სოციალურ ქსელში მომხმარებელი მალხაზ ხაბაზი, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის, ორი გერმანელი მინისტრის, პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდასა და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტუსკის ბაბუები ფაშისტი ლიდერები იყვნენ. რეალურად, პოსტში ნახსენებ არც ერთ პირს გერმანიის ნაცისტურ ლიდერებთან კავშირი არ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში არაერთხელ გავრცელებულა გერმანელ პოლიტიკოსებსა და ნაცისტებს შორის ნათესაურ კავშირებზე ინფორმაცია. რუსული პროპაგანდა ხშირად SS-ის (გერმ. Schutzstaffeln – ქართ. დამცველი რაზმები) ოფიცრებისა და ევროკავშირის ამჟამინდელი პოლიტიკოსების დაკავშირებას ცდილობს.

გერმანულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია CORRECTIV-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომლის საშუალებითაც ოლაფ შოლცსა და გენერალ-ლეიტენანტ, ფრიც ფონ შოლცს შორის ნათესავური კავშირი დადასტურდება. აღსანიშნავია, რომ საარქივო დოკუმენტების მიხედვით, ფრიც ფონ შოლცს შვილი საერთოდ არ ჰყავდა. ამავდროულად, ფედერალური მთავრობის პრესისა და ინფორმაციის ოფისი აღნიშნულ კავშირს უარყოფს.

ოლაფ შოლცის შესახებ გამოქვეყნებული დეზინფორმაცია, მალევე გავრცელდა რუსული მედიის საშუალებით. მაგალითად, რუსი რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი ოლაფ შოლცის შესახებ ინფორმაციას თავის გადაცემებში დადასტურებულ ფაქტად წარმოადგენდა: „აი, გერმანიის ამჟამინდელი კანცლერი ოლაფ შოლცი თურმე არის გენერალ-ლეიტენანტის ფრიც ფონ შოლცის შვილიშვილი, რომელიც იბრძოდა რუსებთან ორივე მსოფლიო ომში და პირადად მონაწილეობდა პოლონეთსა და უკრაინაში ებრაელთა სიკვდილით დასჯაში. გასაკვირი არ არის, რომ ბატონი შოლცი იღიმება, როცა მას ესმის სიტყვა „გენოციდი“ დონბასში“. აღნიშნული ჩანაწერი მოგვიანებით YouTube-დან საერთოდ წაიშალა, სიძულვილის შემცველი განცხადებების გამო.

ოლაფ შოლცის საჯაროდ ხელმისაწვდომ ბიოგრაფიაში წერია, რომ იგი 1958 წელს, ოსნაბრიუკში დაიბადა. ხოლო ბაბუის შესახებ აღნიშნულია, რომ „ბებიები და ბაბუები, რომლებიც რკინიგზაში მუშაობდნენ, იყვნენ ჰამბურგიდან, სადაც შოლცი გაიზარდა“.

შემდეგი პირი, რომლის შესახებაც დეზინფორმაცია ვრცელდება, გერმანიის ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერია. ფეისბუქ პოსტის მტკიცებით, გერჰარდ ლინდნერი, ფიურერის ბრიგადის უფროსი, გერმანიის ფინანსთა მინისტრ კრისტიან ლინდნერის ბაბუაა. გერმანული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია CORRECTIV აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ფინანსთა ფედერალური სამინისტროს დაუკავშირდა. მათ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს.

კრისტიან ლინდნერის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ იგი 1979 წლის 7 იანვარს დაიბადა, ვუპერტალში, სადაც მის ბებია-ბაბუას საცხობი ჰქონდათ. ხოლო, გერჰარდ ლინდნერი 1896 წელს ბაუტცენში დაიბადა და გარდაიცვალა 1982 წელს აურიხში, ქვემო საქსონიაში. CORRECTIV-ის სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ვერ იპოვეს მტკიცებულება იმისა, რომ გერჰარდ ლინდნერი იყო SS ბრიგადის მეთაური.

პოსტის მტკიცება, რომ ჰარტმან ლაუტერბახერი და ჯანდაცვის მინისტრი კარლ ლაუტერბახი ერთმანეთის ნათესავები არიან, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება. ჯანდაცვის სამინისტრო, ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაცია CORRECTIV-ს უდასტურებს, რომ „ჰარტმან ლაუტერბახერი არ არის მინისტრ ლაუტერბახის ბაბუა“.

ჯანდაცვის მინისტრი კარლ ლაუტერბახი დაიბადა 1963 წლის 21 თებერვალს დიურენში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში. მედიის ცნობით, ის საკუთარ თავზე ამბობს, რომ „მუშათა კლასის ოჯახიდანაა". მისი ბებია-ბაბუის შესახებ ოფიციალურად არაფერია ცნობილი. რაც შეეხება ჰარტმან ლაუტერბახერს, ჟურნალისტმა სტეფანი ვასკემ 2009 წელს Braunschweiger Zeitung-ში დაწერა, მის შვილებს იორგ, ილზე და კლაუსს ეძახდნენ. ის იყო ავსტრიელი და გარდაიცვალა ბავარიაში.

პოსტის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, იოსებ ტუსკის, ფიურერის უშიშროების უფროსის, შვილიშვილია. ფაქტების გადამამოწმებელი ორგანიზაცია Full Fact აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ევროპულ საბჭოს დაუკავშირდა.

ევროპული საბჭოს განცხადებით, დონალდ ტუსკის ბაბუა, იოზეფ ტუსკი, არ იყო SS-ის ოფიცერი. იოზეფ ტუსკი ცხოვრობდა გდანსკში, სადაც მუშაობდა პოლონეთის სახელმწიფო რკინიგზაზე. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, იგი გესტაპომ (ნაცისტური საიდუმლო პოლიცია) დააპატიმრა და იძულებით ჯერ შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკის ასაშენებლად, ხოლო შემდეგ ნეუენგამის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნა. პოლონეთის არქივების თანახმად, 1942 წელს ტუსკი გაათავისუფლეს. სარეზერვო პოლკში იგი ომის ბოლოს, 1944 წლის აგვისტოში გაიწვიეს. 1945 წლის მარტში მან პოლკი მიატოვა და პოლონეთში დაბრუნდა.

დეზინფორმაცია ასევე გავრცელდა პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას შესახებ. პოსტის მტკიცებით, დუდა უკრაინელი ნაციონალისტისა და სტეპან ბანდერას მეგობრის შვილიშვილია. მსგავსი დეზინფორმაცია აქამდეც არა ერთხელ გავრცელებულა, მათ შორის 2015 წელს. აღნიშნულ ფაქტს ანჯეი დუდა Twitter-ზე გამოეხმაურა. დუდას თქმით, ინფორმაცია სრული სისულელეა, მისი ბაბუა სტარი-სონჩში ცხოვრობდა, იყო ბეწვით მოვაჭრე და 1992 წელს გარდაიცვალა. ანჯეი დუდას ბიოგრაფიაში ასევე ვკითხულობთ, რომ ბაბუას ერქვა ალოჟი, ხოლო ბებიას - კინგა და მათ ექვსი შვილი ჰყავდათ.

ამდენად, ფეისბუქ მომხმარებლის არც ერთი მტკიცება არ შეესაბამება რეალობას.

---------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5451 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი