[ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის] ბიუჯეტის შესრულება არის 72%, ხელფასების მიმართულებით ანუ წარმომადგენლობითი ხარჯის შესრულება არის 92%

თათია ნიკოლეიშვილი:[ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის] ბიუჯეტის შესრულება აქვთ 72% და ეს ნიშნავს იმას, რომ, ფაქტობრივად, ბიუჯეტის 2/3 ვერ აითვისეს. ხელფასების მიმართულებით ანუ წარმომადგენლობითი ხარჯის შესრულება არის 92%

ვერდიქტი: თათია ნიკოლაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, მუნიციპალიტეტს, გადასახდელების ნაწილში, მართლაც 72.5 %-იანი ათვისება აქვს. კერძოდ, დაზუსტებული გეგმის თანახმად, გადასახდელებმა 66 592 000 ლარი შეადგინა, საიდანაც გახარჯულია მხოლოდ 48 298 200 ლარი. დაბალია ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისთვის ათვისებული ხარჯის მაჩვენებელი, რაც 24 553 800 ათასი ლარი ანუ გეგმის, 40 750 600 ლარის, 60.3%-ია.

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯებისთვის (მათი საქმიანობის უზრუნველყოფა, ფინანსურ და ფისკალურ საქმიანობა და საგარეო ურთიერთობები), გეგმის თანახმად, 6 464 200 ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა ფაქტმა 5 716 100 ლარი ანუ 88.4% შეადგინა და არა - 92%, როგორც პოლიტიკოსი თავის განცხადებაში მიუთითებს.

პოლიტიკოსი პარამეტრებიდან ერთს ზუსტად ასახელებს, ხოლო წარმომადგენლობითი ორგანოების ხარჯის შემთხვევაში - გადამეტებულად. ასევე აცხადებს, რომ აუთვისებელი თანხა მთლიანი მაჩვენებლის 2/3-ს შეადგენს, რაც ტექნიკური შეცდომაა. მოგვიანებით, აღნიშნული განცხადება მან საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა და დააზუსტა, რომ აუთვისებელია ბიუჯეტის 1/3. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი: მიმდინარე წლის 19 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა: „[ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის] ბიუჯეტის შესრულება აქვთ 72%. ეს ნიშნავს იმას, რომ, ფაქტობრივად, ბიუჯეტის 2/3 ვერ აითვისეს. ხელფასების მიმართულებით ანუ წარმომადგენლობითი ხარჯის შესრულება არის 92%.“ მოგვიანებით, აღნიშნული განცხადება პოლიტიკოსმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა. ამ შემთხვევაში, მან უკვე მიუთითა, რომ მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტის 1/3 ვერ აითვისა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში „ფაქტ-მეტრმა“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან ოფიციალურად გამოითხოვა. დანართი 1 დოკუმენტზე დაყრდნობით, დეტალურად გაგაცნობთ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებს როგორც შემოსულობების, ისე - გადასახდელების ნაწილში.

მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პირვანდელ ვარიანტში, შემოსულობები 27 814 000 ლარით იყო დაგეგმილი, ხოლო გადასახდელები 27 699 100 ლარს შეადგენდა. წლის განმავლობაში, დოკუმენტში სამი ცვლილება განხორციელდა. საბოლოოდ, დაზუსტებული გეგმის მიხედვით, შემოსულობებმა 61 660 500 ლარი შეადგინა, ხოლო გადასახდელებმა - 66 592 000 ლარი. ჩვენ ბიუჯეტის შესრულებას დაზუსტებული გეგმისა და საბოლოო შესრულების პარამეტრების მიხედვით გაგაცნობთ.

როგორც საკრებულოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ცხადყოფს, შემოსულობების ნაწილში, გეგმა 101.5%-ით შესრულდა. აღსანიშნავია, რომ შემოსულობებიდან 30 412 700 ლარი გრანტებია, აქედან 30 117 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილ ტრანსფერებზე მოდის.

გრაფიკი 1. შემოსულობები ცალკეული კატეგორიების მიხედვით, დაზუსტებული გეგმა და ფაქტობრივი შესრულება

წყარო: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ანგარიშის თანახმად, საგადასახადო შემოსავლების ფაქტობრივმა მაჩვენებელმა 28 403 300 ლარი შეადგინა, რაც გეგმის 103.9%-ს შეადგენს. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა სახელმწიფოსგან მიიღო: მიზნობრივი ტრანსფერი - 280 000 ლარი; ინფრასტრუქტურის, ასევე სხვა მიმდინარე ღონისძიებების დასაფინანსებლად - 13 339 700 ლარი; საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხა - 8 184 700 ლარი; სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - 5 215 000 ლარი და სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის - 1 086 000 ლარი. გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნების მთავრობებისგან, გრანტების სახით, 295 700 ლარი აქვს მიღებული.

მართალია, შემოსულობების ფაქტმა დაგეგმილს გადააჭარბა, მაგრამ მუნიციპალიტეტმა გადასახდელები მთლიანად ვერ აითვისა. კერძოდ, დაზუსტებული გეგმა 66 592 000 ლარი იყო, აქედან შესრულებამ 48 298 200 ლარი ანუ 72.5% შეადგინა.

გრაფიკი 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის გადასახდელები, დაზუსტებული გეგმა და ფაქტობრივი შესრულება

წყარო: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის გადასახდელების 51% ანუ 40 750 600 ლარი ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის მიმართულებით უნდა გახარჯულიყო. თუმცა ფაქტობრივმა შესრულებამ 24 553 800 ათასი ლარი ანუ 60.3% შეადგინა.

პოლიტიკოსი განცხადებაში ერთმანეთთან აიგივებს ხელფასებისა და წარმომადგენლობითი ხარჯის ცნებებს. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრმა“ ორივე ამ მაჩვენებლის შესრულების მონაცემი გადაამოწმა. ხელფასების (შრომის ანაზღაურება) შემთხვევაში 2022 წელს გეგმა 88%-ით შესრულდა, შრომის ანაზღაურებისა და საქონელისა და მომსახურების ჯამურმა შესრულებამ კი 90% შეადგინა. რაც შეეხება წარმომადგენლობითი ორგანოების ხარჯს, აქ გეგმა კი 88.4%-ით შესრულდა. აღნიშნული მოიცავს საკრებულოსა და მერიის საქმიანობის უზრუნველყოფის, ფინანსური და ფისკალური საქმიანობისა და საგარეო ურთიერთობების ხარჯების ჩათვლით, ხოლო მათი გამოკლებით 91.4%-ით. შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსი 92%-ს ასახელებს და ეს რიცხვი არცერთ ამ მაჩვენებელს ზუსტად არ ემთხვევა.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტმა სრულად ვერ აითვისა ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის ხარჯები, როგორებიცაა, მაგალითად, სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაცია; ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სამუშაოები; კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია - 2 627 700 ლარიდან, ათვისებულია 991 583 ლარი (პროექტის დაწყებისა და დასრულების თარიღი: 11. 08. 2021 – 11. 12. 2022). აღნიშნული პროექტი პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარეობს. 2021 წლის 28 დეკემბერს ოზურგეთის მერი აცხადებდა, რომ სამუშაოები ერთ წელიწადში დასრულდებოდა. ანგარიშიდან კი ირკვევა, რომ თანხის დანარჩენი ნაწილი 2023 წელს უნდა გაიხარჯოს. დანართი 2

შარშან ვერ დასრულდა, ასევე, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის, რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადების რეაბილიტაცია; ზოგიერთ ლოკაციაზე ასფალტ-ბეტონის გზებზე ორმული შეკეთების სამუშაოები; საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია; სანიაღვრე არხებისა და საყრდენი კედლების მოწყობა და სხვა.

ამდენად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე დაყრდნობით, იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკოსის განცხადების შინაარსი ზუსტია და ხელფასების/წარმომადგენლობითი ხარჯების ნაწილში ბიუჯეტი უფრო ეფექტიანად შესრულდა, ვიდრე დანარჩენი საქმიანობის ფარგლებში, „ფაქტ-მეტრი“ თათია ნიკოლაშვილის განცხადებას მეტწილად სიმართლედ აფასებს.