საბა ბუაძე: დღეს ექსპორტირებული ღვინის 64% რუსეთზე მოდის
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, საბა ბუაძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით, ქართული ღვინის ექსპორტმა სულ 78.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც რუსეთში 52.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 66.6%-ია.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან 60.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქართული ღვინო იქნა გატანილი, საიდანაც რუსეთში 33.6 მლნ აშშ დოლარის ღვინო გავიდა. შესაბამისად, 2022 წლის ოთხ თვეში მთლიან ღვინის ექსპორტში რუსეთის წილმა 55.7% შეადგინა. როგორც ვხედავთ, მიმდინარე წლის ოთხ თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთში ღვინის ექსპორტი (ფულად ფორმაში) 56%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთის წილი ჯამურ ექსპორტში საანგარიშო პერიოდში 10.9 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
ზრდა ფიქსირდება წლიურ ჭრილშიც, 2022 წელს რუსეთში 160.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც 2021 წლის მონაცემს (131 მლნ აშშ დოლარი) 22.8%-ით აღემატება. რუსეთის წილი ჯამურ ექსპორტში გასულ წელს 2021 წელთან შედარებით 6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, საბა ბუაძის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
თბილისის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ლელო -პარტნიორობა თბილისისათვის“ თავმჯდომარე საბა ბუაძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ რუსეთში ექსპორტის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „დღეს ექსპორტირებული ღვინის 64% რუსეთზე მოდის“.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით, ქართული ღვინის ექსპორტმა სულ 78.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც რუსეთში 52.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 66.6%-ია.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან 60.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქართული ღვინო იქნა გატანილი, საიდანაც რუსეთში 33.6 მლნ აშშ დოლარის ღვინო გავიდა. შესაბამისად, 2022 წლის ოთხ თვეში მთლიან ღვინის ექსპორტში რუსეთის წილმა 55.7% შეადგინა. როგორც ვხედავთ მიმდინარე წლის ოთხ თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთში ღვინის ექსპორტი (ფულად ფორმაში) 56%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთის წილი ჯამურ ექსპორტში საანგარიშო პერიოდში 10.9 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
ცხრილი1: ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 2022-2023 წლებში (ოთხი თვე), მლნ აშშ დოლარი
წყარო: საგარეო ვაჭრობის პორტალი
ქართული ღვინის ექსპორტზე ერთიანი სურათის მისაღებად ღვინის ექსპორტის წინა წლების სტატისტიკაც განვიხილოთ.
ცხრილი 2: ქართული ღვინის ექსპორტი 2012-2022 წლებში, მლნ აშშ დოლარი, მლნ ბოთლი
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, ღვინის ექსპორტის ზრდა 2013 წლიდან ფიქსირდება, შემდეგ 2015 წელს კვლავ მკვეთრი ვარდნაა და 2017 წლიდან ისევ იზრდება, გამონაკლისი 2020 - პანდემიის წელი იყო.
რაც შეეხება მთლიან ღვინის ექსპორტში რუსეთის წილს, წლების განმავლობაში ის შემდეგნაირად იცვლებოდა:
გრაფიკი1: 2012-2022 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი რუსულ ბაზარზე, მლნ ბოთლი (0.75ლ), მლნ ლარი
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ღვინის ექსპორტის სტატისტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა ან კლება, სწორედ რუსეთის ფაქტორზე არის ხოლმე დამოკიდებული. როგორც ცნობილია, რუსეთმა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანა (მათ შორის ღვინის) 2006 წელს, რუსეთის მთავარი სანიტრის, გენადი ონიშენკოს ბრძანებით, უხარისხობის მოტივით, აკრძალა. აღნიშნულმა ემბარგომ ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი კლება განაპირობა. 2006 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა 41 მილიონი დოლარი შეადგინა, უკვე მომდევნო წელს ღვინის ექსპორტი თითქმის განახევრდა და 29 მლნ დოლარამდე დავიდა.
განხილულ პერიოდში რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში ყველაზე დაბალი 2012 წელს იყო (34%), რაც ემბარგოთი იყო განპირობებული. ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 2013 წლის ივნისში აღდგა. 2013-2014 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად სწორედ რუსეთში ქართული ღვინის ემბარგოს გაუქმების გამო გაიზარდა (2013 - 128 მლნ, 2014 - 185 მლნ). 2015 წელს ქართული ღვინის ექსპორტის კლება კვლავ რუსეთის ფაქტორმა განაპირობა. ამ წელს რუსეთსა და უკრაინაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა ქართული ღვინის ექსპორტზე მნიშვნელოვნად აისახა და ექსპორტის 39%-იანი კლება გამოიწვია (96 მლნ აშშ დოლარი). 2019 წლის 20 ივნისის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა (რუსეთის მუქარა ქართული პროდუქტებზე სანქციების დაწესების შესახებ) კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი არასაიმედო სავაჭრო პარტნიორია, რომელიც საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობას ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. იმავეს დასტურია, სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის გადაწყვეტილებით, საქართველოში პირდაპირი ფრენების აღდგენა.
აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება უნდა იყოს. ქართული ღვინის ექსპორტზე დაკვირვება კი საპირისპიროს ამტკიცებს, რუსეთზე დამოკიდებულებას კი არ ვამცირებთ, პირიქით ვზრდით. რუსეთის არასტაბილურ და არაპროგნოზირებად ბაზარზე დამოკიდებულების ზრდა კი, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყანას არც ეკონომიკურ და არც პოლიტიკურ სარგებელს არ მოუტანს.
განხილული მასალიდან გამომდინარე, საბა ბუაძის განცხადება არის სიმართლე.