რევაზ ხარაზი: ბათუმის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 15 მლნ ლარი იხარჯება ამ ორ პროექტზე [პროგრამის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ფარგლებში მშენებარე საცხოვრებელი სახლები]. ამ ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია, რომ სამუშაოების დასრულების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 მარტი. ანუ 2023 წლის 31 მარტს აქ უნდა ყოფილიყო დასრულებული სამუშაოები

ვერდიქტი: რევაზ ხარაზის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

რეზიუმე: ბათუმში, პროგრამის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ფარგლებში, რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს. ამ განცხადებაში პოლიტიკოსი საუბრობს ორ პროექტზე, რომლებიც გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩის №1,3,11-სა და გრიშაშვილის ქუჩის N9-ში ხორციელდება.

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით საცხოვრებელი სახლების დეტალური პროექტების მომზადებისა და მათ საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში შპს „ერთმა“ გაიმარჯვა. ის ორივე ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო. ხელშეკრულებები 2022 წლის 20 მაისს გაფორმდა და მათი ჯამური ღირებულება 14 456 360 ლარს შეადგენს. სამუშაოები მართლაც 2023 წლის 31 მარტს უნდა დასრულებულიყო. თუმცა იმავე წლის დეკემბრის ბოლოს ხელშეკრულებებში ცვლილები შევიდა. ორივე შემთხვევაში ვადა 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა. მიზეზად, როგორც პირველი, ისე მეორე ხელშეკრულების ცვლილებაში, დასახელებულია საპროექტო სამუშაოების გაჭიანურება. ცვლილებების შეთანხმებები იდენტურია და ვადის გაგრძელების საფუძვლად მითითებულია მოსახლეობის რაოდენობის, ასევე ბინის მესაკუთრეთა ფართობების დაზუსტება, საცხოვრებელი ფართების გამოთავისუფლების პრობლემურობა და ა.შ. იქვე აღნიშნულია, რომ პროექტირების ძირითადი ნაწილი 2022 წლის 15 სექტემბერს დასრულდა, ხოლო მობინადრეებთან მოლაპარაკებებმა 15 ოქტომბრამდე გასტანა.

ორივე ხელშეკრულების ფარგლებში, უკვე გადახდილია, ჯამში, 6 096 020 ლარი.

იმის გათვალისწინებით, რომ რევაზ ხარაზი პროექტების დასრულების თარიღს ხელშეკრულებების ცვლილებამდელი ვარიანტის მიხედვით ასახელებს და არ ითვალისწინებს 2022 წლის დეკემბერში მხარეებს შორის დადებულ შეთანხმებას, „ფაქტ-მეტრი“ პოლიტიკოსის განცხადებას აფასებს ვერდიქტით „მეტწილად მცდარი“. ჩვენ ამ ეტაპზე ვერ ვიმსჯელებთ, დაასრულებს, თუ - არა კომპანია სამუშაოებს გახანგრძლივებულ ვადაში. ამიტომ ვერდიქტი მიმდინარე წლის 12 მაისისთვის რეალურად არსებული მდგომარეობისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის საფუძველზე გამოგვაქვს.

ანალიზი: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რევაზ ხარაზმა გენერალ კვინიტაძის ქუჩაზე მშენებარე ობიექტის წინ ვიდეო ჩაწერა და საკუთარ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა. ვიდეოში ის ამბობს: „ბათუმის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 15 მლნ ლარი იხარჯება ამ ორ პროექტზე [პროგრამის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ფარგლებში მშენებარე საცხოვრებელი სახლები]. ამ ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია, რომ სამუშაოების დასრულების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 მარტი. ანუ 2023 წლის 31 მარტს აქ უნდა ყოფილიყო დასრულებული სამუშაოები.“

პოლიტიკოსმა ვიდეო 2023 წლის 19 აპრილს ჩაწერა და არსებული ვითარება აჩვენა. „ფაქტ-მეტრმა“ დააზუსტა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პროგრამის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ფარგლებში მიმდინარე ორ მშენებლობებზე საუბრობს. აქედან ერთი გიორგი კვინიტაძის ქუჩის №1,3,11-ში ხორციელდება, ხოლო მეორე - გრიშაშვილის ქუჩის N9-ში.

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით საცხოვრებელი სახლების დეტალური პროექტების მომზადებისა და მათ საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ორივე ტენდერში გამარჯვებულია კომპანია შპს „ერთი“, რომელთანაც ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ხელშეკრულებები 2022 წლის 20 მაისს გააფორმა.

კვინიტაძის ქუჩასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერში შპს „ერთი“ უკონკურენტოდ მონაწილეობდა. მან შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 7 536 260 ლარი - უცვლელად დატოვა. ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე თვეში, კერძოდ, 2022 წლის დეკემბერში, გაირკვა, რომ საჭირო იყო მოსახლეობის რაოდენობის დაზუსტება. ასევე ზუსტდებოდა ბინის მესაკუთრეთა ფართობები, პრობლემატური იყო საცხოვრებელი ფართების გამოთავისუფლება და ა.შ. ხელშეკრულების შეთანხმებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გარემოებები საპროექტო სამუშაოების გახანგრძლივების საფუძველი გახდა. პროექტირების ძირითადი ნაწილი 2022 წლის 15 სექტემბერს დასრულდა, ხოლო მობინადრეებთან მოლაპარაკებებმა 15 ოქტომბრამდე გასტანა. აქედან გამომდინარე, მხარეებმა პროექტის დასრულების ვადა 2023 წლის 30 სექტემბრამდე გააგრძელეს.

2023 წლის 12 მაისის მდგომარეობით, კომპანიისთვის გადახდილია მთლიანი ღირებულების 43%, რაც 3 255 949 ლარს შეადგენს. მიმდინარე წლის 1 მაისის ცვლილებით, შედგა ახალი გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, მაისი-სექტემბრის განმავლობაში განსახორციელებელი სამუშაოებია ტიხრების, კედლების, იატაკებისა და ჭერების მოწყობა; შიდა მოსახვითი სამუშაოები; ღიობებისა და სახურავის მოწყობა; ფასადის მოპირკეთება; წყალსადენის, კანალიზაციის (შიგა და გარე) მოწყობა; ელმომარაგების სამუშაოები; ინტერნეტისა და სატელეფონო ქსელის შეყვანა; ვენტილაციის, გათბობა-გაგრილების, სახანძრო სიგნალიზაციის სისტემების, ლიფტის მონტაჟი და ტერიტორიის კეთილმოწყობა. სამუშაოების დასრულებამდე დარჩენილია ხუთ თვეზე მეტი, რაც ნიშნავს, რომ კომპანიას პროექტის ვადაში ჩაბარების შესაძლებლობა აქვს.

მეორე შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 990 000 ლარი იყო. შპს „ერთი“ ტენდერში ამჯერადაც მარტო მონაწილეობდა. შემსყიდველმა მასთან 6 920 100 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. მიმწოდებელი საცხოვრებელ კორპუსს გრიშაშვილის ქუჩის N9-ში აშენებს. თავდაპირველად, სამუშაოების დასრულების ვადა აქაც 2023 წლის 31 მარტი იყო. თუმცა, ზუსტად იმავე გარემოებების გათვალისწინებით, რომლებზეც საუბარია კვინიტაძის ქუჩაზე მიმდინარე პროექტის დოკუმენტაციაში, ვადა გახანგრძლივდა და კომპანიას ობიექტის ჩასაბარებლად 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი მიეცა. ახალი გეგმა-გრაფიკის თანახმად, განსახორციელებელი სამუშაოებიც იგივეა. ამ მდგომარეობით, კომპანიისთვის გადახდილია მთლიანი ღირებულების 41% ანუ 2 840 071 ლარი. პროექტის დასრულებისთვის მიმწოდებელს ხუთ თვეზე მეტი რჩება.

ორივე პროექტის ღირებულება 14 456 360 ლარს შეადგენს, ხოლო უკვე გადახდილი თანხა, ჯამში, 6 096 020 ლარია.

„ფაქტ-მეტრი“ წინასწარ ვერ განსაზღვრავს, დასრულდება, თუ - არა პროექტები ახალი გეგმა-გრაფიკის დაცვით. ამიტომ ვერდიქტი მიმდინარე წლის 12 მაისისთვის არსებული მდგომარეობისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის საფუძველზე გამოგვაქვს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5081 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
17%
მეტწილად სიმართლე
10%
ტყუილი
9%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი