შალვა პაპუაშვილი: საკითხის დაყენება შეგეძლოთ [ოპოზიციონერ დეპუტატებს] ბიუროზე და პლენარულ სხდომაზე, მაგრამ არ დაგიყენებიათ
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
რეზიუმე: 1 მაისს გამართულ ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის ხელახლა დაყენება შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობას შეეძლო, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი იმავე კვირის კენჭისსაყრელ საკითხებში „დაეტოვებინა“ და ისევე წარმოედგინა, როგორც სხვა არაერთი საკითხი, რომელთა კენჭისყრაც „ქართული ოცნების“ ერთგვარი ბოიკოტის გამო დაბრკოლდა.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კომისიის შექმნის საკითხი არც ბიუროზე დააყენეს და არც პლენარულ სხდომაზე. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ უმრავლესობა საგამოძიებო კომისიის შექმნას ღიად ეწინააღმდეგება, ლოგიკურია, ძალიან დიდი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ ამ საკითხის კენჭისსაყრელ საკითხებში დამატებას უმრავლესობის წევრები არც ბიუროზე დაუჭერდნენ მხარს (გადაწყვეტილებას ბიუროს დამსწრეთა ხმების უმრავლესობა სჭირდება) და არც პლენარულ სხდომაზე (აქაც დეპუტატების უმრავლესობაა საჭირო).
სწორედ ამიტომ, შალვა პაპუაშვილის, ისევე როგორც უმრავლესობის სხვა წევრების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას შეეძლო კომისიის შექმნის საკითხი ბიუროზე ან პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის დამტკიცებამდე დაეყენებინა, პროცედურულად ზუსტია. თუმცა, კონტექსტის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ შალვა პაპუაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.
ანალიზი
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სავარაუდო სამართალდარღვევები უნდა შეისწავლოს, პარლამენტში ოპოზიციამ დააინიციირა. კომისიის შექმნას „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება, ამიტომ მათ საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის კენჭისყრა სამჯერ ჩაშალეს, რის გამოც საკითხის კენჭისყრა ვერ მოხერხდა. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, ამ ჟესტით ისინი მოსამართლეებსა და სასამართლოს დამოუკიდებლობას სოლიდარობას უცხადებენ.
1 მაისს ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა, რაც ოპოზიციის ინიციატივაა, პლენარულ სხდომაზე კენჭისსაყრელ საკითხებში აღარ იყო. აღსანიშნავია, რომ სხვა საკითხები, რომლებიც წინა კვირის დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული, მომდევნო კვირის კენჭისსაყრელ საკითხებში კვლავ მოხვდა, განსხვავებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისგან.
ეს ფაქტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ბიუროზევე გააპროტესტეს და ძალაუფლების უზურპაციად შეაფასეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატებს საკითხის ბიუროზე ხელახლა დაყენებისკენ მოუწოდა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კომისიის შექმნის საკითხი არც ბიუროზე დააყენეს და არც მომდევნო დღის პლენარულ სხდომაზე.
კამათის დროს შალვა პაპუაშვილმა რეგლამენტი მოიშველია და ისევე, როგორც ბიუროზე, კვლავ გაიმეორა, რომ რეგლამენტის თანახმად, ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, ამა თუ იმ საკითხის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე საკითხი ბიუროზე, ან პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის დამტკიცებამდე დაეყენებინა. „კვლავ უნდა მიგითითოთ პარლამენტის რეგლამენტზე, რომ 89-ე მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, პარლამენტის ბიურო და არა ვინმე ერთპიროვნულად, ადგენს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს. ბიურო გუშინ ჩატარდა. საკითხის დაყენება შეგეძლოთ ბიუროზე, თუ ფიქრობდით, რომ რაიმე საკითხი შესატანია. გუშინ ოპოზიციიდან არავის გამოუყენებია ეს შესაძლებლობა. ამის შემდეგ, უკვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაქვთ შესაძლებლობა, დააყენოთ საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. სპეციალურად 3-წამიანი პაუზა გავაკეთე, სანამ დავამტკიცებდით პლენარული სხდომის დღის წესრიგს და გადმოგხედეთ, აპირებდა, თუ - არა ვინმე რაიმეს თქმას საკითხის დამატებაზე. არავისგან მქონდა ნიშანი, რომ ვინმეს რაიმეს თქმა სურდა. სანამ სხდომის დღის წესრიგს დავაყენებდით, შეგეძლოთ დაგეყენებინათ საკითხი, რომ ეს საკითხი შეგვეტანა დღის წესრიგში. მაგრამ არ დაგიყენებიათ, ისე დამტკიცდა დღის წესრიგი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
„ფაქტ-მეტრმა“ შალვა პაპუაშვილის განცხადებები გადაამოწმა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ქართულ ოცნებას“ მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელმაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სავარაუდო სამართალდარღვევები უნდა შეისწავლოს, ეწინააღმდეგებიან. სწორედ ამ მიზეზით აპრილში მათ პარლამენტში კენჭისყრა სამჯერ ჩაშალეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტის გასული კვირის პლენარულ სხდომათა დღის წესრიგის კენჭისსაყრელ საკითხთა ნუსხაში ყველა ის საკითხი აისახა (ბმული 1; ბმული 2) , რაც წინა სასესიო კვირის კენჭისსაყრელ საკითხებს შორის ეწერა, გარდა ერთისა - სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივისა.
ლოგიკურია, რომ ისევე, როგორც სხვა კენჭისსაყრელი საკითხები, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხიც მომდევნო კვირის კენჭისსაყრელ საკითხებში უნდა გადმოსულიყო, თუმცა უმრავლესობამ საკითხის ინიციატორებს 1 მაისს ბიუროზე მისი ხელახლა დაყენება მოსთხოვა. ამის საფუძვლად, როგორც აღვნიშნეთ, შალვა პაპუაშვილმა კანონმდებლობა მოიშველია, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 89-ე მუხლის 1-ელი პუნქტი, რომლის თანახმადაც, განსახილველი კანონპროექტებისა და სხვა საკითხების ნუსხის საფუძველზე, პარლამენტის სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტს პარლამენტის ბიურო ადგენს.
გამომდინარე იქიდან, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი უკვე განხილული იყო, უმრავლესობას შეეძლო, ისევე, როგორც სხვა არაერთი საკითხი, რომელთა კენჭისყრაც „ქართული ოცნების“ ერთგვარი ბოიკოტის გამო დაბრკოლდა, კომისიის შექმნის საკითხიც გასული კვირის კენჭისსაყრელ საკითხებში „დაეტოვებინა“. მიუხედავად ამისა, მათ საკითხის ხელახლა დაყენება ოპოზიციონერ დეპუტატებს შესთავაზეს და ამით, ფაქტობრივად, ბიუროზევე „დაბლოკეს“ კენჭისსაყრელად საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის გატანა, რომელსაც, როგორც ცნობილია, პარლამენტის სრული შემადგენლობის 1/3 უჭერს მხარს. კანონმდებლობის თანახმად, ხმების ეს რაოდენობა კომისიის შესაქმნელად საკმარისია.
როგორც აღვნიშნეთ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კომისიის შექმნის საკითხი არც ბიუროზე დააყენეს და არც პლენარულ სხდომაზე მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მათ ამის საშუალება ჰქონდათ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ უმრავლესობა ღიად ეწინააღმდეგება კომისიის შექმნას, ბუნებრივია, რომ ისინი არც ბიუროზე დაუჭერდნენ მხარს საკითხის კენჭისყრაზე გატანას (რასაც სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობა სჭირდება) და არც პლენარულ სხდომაზე (აქაც დეპუტატების უმრავლესობაა საჭირო) - დღის წესრიგის დამტკიცებამდე.
სწორედ ამიტომ, შალვა პაპუაშვილის, ისევე როგორც უმრავლესობის სხვა წევრების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას შეეძლო კომისიის შექმნის საკითხი ბიუროზე ან პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის დამტკიცებამდე დაეყენებინა, პროცედურულად ზუსტია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ უმრავლესობა ღიად ეწინააღმდეგება კომისიის შექმნას და ისინი არც ბიუროზე დაუჭერდნენ მხარს საკითხის კენჭისყრაზე გატანას და არც პლენარულ სხდომაზე, მთლიანობაში განცხადებას „ფაქტ-მეტრი აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.