საქართველოს მთავრობა: ექსპორტი პირველ კვარტალში 25%-ით გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, საქართველოს მთავრობის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: მთლიანი ექსპორტი 2023 წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მართალია 24.7%-ით - 1.172 მლრდ დოლარიდან, 1.462 მლრდ დოლარამდე ნამდვილად გაიზარდა, მაგრამ ადგილობრივი ექსპორტი, ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე იმავე პერიოდში 13.5%-ით - 885 მლნ-დან 766 მლნ-მდე შემცირდა. რეექსპორტიც ეკონომიკის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში დამატებით ღირებულებას ქმნის, თუმცა ბევრად ნაკლებს, ვიდრე ადგილობრივი ექსპორტი.

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოებაც. მსოფლიოს #1 ეკონომიკის მქონე ქვეყანაში - შეერთებულ შტატებში, ექსპორტი 82%-ით - 83 მლნ-დან 15 მლნ-მდე შემცირდა, #2 ეკონომიკაში ანუ ჩინეთში 39%-ით - 220 მლნ-დან 133 მლნ-მდე. ევროკავშირში კი მხოლოდ 2.5%-იანი ზრდა აღინიშნა - 209 მლნ-დან 214 მლნ-მდე, სანაცვლოდ 61%-იანი ზრდა დაფიქსირდა რუსეთში, 189%-იანი - სომხეთში, 415%-იანი - ყაზახეთსა და 1457%-იანი - ყირგიზეთში.

იმის გათვალისწინებით, რომ მთლიანი ექსპორტის ზრდა რუსეთსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში რეექსპორტის ზრდამ განაპირობა, ადგილობრივი ექსპორტი კი პირიქით შემცირდა, „ფაქტ-მეტრმა“ მთავრობის განცხადება მანიპულირებად შეაფასა.

ანალიზი:

საქართველოს მთავრობამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ქარდის სახით ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ 2023 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი 25%-ით 1.461 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

ექსპორტი, ცალკეული ჩავარდნების გამოკლებით, წლიდან წლამდე, სხვადასხვა ტემპით მუდმივად იზრდებოდა, როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „მოქალაქეთა კავშირის“ მმართველობის პირობებშიც. სტატისტიკა 1995 წლიდან იწარმოება. 1995-2022 წლებში ქვეყანამ ექსპორტზე ჯამში 48.2 მლრდ დოლარის პროდუქცია გაიტანა.

1995-2003 წლებში ექსპორტზე სულ 2.480 მლრდ-ის პროდუქცია გავიდა, ამ პერიოდში (1996-2003-ში. 1995 მონაცემების არქონის გამო 1994 წელთან ვერ შედარდება) საშუალო წლიური ზრდის ტემპი 14.6%-ს შეადგენდა.

2004-2012 წლებში ექსპორტის მოცულობა ჯამში 12.550 მლრდ-მდე გაიზარდა. საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა ამ შემთხვევაში 20%-ს მიაღწია.

2013-2022 წლებში ჯამურმა ექსპორტმა უკვე 33.2 მლრდ-ს მიაღწია, თუმცა საშუალო წლიური ზრდის ტემპი 9.7%-მდე შემცირდა. მთლიანი 1996-2022 წლების საშუალო ზრდის ტემპი კი 14.2%-ია.

გრაფიკი 1: ექსპორტი (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2022 წელს ექსპორტი 31.8%-ით გაიზარდა, 2023 წლის პირველ კვარტალში - 24.7%-ით. მხოლოდ ეს რიცხვები ცალსახა დადებით ტენდენციას აჩვენებს, მაგრამ გარდა იმისა თუ რამდენი იყო ზრდა, საინტერესოა ისიც, თუ რისი ექსპორტი გაიზარდა და სად.

2022 წელს მთლიანი ექსპორტი 31.8%-ით გაიზარდა, ადგილობრივი ექსპორტიც (ექსპორტი რეექსპორტის გამოკლებით) უფრო დაბალი ტემპით (18.4%), მაგრამ იზრდებოდა. 2023 წლის პირველ კვარტალში ვითარება შეიცვალა და ექსპორტი რეექსპორტის გამოკლებით, 13.5%-ით 885 მლნ-დან 766 მლნ დოლარამდე შემცირდა.

რას ყიდის საქართველო? 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, პირველ ადგილზე 412 მლნ დოლარით მსუბუქი ავტომობილებია. მას 28.2%-იანი წილი უკავია, უფრო მეტი, ვიდრე ხუთეულში შემავალ ოთხ დანარჩენ პროდუქციას ერთად. ავტოექსპორტი ბოლო 1 წელიწადში 334%-ით გაიზარდა. საქართველო ბუნებრივია ავტომწარმოებელი არაა და ეს რიცხვები მხოლოდ რეექსპორტს ასახავს.

მეორე ადგილს - 205 მლნ-ით, სპილენძის მადნები იკავებს, მისი ექსპორტი 24%-ითაა შემცირებული. მესამე ადგილზე მყოფი ფეროშენადნობის ექსპორტი კი განახევრების შემდეგ 81 მლნ-მდე შემცირდა. ფეროშენადნობების მნიშვნელოვან ბაზარს რუსეთი წარმოადგენდა, თებერვალში დემპინგური ფასის საბაბით რუსეთმა ქართული ფეროს იმპორტზე მაღალი იმპორტის გადასახადი დააწესა, რამაც ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად შეზღუდა.

მართალია რეექსპორტიც ეკონომიკის ნაწილია, მაგრამ ადგილობრივი ეკონომიკისთვის მისი დამსახურება ბევრად უფრო ნაკლებია. სამუშაო ადგილები ექსპორტთან შედარებით უფრო ნაკლები იქმნება, რასაც თითქმის საერთოდ არ ახლავს თან კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. უფრო მეტიც, ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ავტოიმპორტიორი აცხადებს, რომ რეექსპორტი შინაარსობრივად უფრო ტრანზიტია, რადგან მის რეალიზაციას პირდაპირ მეზობელი სახელმწიფოს რეზიდენტები ახორციელებენ. ამ შემთხვევაში, საქართველოს მხოლოდ ტრანზიტის საფასური, ერთ სატვირთოზე 350 ლარი რჩება.

ცხრილი 1: საექსპორტო პროდუქცია

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

თავის მხრივ, ადგილობრივი ექსპორტიც შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს, ნედლეულად და მზა პროდუქციად. მზა პროდუქციას საქართველო ძირითადად სასურსათო მიმართულებით აწარმოებს: ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები. ერთგვარ გამონაკლისად შეიძლება სასუქები ჩავთვალოთ, რაც აგრეთვე აგროსფეროსთვისაა განკუთვნილი, მაგრამ ქიმიური მრეწველობის პროდუქტს წარმოადგენს.

საქართველოს ექსპორტზე გააქვს მცირე ოდენობით ნედლი ნავთობი და არა EURO 6-ის სტანდარტის ბენზინი, თხილი და არა თხილიანი შოკოლადი, სპილენძის მადნები და არა სპილენძის კაბელი. თითქმის საერთოდ არ აწარმოებს, ჩიპებს, პროცესორებსა და სხვა მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას.

Mercedes, Volkswagen, Toyota, Tesla, Apple, Samsung… საქართველოში არც ერთი მათგანი არაა წარმოდგენილი. საქართველოს ექსპორტზე ვერც კომპიუტერული პროგრამები და მობილური აპლიკაციები გააქვს, ვერც ფილმები და სერიალები.

ასეთი მდგომარეობა სიახლე არაა. ტექნოლოგიურ გიგანტებს საქართველო ბოლო 5 ან 10 წელიწადში არ დაუტოვებიათ, ისინი ბაზარზე არც იქამდე ყოფილან, მაგრამ არც დღეს არიან და დადასტურებულად უახლოეს მომავალში რომელიმე მათგანი შემოსვლას არც გეგმავს.

2022 წელს საქართველოს მთლიანმა ექსპორტმა 5.593 მლრდ შეადგინა. თუ 24.7%-იანი ზრდა შენარჩუნდა მისი მოცულობა 6.975 მლრდ-ს მიაღწევს. ცოტაა თუ ბევრი ეს?

სინგაპურის ექსპორტმა 2021 წელს 503 მლრდ შეადგინა, შვეიცარიის ექსპორტმა 433 მლრდ, ირლანდიის ექსპორტმა 330 მლრდ, შვედეთისამ 209 მლრდ, ავსტრიისამ 199 მლრდ, ნორვეგიის 158 მლრდ, დანიის 142 მლრდ, ფინეთის 83 მლრდ. ამ ქვეყნებში მოსახლეობის რაოდენობის მაქსიმუმი 10 მლნ-ა. უფრო მეტიც, 2.7 მლნ-იანმა ლიეტუვამ ექსპორტზე 37 მლრდ-ის პროდუქცია გაიტანა, 1.9 მლნ-იანმა ლატვიამ 19 მლრდ-ის, ასევე 19 მლრდ-ის ექსპორტი განახორციელა მოსახლეობით 1.3 მლნ-იანმა ესტონეთმა.

ექსპორტში რეექსპორტისა და ნედლეულის წილი წინა წლებშიც მაღალი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში გეოგრაფიული სტრუქტურაც შეიცვალა. 2022 წლის პირველ კვარტალში ექსპორტში ევროკავშირის წილი 17.8%-ს აღწევდა, 2023 წლის პირველ კვარტალში კი 14.6%-მდე შემცირდა, ამის საპირისპიროდ დსთ-ს წილი 37.2%-დან 58.5%-მდე გაიზარდა. ქვეყანათა ჯგუფის გარდა ჩინეთის წილი 18.8%-დან 9.1%-მდეა შემცირებული, შეერთებული შტატების - 7.1%-დან 1%-მდე. თუმცა ამავე დროს რუსეთის წილი 9.4%-დან 12.1%-მდეა გაზრდილი, სომხეთის - 6.4%-დან 14.8%-მდე, აზერბაიჯანის - 10.7%-დან 12.4%-მდე, ყაზახეთის - 2%-დან 8.4%-მდე, ყირგიზეთის - 0.5%-დან 6.6%-მდე.

გრაფიკი 2: ექსპორტის წილი სახელმწიფოებსა და სახელმწიფოთა ჯგუფებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რა არის ცვლილებებში პრობლემა? დსთ-ს წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2.3%-ზე ნაკლებია, ჩინეთის 18%-ზე მეტი, ევროკავშირის 18% და შეერთებული შტატების 24%. ანუ საქართველოს ექსპორტის ნახევარზე მეტი მოდის იმ ქვეყნებზე რომლებიც ჯამურად მსოფლიო ეკონომიკის 2.3%-ზე ნაკლებს აწარმოებენ და იმ ქვეყნებზე, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკის 60%-ის გენერირებას ახდნენ მხოლოდ 25%.

ბრიტანეთი, კორეა, იაპონია და ინდოეთი ასევე ქმნიან მსოფლიო მშპ-ს 13%-ზე მეტს. ამ ოთხ ქვეყანაში ექსპორტის წილი 2022 წლის იანვარ-მარტში 2.1%-ს შეადგენდა, 2023 წლის იანვარ-მარტში 1.2%-მდე შემცირდა.

რუსეთი გარდა იმისა, რომ ეკონომიკის ზომით, არათუ მთლიან ევროკავშირთან ცალკე აღებულ გერმანიასთან, ცალკე აღებულ საფრანგეთთან და ცალკე აღებულ იტალიასთან შედარებითაც კი პატარა ქვეყანაა, პოლიტიკური რისკი შეუდარებლად უფრო მაღალია, რასაც 2006 წლის ემბარგოს გამოცდილებაც ადასტურებს. თუნდაც მიმდინარე წელს, ომის პირობებშიც კი რუსეთმა საქართველოდან ფეროშენადნობის იმპორტი პრაქტიკულად აკრძალა. დამატებით შეიძლება 2019 წელს პირდაპირი ფრენების აკრძალვაც გავიხსენოთ.

მთავრობის განცხადებაში დასახელებული მონაცემის რიცხობრივად სიზუსტის მიუხედავად ინფორმაციას რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი აკლია. 1) მთლიანი ექსპორტის ზრდის პარალელურად ექსპორტი რეექსპორტის გარეშე შემცირებულია; 2) მთლიანი ექსპორტიც ძირითადად ხუთი ქვეყნის: რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ხარჯზე გაიზარდა, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება, ევროკავშირში უმნიშვნელო ზრდა; 3) ადგილობრივ ექსპორტშიც კვლავინდებურად ძალიან მაღალია ნედლეულისა და აგროპროდუქციის წილი.

ის ფაქტი, რომ სანქციების გამო რუსეთს ავტომობილებისა თუ სხვა პროდუქციის პირდაპირ ევროპული ბაზრიდან შესყიდვა გაუჭირდა და საქართველომ ტრანზიტის ფუნქციები შეითავსა, მთავრობის დამსახურებად ვერ შეფასდება. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ რუსეთში ავტომობილების რეექსპორტი სანქციების დარღვევა არაა. ქართულ მხარეს ეკრძალება მხოლოდ ისეთი ევროპული წარმოების ავტომობილის რუსეთში გადატანა, რომლის ფასიც 50 000 ევროს აჭარბებს. აღნიშნული რეგულაციის დარღვევის ფაქტი 2023 წლის აპრილის მდგომარეობით არ დადასტურებულა. თუ მსგავსი ავტომობილი რუსეთში მესამე ქვეყნებიდან ხვდება, თუნდაც მან მანამდე საქართველოს ტერიტორია გაიაროს, სამართლებრივი პასუხისმგებლობა მაინც მესამე ქვეყნებზე გადადის.

იმის გათვალისწინებით, რომ მთლიანი ექსპორტის ზრდა რუსეთსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში რეექსპორტის ზრდამ განაპირობა, ადგილობრივი ექსპორტი კი პირიქით შემცირდა, „ფაქტ-მეტრმა“ მთავრობის განცხადება მანიპულირებად შეაფასა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5513 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი