მსოფლიოში არცერთი სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტს

ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიოში არცერთი სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მცდარი.

რეზიუმე: აქონდროპლაზიის სამკურნალო ინოვაციური პრეპარატი Voxzogo (ვოზორიტიდი) ჩეხეთში, იტალიასა და ესპანეთში აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია და პრეპარატს სახელმწიფო აფინანსებს. ამასთან, გერმანიის ჯანდაცვის ფედერალურმა სამინისტრომ „ფაქტ-მეტრს“ დაუდასტურა, რომ ვოზორიტიდი ხელმისაწვდომია გერმიანიაშიც და მკურნალობას გერმანიის ჯანდაცვის სისტემა [ჯანდაცვის ფონდები] აფინანსებს.

შესაბამისად, პრემიერის განცხადება, რომ არცერთი ქვეყნის სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს ვოზორიტიდით მკურნალობას, მცდარია.

ანალიზი

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოში დაავადების სამკურნალო ერთადერთი პრეპარატის - ვოზორიტიდის (Voxzogo) შემოტანისა და დაფინანსების ითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტრო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანისა და დაფინანსების საკითხს განიხილავს, თუმცა არ ჩქარობს. მათი განმარტებით, საჭიროა მეტი დრო, რათა მედიკამენტის შესახებ (მათ შორის უსაფრთხოებაზე) მეტი მტკიცებულებები დაგროვდეს. (იხილეთ: ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება უარს არ ამბობს მედიკამენტის დაფინანსებაზე, მაგრამ საჭიროა მეტი დრო. მისი განცხადებით: „მსოფლიოში 200 ქვეყანაში არცერთი სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს ამ მედიკამენტებით მკურნალობას და ჩვენ გვეუბნებიან, 200 ქვეყნიდან საქართველო იყოს გამონაკლისი“.

აქონდროპლაზიის სამკურნალო ინოვაციური პრეპარატი Voxzogo (ვოზორიტიდი) ჯერ კიდევ 2021 წელს დამტკიცდა, ისეთი მკაცრი მარეგულირებლების მიერ, როგორებიცაა: ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA)და ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) მიერ.

Voxzogo პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია აშშ-ში, ასევე ევროკავშირის რიგ ქვეყნებში. მედიკამენტი ახალია და შესაბამისად, ის ქვეყნების უმეტეს ნაწილში ახლა ინერგება, თუმცა პრემიერის განცხადება, თითქოს არცერთი ქვეყნის სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს ვოზორიტიდით მკურნალობას, მცდარია.

„ფაქტ-მეტრმა“ მოიძია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, სადაც აქონდროპლაზიის სამკურნალოდ ინოვაციური პრეპარატი Voxzogo გამოიყენება და დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ.

მას შემდეგ, რაც ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) ევროკავშირში Voxzogo-ს გამოყენება დაამტკიცა, ჩეხეთი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყო, ვინც აქონდროპლაზიის სამკურნალოდ მისი გამოყენება დაიწყო.

ჩეხეთში, 2022 წლის 1 იანვრიდან კანონში შესაბამისი ცვლილებები შევიდა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს, იშვიათი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ადრეული წვდომა ჰქონდეთ. ჩეხეთის რესპუბლიკაში Voxzogo-ს პაციენტები 2022 წლის შუა პერიოდიდან იღებენ. 2022 წლის სექტემბრიდან, Voxzogo-ს ჯანმრთელობის ზოგადი დაზღვევის კომპანია (VZP) აფინანსებს. სადაზღვევო კომპანია VZP დაარსებულია სახელმწიფოს მიერ და მის დაქვემდებარებაშია. Voxzogo-ს ასევე ფარავს სხვა სადაზღვევო კომპანიები - მაგალითად, ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანია.

იტალიაში, Voxzogo აქონდროპლაზიის სამკურნალოდ 2022 წლის სექტემბრიდან გამოიყენება და მის ღირებულებას იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური (SSN) ანაზღაურებს.

Voxzogo, როგორც აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი დამტკიცებულია ესპანეთშიც. მიმდინარე წლის მარტიდან პაციენტებისთვის სახელმწიფო დაფინანსებაა ხელმისაწვდომი.

გერმანიის ჯანდაცვის ფედერალურმა სამინისტრომ „ფაქტ-მეტრს“ დაუდასტურა, რომ გერმანიაში აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისთვის Voxzogo ხელმისაწვდომია. მედიკამენტის ღირებულებას ჯანდაცვის ფონდები ანაზღაურებენ.