სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობის მიხედვით, რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“, რომელმაც თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი რეისების განხორციელება დაიწყო, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრებ მომხმარებლებს ავიაკომპანიის ვებგვერდზე ბილეთის შეძენისას ქვეყნის ველში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ნაცვლად, საქართველოს მითითებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნული ინფორმაცია, ინტერნეტში მას შემდეგ გავრცელდა, რაც გაირკვა, რომ „აზიმუტის“ ვებგვერდზე რეგისტრაციისას ქვეყნების ჩამონათვალში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იყო მოხსენიებული.
წყარო: ნეტგაზეთი
მოგვიანებით კი, „აზიმუტის“ ვებგვერდზე ქვეყნების ჩამონათვალიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გაქრა. ამასთან, ავიაკომპანიამ ვებგვერდიდან წაშალა ის მასალებიც, სადაც ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მოქალაქეებად მოიხსენიებდა.
იმის გადასამოწმებლად, ბილეთების ყიდვისა და რეგისტრაციის დროს, ნამდვილად მოუწოდებს თუ არა „აზიმუტი“ მომხმარებლებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონებიდან, რომ ქვეყნის ველში საქართველო მიუთითონ, „ფაქტ-მეტრი“ ავიაკომპანიას დაუკავშირდა.
თავდაპირველად, „ფაქტ-მეტრი“ „აზიმუტს“ ე.წ. აფხაზეთის მოქალაქის, ინალ აგირბას სახელით გაეცნო, რომელიც ავიაკომპანიასთან მიმოწერაში აპროტესტებდა, რომ მას ბილეთის შეძენა ე.წ. აფხაზეთის პასპორტით არ შეეძლო, რადგან აფხაზეთი ქვეყნების ჩამონათვალში არ იძებნებოდა.
ავიაკომპანია წერილს მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვებგვერდს ახალი ფუნქციები ემატებოდა, რის გამოც საიტზე რამდენიმე „ფუნქციონალი ჯერჯერობით ხელმისაწვდომი შესაძლოა არ იყოს“. „აზიმუტის“ თქმით, აღნიშნული ფაქტორი ბილეთის ყიდვის პროცესში დაბრკოლებას არ წარმოადგენდა და შეკვეთის გაფორმება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეეძლო.
ავიაკომპანიის ამ პასუხის შემდეგ „ფაქტ-მეტრი” „აზიმუტს“ კვლავ დაუკავშირდა და ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნების სიიდან ამოღების საკითხზე კომენტარის გაკეთება სთხოვა. „ფაქტ-მეტრმა“ ავიაკომპანიას ასევე სთხოვა დაეზუსტებინა ინფორმაცია, ნამდვილად შეძლებდნენ თუ არა ადამიანები ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პასპორტების გამოყენებით ბილეთის შეძენას.
აღნიშნულ კითხვებზე პასუხად რუსულმა ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ ბილეთების ყიდვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია.
ამჟამად, ავიაკომპანია „აზიმუტის“ ვებგვერდზე ბილეთის შეძენისას მომხმარებლებს ქვეყნების ჩამონათვალიდან სულ 60-მდე ქვეყნის არჩევა შეუძლიათ. მართალია, მათ შორის ე.წ. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებად გამოყოფილი არაა, თუმცა სიის ბოლოს ქვეყნის ნაცვლად მითითებულია ღილაკი „სხვა“ (прочие), რომლის არჩევის შემდეგაც, მომხმარებელს თავად შეუძლია ჩაწეროს, თუ რომელი სახელმწიფოს დოკუმენტით სურს ავიაბილეთის შეძენა. აღნიშნულ გრაფაში შესაძლებელია როგორც ე.წ. აფხაზეთის, ისე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მითითება.
შესაბამისად, მტკიცება, თითქოს, ავიაკომპანია „აზიმუტი“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ვებგვერდზე ავიაბილეთის შესყიდვის დროს საკუთარი ქვეყნის სახით საქართველოს მითითებას სთხოვს, მანიპულაციაა – ავიაბილეთის შეძენა ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს ქვეყნის გრაფაში ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მითითებითაც შეუძლიათ.
----------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.