ახალქალაქის საცურაო აუზის რესტავრაციაზე ათობით ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა ობიექტი, მრავალი თვის განმავლობაში, არ ფუნქციონირებდა

რეზიუმე:

2022 წლის აპრილში, თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საცურაო აუზი საბოლოოდ გაიხსნა. დაწესებულებაში სპორტული დარბაზიც ფუნქციონირებს. ბოლო სამ წელიწადში ობიექტმა მხოლოდ ხუთი თვე იმუშავა, თუმცა წლების განმავლობაში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რესტავრაციებსა და ტექნიკური პრობლემების მოგვარებაზე, ათობით ათასი ლარი დაიხარჯა.

ანალიზი:

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2021-2023 წლების ბიუჯეტების დოკუმენტებში, მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე არსებული ა(ა)იპ ახალქალაქის დახურული აუზის ფუნქციონირების „მოსალოდნელ შედეგში“ წერია: „საცუარო აუზი მთელი წლის მანძილზე ფუნქციონირებს“. აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. კერძოდ: 2021 წელს აუზი მთლიანად დახურული იყო, 2022 წელს, ჯამში, ხუთი თვის განმავლობაში იმუშავა, ხოლო 2023 წელს აპრილში გაიხსნა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ერთადერთი დახურული აუზი შემოსავალს იღებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან და აუზით მოსარგებლე პირებისგან, თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, აუზი თვეობით არ ფუნქციონირებდა. მაგალითად, 2018 წელს, გაწმენდითი სამუშაოების მიზეზით, აგვისტოს თვეში დაიკეტა. ადგილობრივი მედიის თანახმად, აღნიშნული პროცედურა ერთთვიანია. აუზის ყოფილი დირექტორის თქმით, სწორედ ამდენი დროა საჭირო იმისთვის, რომ აუზებიდან წყალი გაუშვან, დაასუფთაონ და ახალი წყლით შეავსონ, ჩართონ გათბობა და წყალი სარგებლობისთვის შესაბამის ტემპერატურამდე გაათბონ. თუმცა, აუზი რამდენიმე თვის შემდეგ გაიხსნა. იგივე განმეორდა 2019 წელს, როდესაც აუზი დაიხურა რადიატორების შეცვლის მიზნით და 2022 წლის აპრილამდე, დახურული დარჩა.

პანდემიის დროს აუზის დირექციამ რამდენჯერმე დააანონსა, რომ ობიექტის გახსნისთვის ემზადებოდა, თუმცა, მთელი 2020 წელი (გამომდინარე ქვეყანაში დაწესებული კოვიდშეზღუდვებიდან) და 2021 წლის დიდი ნაწილი, აუზი დახურული იყო. პანდემიური წლის იმ პერიოდშიც კი, როდესაც, ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური ნებართვის საფუძველზე, აუცილებელი ნორმების დაცვით, სხვა აუზებმა მუშაობა განაახლეს, ახალქალაქის საცურაო აუზი არ გახსნილა. აუზის ყოფილმა დირექტორმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ თანხა პანდემიისგან დაცვის მიზნით, შესაბამისი პირობების შესაქმნელად დაიხარჯა. თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ 2021 წელს აუზი არ გახსნილა, ფაქტობრივად, აღმოჩნდა, რომ ეს არაეფექტური და ზედმეტი ხარჯი იყო.

2021 წელს დირექტორი თანამდებობიდან გადადგა და მის ადგილას მარტინ გაბრიელიანი დაინიშნა. მას ეკუთვნის ასევე კომპანია შპს „მეგობრობა-5“, რომელიც, წლების განმავლობაში, ადგილობრივ ტენდერებს იგებს. აღსანიშნავია, რომ გაბრიელიანი ახალქალაქში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა 2013 წლიდან, ხოლო მიმდინარე წლის მარტში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშში მოხვდა.

გაბრიელიანის კომპანიამ, 2019 წლის მაისიდან 2022 წლის ჩათვლით, ახალქალაქის საჯარო სკოლების, ასევე, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერიების სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მიზნით გამოცხადებული, ჯამში, 1 095 796 ლარის ღირებულების ოცდაცხრა ტენდერი მოიგო.

საინტერესო მიგნებაა, რომ 2020 წლის 1 სექტემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანიას შორის, სოფელ დილისკაში საჯარო სკოლის რეაბილიტაციის თაობაზე, პირდაპირი შესყიდვის გზით, 68 889-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. იმავე დღეს იმავე სოფლის რწმუნებულად მერმა იურიკ უნანიანმა კომპანიის მესაკუთრე მარტინ გაბრიელიანი დანიშნა.

არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდების შემდგომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაბრიელიანის, შესაძლო კორუფციაზე საქმის შესწავლა დაიწყო.

გაბრიელიანის სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მისი კომპანიის დოკუმენტებს ხელს აწერს კომპანიის დირექტორი ჰრანტ გრიგორიანი.

= დირექტორად დანიშვნის შემდეგ, გაბრიელიანი ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ ობიექტი მუშაობას მალე განაახლებდა. 2021 წლის განმავლობაში აუზი 93 000 ლარით კი დაფინანსდა, მაგრამ დიდხანს არ ფუნქციონირებდა, თუმცა, მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, კომუნალურ გადასახადებს იხდიდა. საინტერესოა, რომ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ანგარიშის თანახმად, აუზმა თავდაპირველად განსაზღვრულ თანხაზე მეტი გახარჯა. 2021 წელს შენობაში აუზის რეაბილიტაციის შესყიდვა ორგანიზაციის სახსრებით დაფინანსდა. სამუშაოები 17 525 ლარად ინდმეწარმე ედკარ აბაჯიანმა შეასრულა.

წყარო: ახალქალაქის ოფიციალური ვებგვერდი

2022 წლის აპრილში აუზი საბოლოოდ გაიხსნა და დაიწყო მოსწავლეების მიღება, თუმცა სულ რაღაც ხუთ თვეს იმუშავა და გაწმენდითი სამუშაოების საბაბით, ისევ დაიხურა. ერთთვიანი სამუშაოები ზუსტად ერთი წელი გაგრძელდა. აუზის დირექცია განმარტავდა, რომ გაწმენდითი სამუშაოების დროს, ტექნიკური პრობლემები აღმოაჩინეს. შენობის რეაბილიტაციისთვის მორიგი ტენდერი გამოცხადდა, რომელიც ი/მ შაქრო გალსტიანმა 19 013 ლარით მოიგო. ახალქალაქის 2022 წლის ბიუჯეტით, აუზისთვის გათვალისწინებული იყო 188 800 ლარი. ფუნქციონირების ოთხ თვეში, აუზის შემოსავალმა 17 000 ლარი შეადგინა.

2023 წლის იანვარში, საკრებულოს სხდომაზე, აუზის დირექტორი აცხადებდა, რომ შენობა ცუდ მდგომარეობაშია და ამჯერად, სახურავიც გაფუჭდა. ჩვენ დავუკავშირდით მარტინ გაბრიელიანს, რომელმაც გვითხრა, რომ ამჟამად ორგანიზაციაში ცამეტი ადამიანია დასაქმებული. მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული თანხა, ძირითადად, ხელფასებსა და კომუნალურ გადასახადებზე იხარჯება.


მსგავსი სიახლეები

5522 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი