთის წილმა საწვავის იმპორტში 47%-ს, 2023 წლის პირველ კვარტალში კი 67%-ს მიაღწია, 95%-მდეა გაზრდილი რუსეთის წილი ხორბლის იმპორტშიც.
რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის აშკარა ზრდის მიუხედავად, სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, რომ თითქოს 2012 წლამდე საქართველო რუსეთისგან ხორბალსა და საწვავს არ ყიდულობდა, რის გამოც პაატა მანჯგალაძის განცხადება შეფასდა როგორც მეტწილად მცდარი.
ანალიზი:
2023 წლის 30 მაისს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, ბლოკ „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე ზრდაზე საუბრისას განაცხადა (12:26-დან): „აი ჩვენ გვეუბნებიან, რომ პური შემოგვაქვს რუსეთიდან, 2012 წლამდე არ შემოგვქონდა პური რუსეთიდან. არ ვიყავით? ვერ ვცხოვრობდით? საწვავი არ შემოგვქონდა რუსეთიდან, არ იყო საქართველო, არ არსებობდა“?
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი როგორც ნაცნობი ბაზარი მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა. 1995-2005 წლებში რუსეთის წილი საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში სტაბილურად 15%-ს აჭარბებდა.
2006 წლიდან რუსეთმა ქართულ პროდუქციაზე ემბარგო დააწესა, ქართული მხრიდან საპასუხო ემბარგოს გამოუცხადებლად, 2008 წლიდან რუსეთიდან იმპორტიც შემცირდა. 2010-2011 წლებში რუსეთის წილი მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 5%-იან ნიშნულს ჩამოსცდა. 2013 წელს ბრუნვის მოცულობა 7%-მდე გაიზარდა, 2017 წელს 11%-მდე, ხოლო 2022 წელს 13%-მდე. მაშინაც კი, როდესაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მინიმუმამდე იყო შემცირებული, ექსპორტის 2% და იმპორტის 5.5% რუსეთზე მოდიოდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საიტზე საგარეო ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია ცალ-ცალკე ქვეყნებისა და პროდუქციის მიხედვით 1995 წლიდან იძებნება, თუმცა გაერთიანებულად, იმის მიხედვით თუ რომელ ქვეყანასთან რა პროდუქციით ვაჭრობდა საქართველო, მხოლოდ 2009 წლიდან.
2009 წელს რუსეთის წილი ხორბლის იმპორტში 83%-ს შეადგენდა, 2010 წელს ის მკვეთრად - 45%-მდე შემცირდა, 2011 წელს - 44%-მდე და 2012 წელს - 41%-მდე. 2013 წელს რუსეთის წილი 75%-მდე იზრდება, 2022 წელს - 95%-მდე, რაც 2023 წლის პირველ კვარტალშიც ნარჩუნდება.
ხორბლისგან განსხვავებით, რუსეთის წილი საწვავის იმპორტში ბევრად უფრო დაბალი იყო. 2009 წელს მან 3% შეადგინა, 2010 წელს - 4%, 2011 წელს - 6% და 2012 წელს - 7%. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2022 წლამდე, მაქსიმალურ 26%-იან მაჩვენებელს 2019-2020 წლებში მიაღწია. სურათი 2022 წლიდან იცვლება, რა დროსაც რუსეთის წილი 47%-მდე გაიზარდა, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში 67%-მდე.
გრაფიკი 1: რუსეთის წილი ხორბლისა და საწვავის იმპორტში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
რიცხვები და გრაფიკის მრუდი ნათელს ხდის, რომ ჯერ 2013 წლიდან ხოლო შემდეგ 2022 წლიდან რუსეთის წილი ხორბლისა და საწვავის იმპორტში გაზრდილია, მაგრამ ფაქტად რჩება ისიც, რომ სავაჭრო ურთიერთობები ხელისუფლების ცვლილებამდეც ნარჩუნდებოდა.
მტკიცება, რომ 2012 წლამდე (თუ დეპუტატი ხელისუფლების ცვილების მომენტს გულისხმობდა, უფრო მართებული იქნება თქმა რომ 2013 წლამდე, რადგან ქართულმა ოცნებამ სამთავრობო პორტფელები 2012 წლის ოქტომბრის მიწურულს გადაიბარა) საქართველო რუსეთიდან საწვავისა და ხორბლის იმპორტს არ ახორციელებდა, ერთმნიშვნელოვნად მცდარია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ბოლო წლებში რუსეთიდან ამ პროდუქტების იმპორტი გაიზარდა. ფაქტობრივი უზუსტობისა და ბოლო პერიოდის ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, პაატა მანჯგალაძის განცხადება შეფასდა ვერდიქტით მეტწილად მცდარი.