ირაკლი ღარიბაშვილი: რასაც ევროკავშირი 4 დღეში ვაჭრობს რუსეთთან, იმას ჩვენ ვვაჭრობთ 1 წელიწადში. ჩვენი სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან მაქსიმუმ 1 მილიარდი დოლარია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე:

2022 წელს ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 259 მლრდ ევრო შეადგინა - 55 მლრდ ევრო ექსპორტი და 204 მლრდ იმპორტი ევროკავშირისთვის. საქართველოსა და რუსეთს შორის კი 2.5 მლრდ დოლარი - 652 მლნ დოლარი ექსპორტი და 1.835 მლრდ იმპორტი. მონაცემების გასაშუალოებით, ევროკავშირი რუსეთთან დღიურად 709.6 მლნ ევროს მოცულობით ვაჭრობდა, რაც 4 დღეში 2.838 მლრდ ევრო, დაახლოებით 3.100 მლრდ დოლარია.

ევროკავშირი 2022 წელს 4 დღეში საშუალოდ, ნამდვილად უფრო მეტს ვაჭრობდა რუსეთთან, ვიდრე საქართველო მთელი წლის განმავლობაში. თუმცა იმისთვის, რომ რეალური კონტექსტი არ დამახინჯდეს, გასათვალისწინებელია სამი მნიშვნელოვანი გარემოება: ეკონომიკის ზომა, სავაჭრო ბრუნვაში წილობრივი დამოკიდებულება და სავაჭრო ბრუნვის მოცულობის ცვლილების დინამიკა.

ევროკავშირის ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკას 675-ჯერ აღემატება და ბუნებრივია, რომ მეტს ვაჭრობს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან. 2022 წელს სავაჭრო ბრუნვის წილი ევროკავშირისთვის რუსეთთან 3.1%-ს შეადგენდა, საქართველოს შემთხვევაში - 13.1%-ს. ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირმა რუსეთთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 8%-ით შეამცირა, საქართელომ კი 54%-ით გაზარდა. სურათი 2023 წლის იანვარ-თებერვალში უფრო მეტად შეიცვალა. საქართველომ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ით გაზარდა, ევროკავშირმა კი 62%-ით შეამცირა, შედეგად საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე 16.1%-მდე გაიზარდა, ხოლო ევროკავშირის 1.6%-მდე შემცირდა.

პრემიერმა საკუთარ განცხადებაში ყურადღება ეკონომიკის ზომით განპირობებულ აბსოლუტურ მონაცემებში განსხვავებაზე გაამახვილა, ხოლო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ რუსეთთან ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვისა და მთლიან ბრუნვაში წილის შემცირებული მაჩვენებლები, რაც საქართველოს შემთხვევაში პირიქით ზრდადია, ყურადღების მიღმა დატოვა. შედეგად, შექმნა შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. პრემიერის განცხადების მეორე ნაწილი კი მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს, რადგან 2022 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ რუსეთთან არა 1 მილიარდს, არამედ მასზე 2.5-ჯერ მეტს - 2.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. ფაქტობრივი უზუსტობისა და სწორად დასახელებული რიცხვების არასწორი ინტერპრეტაციის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მანიპულირება.

ანალიზი:

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოკლევადიანი პერიოდით, (90 დღე 180 დღიან მონაკვეთში) ვიზების გაუქმების თემაზე კომენტირებისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოზე მეტს რუსეთთან ევროკავშირი ვაჭრობდა, კერძოდ მან განაცხადა: (9.22-დან წთ-დან) „ჩვენი ვაჭრობა რუსეთთან არის დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი, მაქსიმუმს ვიძახი, დავამრგვალოთ. ეხლა რა ხდება ევროპის შემთხვევაში, მე დღეს მოვისმინე ერთ-ერთი განცხადება ევროკავშირის წარმომადგენლის და მინდა ჩვენს საზოგადოებას ავუხსნა, რასაც ევროკავშირი 4 დღეში ვაჭრობს რუსეთთან ჩვენ, ჩვენი ქვეყანა, ვაჭრობს მთელი წლის განმავლობაში. გესმით? ე.ი. ევროკავშირში რომ არ მოიწონეს ეს ფრენები [რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები], რუსეთთან ვაჭრობს დღემდე და რასაც ევროკავშირი ვაჭრობს, 4 დღეში იმას ჩვენ ვვაჭრობთ ერთ წელიწადში“.

რაც უფრო დიდია ქვეყნის ეკონომიკა, მით მეტს აწარმოებს ის და მეტია მისი ექსპორტიც (ექსპორტისა და მშპ-ს ზომა მთლად პირდაპირპროპორციული არ არის, #2 ეკონომიკა ჩინეთი #1 ექსპორტიორია). პარალელურად, რაც უფრო დიდია ქვეყნის ეკონომიკა, მით მეტია იმ ქვეყანაში მოხმარება, ეს კი თავის მხრივ იმპორტის საჭიროებას ზრდის. 2022 წლის მდგომარეობით საქართველოს ეკონომიკის მოცულობა 24.6 მლრდ დოლარს შეადგენდა, ევროკავშირის — 675 ჯერ მეტს - 16.6 ტრლნ-ს.

2022 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 19.043 მლრდ დოლარი შეადგინა (5.593 მლრდ ექსპორტი და 13.450 მლრდ იმპორტი), ევროკავშირის საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ კი 8.329 ტრლნ ევრო (4.229 ტრლნ ექსპორტი და 4.100 ტრლნ იმპორტი). 8.329 ტრლნ ევრო დაახლოებით 9.079 ტრლნ დოლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წელს ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა საქართველოს სავაჭრო ბრუნვაზე დაახლოებით 467-ჯერ მეტს შეადგენდა. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მან თანხობრივად რუსეთთან უფრო მეტი ივაჭრა იმის მტკიცებულებად არ გამოდგება, რომ მასზე სავაჭრო ურთიერთობებით უფრო მეტადაა დამოკიდებული. საჭიროა დამოკიდებულების პროცენტული წილის დადგენაც და ცვლილების დინამიკაზე დაკვირვებაც.

1) საქართველოს შემთხვევაში, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის წილმა 2022 წელს 13.1% შეადგინა (ექსპორტი 11.7%, იმპორტი 13.6% მთლიანი ბრუნვა 13.1%), ევროკავშირის შემთხვევაში - 3.1% (ექსპორტი 1.3%, იმპორტი 5%, მთლიანი ბრუნვა 3.1%);

2) ომის დაწყების შემდეგ 10 თვეში ევროკავშირმა რუსეთში ექსპორტი 47.1%-ით შეამცირა, იმპორტი 12.8%-ით გაზარდა (მთლიანი ზრდის მიუხედავად, მეოთხე კვარტალში 34.7%-იანი კლება დაფიქსირდა) და მთლიანი ბრუნვა 8.1%-ით შეამცირა საქართველომ იმავე პერიოდში ექსპორტი 3.2%-ით, იმპორტი - 85.5%-ით და მთლიანი ბრუნვა 54.4%-ით გაზარდა.

გრაფიკი 1: სავაჭრო ურთიერთობების ცვლილება რუსეთთან 2022 მარტიდან დეკემბრის ჩათვლით 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური (Eurostat)

წლების განმავლობაში რუსეთისთვის ევროკავშირი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საექსპორტო ბაზარს წარმოადგენდა. ევროკავშირი რუსეთისგან ძირითადად ენერგომატარებლებს - ნავთობს, ნავთობპროდუქტებსა და ბუნებრივ გაზს ყიდულობდა, ასევე გათხევადებულ გაზს, ქვანახშირს, ოქროს, თუმცა შედარებით მცირე მოცულობით.

ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასის გამო, ევროკავშირს რუსეთიდან იმპორტი ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გაუძვირდა. 2022 წლის იანვარში ევროკავშირმა რუსეთიდან იმპორტში 20.6 მლრდ ევრო გადაიხადა - 105%-ით მეტი ვიდრე 2021 წლის იანვარში, თებერვალში 110-ით მეტი, მარტში 109%-ით მეტი. აპრილიდან უკვე ზრდის ტემპის კლება იწყება, სექტემბერში ფაქტობრივად წინა წლის ანალოგიურ პერიოდს უთანაბრდება, ხოლო ოქტომბრიდან რეალური კლება იწყება. დეკემბერში ევროკავშირმა რუსეთისგან მხოლოდ 10.2 მლრდ ევროს პროდუქცია შეიძინა - 44%-ით ნაკლები 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

გრაფიკი 2: იმპორტი რუსეთიდან ევროკავშირი (მლრდ ევრო)

წყარო: ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური (Eurostat)

რაც შეეხება ევროკავშირიდან რუსეთში ექსპორტს, ზრდის ტემპს ის მხოლოდ ომის დაწყებამდე, იანვარსა და თებერვალში ინარჩუნებდა. მარტიდან დაწყებული დეკემბრის ჩათვლით კი ყოველთვის იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში.

სურათი საქართველოს შემთხვევაში აბსოლუტურად განსხვავებულია. თუ 2022 წლის იანვარში რუსეთიდან იმპორტი 2021 წლის იანვართან შედარებით 54%-ით იყო გაზრდილი, დეკემბერში ზრდის ტემპმა 141%-ს მიაღწია.

გრაფიკი 3: იმპორტი რუსეთიდან საქართველოში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გარდა იმისა, რომ საქართველომ უფრო მეტად გაზარდა სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან, ვიდრე ევროკავშირმა, საქართველო ზრდის ტემპს მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა, ევროკავშირი კი პირიქით - დამოკიდებულებას ამცირებდა.

პრემიერს კომენტირებისას პერიოდი არ დაუკონკრეტებია. რადგან ომი გრძელდება და რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები ფართოვდება, შესაძლებელია 2023 წლის განხილვაც. 2023 წლის შემთხვევაში, ევროსტატს 15 მაისის მდგომარეობით მხოლოდ ორი თვის მონაცემები გააჩნია, საიდანაც ირკვევა, რომ 2023 წლის იანვარ-თებერვალში ევროკავშირმა რუსეთიდან 14 მლრდ-ის პროდუქცია შეიძინა, რაც 66%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე იანვარ-თებერვალში ევროკავშირმა რუსეთში ექსპორტი 50%-ით - 7.2 მლრდ ევრომდე შეამცირა. ჯამური ბრუნვა კი 62%-ით - 55.8 მლრდ ევროდან 21.2 მლრდ ევრომდე.

საქართველომ 2023 წლის პირველ ორ თვეში რუსეთში ექსპორტი 38.1%-ით - 128 მლნ დოლარამდე გაზარდა, იმპორტი 86.3%-ით - 339 მლნ-მდე, ხოლო მთლიანი ბრუნვა 69.8%-ით - 467 მლნ-მდე.

ევროკავშირისთვის რუსეთის წილი ექსპორტი 2023 წლის იანვარ-თებერვალში 1.03%-ს შეადგენდა, იმპორტში 2.12%-ს და მთლიან ბრუნვაში 1.57%-ს, მაშინ როცა საქართველოს შემთხვევაში რუსეთს ექსპორტში 14%-იანი წილი ეკავა, იმპორტში 17.1%-იანი და მთლიან ბრუნვაში 16.1%-იანი. პროცენტულად საგარეო ვაჭრობაში ორი თვის მონაცემებით, საქართველო 10-ჯერ უფრო მეტადაა დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე ევროკავშირი.

გრაფიკი 4: სავაჭრო დამოკიდებულება რუსეთზე 2023 წლის იანვარ-თებერვალი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური (Eurostat)

რომელიმე კონკრეტულ სახელმწიფოსთან, თუნდაც ომის გამჩაღებელ რუსეთთან ვაჭრობის ზრდა, ავტომატურად სანქციების დარღვევას არ ნიშნავს. თემის რამდენჯერმე გააქტიურების მიუხედავად, ომის დაწყებიდან თითქმის 15 თვის განმავლობაში, ქართული მხრიდან სანქციების დარღვევის 1 შემთხვევაც არ დადასტურებულა. აღნიშნულ საკითხზე „ფაქტ-მეტრმა“ თებერვალში უკვე მოამზადა სტატია. სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით პოლიტიკა არც შემდგომ სამ თვეში შეცვლილა.

საქართველოდან რუსეთში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთები არ შედის. ასევე აიკრძალა სხვა სახის სანქცირებული პროდუქციის შეტანაც. მაგალითად, ევროკავშირში წარმოებული 50000 ევროზე ძვირადღირებული ავტომობილის. ფეროშენადნობი, ღვინო და მინერალური წყლები კი სანქცირებულ პროდუქციის ჩამონათვალს არ განეკუთვნება. სანქციები საქართველოს შემთხვევაში არც რუსული ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი გაზის შეძენის შემთხვევაში ირღვევა. დღეის მდგომარეობით არ არსებობს იმის რისკი, რომ რუსეთთან ვაჭრობის ან თუნდაც სავაჭრო ბრუნვის ზრდის მიზეზით საქართველო თავად დასანქცირდეს.

რისკი, რასაც რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულების ზრდა მოიცავს, ისევ საკუთრივ რუსეთიდან მომდინარეობს. პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად დაწესებული შესაძლო ემბარგოს, ან ფრონტზე განცდილი მარცხის შემდეგ, გამწვავებული ეკონომიკური კრიზისის შემთხვევაში შესაძლებელია როგორც ექსპორტის შეზღუდვა ან აკრძალვა, ასევე იმპორტის შეზღუდვა ან აკრძალვა. რაც მაღალი იქნება დამოკიდებულება რისკის გაცხადების შემთხვევაში, მით მძიმე იქნება პრობლემა.

პრემიერის განცხადების მეორე ნაწილი უბრალოდ მცდარია და მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს. 2022 წელს რუსეთთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ დასახელებულ 1 მლრდ-ზე 150%-ით მეტს - 2.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია (652 მლნ ექსპორტი და 1.835 მლრდ იმპორტი).

პრემიერის განცხადების პირველ ნაწილი რიცხობრივი სიზუსტის მიუხედავად, რომ ევროკავშირი საქართველოსთან შედარებით უფრო მეტს ვაჭრობს რუსეთთან, მაინც მანიპულირებაა, რადგან ევროკავშირი ექსპორტში რუსეთზე მთლიანი ბრუნვით 10.3-ჯერ ურო ნაკლებადაა დამოკიდებული, ვიდრე საქართველო. ამავე დროს თუ ევროკავშირი რუსეთთან სავაჭრო ბრუნვას 62%-ით ამცირებს, საქართველო 70%-ით ზრდის. გარდა ამისა, ოფიციალურ დონეზე საქართველოსთვის რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა არავის მოუთხოვია. განცხადების მეორე ნაწილი კი მცდარი, საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ რუსეთთან 2022 წელს 1 მლრდ-ს კი არა 2.5 მლრდ-ს მიაღწია. მთლიანობაში, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მანიპულირება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი