ნიკა მელია: უკანასკნელი 16 თვის განმავლობაში 10 000 საცხოვრებელი ბინა იყიდეს რუსეთის მოქალაქეებმა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნიკა მელიას განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2022 წლის განმავლობაში რუსეთის 4520-მა მოქალაქემ 6062 საცხოვრებელი ბინა შეიძინა, 2023 წლის პირველ კვარტალში კი რუსეთის 1679-მა მოქალაქემ 2187 საცხოვრებელი ბინა. ჯამში, 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის აპრილამდე რუსეთის მოქალაქეებმა 8249 ბინა შეიძინეს, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილი საცხოვრებელი ბინების 41%-ზე მეტია და ცალკე აღებულ ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილ ქონებას აჭარბებს. „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნიკა მელიას განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი:

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ 2023 წლის 11 მაისს „TV პირველის“ ეთერში თოქ-შოუ რეაქციაში რუსეთიდან გაზრდილ მიგრაციაზე საუბრისას განაცხადა: (13:53-დან) „დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის [180 დღიან პერიოდში 90 დღით რუსეთში უვიზოდ შესვლის უფლება] უფრო სწორედ გუშინდელი გადაწყვეტილება და მანამდე ავიამიმოსვლების აღდგენა ემსახურება შემდეგი ჩემი აზრით რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში რუსული დიასპორა იყოს ყველაზე ძლიერი დიასპორა, რომელსაც თან, რა თქმა უნდა, ახლავს უამრავი პრობლემა იმიტომ რომ, ოკუპანტი სახელმწიფოს დიასპორა როდესაც არის მძლავრი, როდესაც ვიცით რომ უკანასკნელი 16 თვის განმავლობაში 10 000 საცხოვრებელი ბინა იყიდეს რუსეთის მოქალაქეებმა“.

2023 წლის 4 აპრილს პარლამენტის წევრმა ხათუნა სამნიძემ სადეპუტატო კითხვის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ დაბრუნებული პასუხის თანახმად, 2022 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში სულ 14 875 ბინა შეიძინეს, მათ შორის - რუსეთის მოქალაქეებმა 6062. რუსეთის წილმა 40.8% შეადგინა. 2023 წლის იანვარ-მარტში კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებულ 5159 ბინიდან 2187 რუსეთის მოქალაქეების მიერ იყო შეძენილი. რუსეთის წილმა ამ შემთხვევაში უკვე 42.4%-ს მიაღწია.

საცხოვრებელი ბინების გარდა, 15 თვეში უცხოელების მიერ შეძენილი 7057 მიწის ნაკვეთიდან 3958 ანუ 56.1% რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს, რუსეთის მოქალაქეებზე მოდის ასევე უცხოელების მიერ შეძენილი 2030 არასაცხოვრებელი ფართიდან - 766 ანუ 37.7% და 178 კომერციული ფართიდან - 38 ანუ 21.3%. რუსეთზე დიდი წილი მხოლოდ კომერციული ფართების შემთხვევაში შეერთებულ შტატებს აქვს.

2022 წელს 4.704 მლნ ვიზიტორიდან 1.087 მლნ რუსეთის მოქალაქე იყო. შესაბამისად, რუსი ვიზიტორების წილმა 23.1% მიაღწია და პირველი ადგილი დაიკავა. 2023 წლის პირველ კვარტალში კი რუსეთმა ვიზიტორებში 24.1%-იანი წილით პირველი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა. 2022 წელს ყველაზე დიდი მიგრაციული სალდო - 56 369, ასევე რუსეთიდან დაფიქსირდა.

2013 წელს, რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 54%-ს შეადგენდა, განუხრელი კლების შედეგად, 2021 წელს ის 18%-მდე შემცირდა, თუმცა 2022 წელს ისევ 47%-მდე გაიზარდა. ტენდენცია 2023 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა და მთლიანმა გზავნილებმა 1.256 მლრდ-ს მიაღწია, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 130%-ით აღემატება, 859%-ით 679 მლნ-მდე გაიზარდა გზავნილები რუსეთიდან. რუსეთის წილი გზავნილებში გასული წლის პირველ კვარტალში 13.1%-ს შეადგენდა, 2023 წლის იანვარ-მარტის მდგომარეობით 54%-ს გაუტოლდა.

რუსეთ-საქართველოს შორის რუსეთის გადაწყვეტილებით პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა. პარალელურად, რუსეთმა საკუთარ მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცა არ ემოგზაურათ საქართველოში. 2019 წლის იანვარ-ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა 32%-ით - 527 ათასიდან 692 ათასამდე გაიზარდა, ივლის-აგვისტოში მათი რიცხვი პირიქით, 11%-ით - 878 ათასიდან 780 ათასამდე შემცირდა.

რა გავლენას იქონიებს თითქმის 4 წლის შემდეგ ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება, წინასწარ ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია, სხვა თანაბარ პირობებში მან რუსი ვიზიტორების რაოდენობა უნდა გაზარდოს, მაგრამ უცნობია, რა მოცულობით.

რაც შეეხება უშუალოდ ნიკა მელიას განცხადებას. პოლიტიკოსი მართალია, როდესაც რუსეთიდან გაზრდილ მიგრაციაზე საუბრობს. რუსეთი პირველია როგორც საქართველოში შემოსულ დროებითი ვიზიტორებით, ასევე მიგრანტებით, რუსეთი პირველია ფულადი გზავნილებითა და პირველია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის უძრავი ქონების შეძენითაც. თუმცა მცირე უზუსტობა დასახელებულ რიცხვებს შორის შეინიშნება. ნიკა მელიას წყარო არ დაუსახელებია, საიდან ჰქონდა 2023 წლის აპრილის მონაცემები. პირველი კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით, რუსეთის მოქალაქეები თვეში საშუალოდ 729 ბინას ყიდულობდნენ. თუ 16 თვეში რუსეთის მოქალაქეებმა მართლაც 10 000 ბინა შეიძინეს, ეს იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის აპრილში მათ 1751 ბინა იყიდეს, ანუ ბოლო პერიოდის საშუალოზე 140%-ით მეტი. ფაქტი თეორიულად დასაშვებია, მაგრამ წყაროს დასახელების გარეშე კითხვები ღიად რჩება. სრული სურათის სიზუსტისა და დასახელებულ სტატისტიკური მონაცემის შესაძლო უზუსტობის გათვალისწინებით, ნიკა მელიას განცხადება „ფაქტ-მეტრმა“ შეაფასა როგორც სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5405 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი