საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში 891 191 ლარს ხარჯავს (SMP230001281). 26 მაისის ღონისძიებები გალა კონცერტს, მის სატელევიზიო ტრანსლირებას და რუსთაველზე გასამართ სპორტულ აქტივობებს მოიცავს. დასახელებული თანხის დიდი ნაწილი - 499 456 ლარი, 26 მაისის საზეიმო კონცერტს მოხმარდება, რომლის ორგანიზებას შპს „არტ ლაბორატორია“ (ს/ნ 405216564) ახორციელებს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ბაკურ ბაკურაძეა. ცნობისთვის, ბაკურ ბაკურაძის კომპანიამ მიმდინარე წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს დაკვეთით 283 ათასი ლარის ღირებულების კონცერტი გამართა. ასევე ბაკურიანში, სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის და დახურვის ღონისძიებები 346 ათას ლარად ჩაატარა. შესაბამისად, მხოლოდ მიმდინარე წელს ბაკურ ბაკურაძის კომპანიამ გამარტივებული შესყიდვით სახელმწიფოსგან 1 128 456 ლარის ღირებულების დაკვეთა მიიღო.

377 734 ლარი კონცერტის სცენით და დეკორაციებით მომსახურებას, გახმოვანებას და სატელევიზიო ტრანსლირებას მოხმარდება, რასაც შპს „ლუმა“ უზრუნველყოფს. რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სპორტულ აქტივობებს ორგანიზაცია „სპორტი ყველასთვის“ განახორციელებს, რაშიც 14 000 ლარი დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტრომ 26 მაისის მომსახურებები ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით შეიძინა. სამინისტრომ 5 მაისს შესყიდვების სამინისტროს წერილობით მიმართა და 26 მაისს გასამართი ღონისძიების გამარტივებული შესყიდვით შეძენაზე თანხმობა ითხოვა, რადგან „ გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული ტენდერის პროცედურების გამოყენებით შესყიდვა (გამოცხადება, შერჩევა/შეფასება, ხელშეკრულების გაფორმება, მიწოდება) გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული, ხოლო ღონისძიების ჩატარებამდე დარჩენილია მცირე დრო, ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიზანშეწონილია, საჭირო მომსახურებების შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, უმოკლეს ვადაში“ და „ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დამდგარ გარემოებას სამინისტრო აფასებს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებად და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ თანხმობას სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდეს“.

სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, კანონმდებლობის მიხედვით, გამარტივებული შესყიდვა ნამდვილად ცხადდება. თუმცა, 26 მაისი მოულოდნელად არ დგება და დამოუკიდებლობის დღე რომ უნდა აღინიშნოს, ეს წლის დასაწყისშიც ცნობილია და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები შეზღუდულ ვადებში განსახორციელებლად რატომ ითვლება, გაუგებარია. გაუგებარია ისიც, მთავრობამ 26 მაისის აღნიშვნის შესახებ განკარგულება ღონისძიებამდე მხოლოდ ერთი თვით ადრე (21 აპრილს) რატომ გამოსცა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გამარტივებული შესყიდვა თავისთავად კონკურენციას გამორიცხავს და ასევე სახელმწიფო სახსრების დაზოგვის შესაძლებლობასაც არ იძლევა.

აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ საქართველოში ახალი წელიც „მოულოდნელად“ დგება და საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული შესყიდვებიც გამარტივებული შესყიდვით ხორციელდება.

გარდა კულტურის სამინისტროსი, 26 მაისის აღსანიშნავად თანხები სხვა სამინისტროების ბიუჯეტიდანაც იხარჯება. კერძოდ, თავდაცვის სამინისტრო 2.8 მილიონს, ტურიზმის დეპარტამენტი კი 777 206 ლარს დახარჯავს. ყველა შესყიდვა გამარტივებული შესყიდვით არის განხორციელებული. ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 26 მაისის ღონისძიებებზე, „ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, 7.7 მლნ ლარი იხარჯება.


მსგავსი სიახლეები

5460 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი