მიზეზი, რატომაც აქ სხედხართ, არის ის, რომ მოთხოვნის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ მანდატები არ შეგიწყვიტათ

შალვა პაპუაშვილი:[ოპოზიციას] მიზეზი, რატომაც აქ სხედხართ, არის ის, რომ მოთხოვნის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ მანდატები არ შეგიწყვიტათ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ოპოზიციამ, საერთო ჯამში, 60 მანდატი მოიპოვა. იმავე წლის დეკემბერში 54-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით მიმართა. მათ ამის მიზეზად საპარლამენტო არჩევნების გაყალბება დაასახელეს და მეათე მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს.

2021 წლის თებერვალში საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ოპოზიციონერ დეპუტატებს მოთხოვნისთვის მხარი არ დაეჭირა და მათ მანდატები არ შეუწყვიტა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ არა უმრავლესობის გადაწყვეტილება, 54 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების შეწყვეტის მოთხოვნის არდაკმაყოფილებაზე, დღეისთვის საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატების უმრავლესობა პარლამენტში აღარ იქნებოდა. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ შალვა პაპუაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.

ანალიზი

20 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მესამედ ჩააგდო. უმრავლესობის წევრები რეგისტრაციას არ გადიან, კვორუმის არარსებობის გამო კი საკითხისთვის კენჭისყრა ვერ ხერხდება. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, ამ ჟესტით ისინი მოსამართლეებსა და სასამართლოს დამოუკიდებლობას სოლიდარობას უცხადებენ.

„უმრავლესობის თითოეული წარმომადგენელი, რომელიც ასრულებს დირექტივას, რომ არ გაიაროს რეგისტრაცია, არღვევს კონსტიტუციას და საქართველოს პარლამენტი მესამე დღეა, პარალიზებულია, რადგან უმრავლესობა ბოიკოტის რეჟიმშია“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ. ბოკუჩავას საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მიზეზი, რატომაც ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს პარლამენტში არიან, ისაა, რომ თავის დროზე, მოთხოვნის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ მათ მანდატები არ შეუწყვიტა.

„ოპოზიციის წარმომადგენლებს შეგახსენებთ, ერთადერთი მიზეზი, რატომაც თქვენ დღეს აქ სხედხართ, არის ის, რომ თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ მანდატები არ შეგიწყვიტათ, მიუხედავად იმისა, რომ ამას ითხოვდით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

„ფაქტ-მეტრმა“ შალვა პაპუაშვილის განცხადება გადაამოწმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ოპოზიციამ, საერთო ჯამში, 60 მანდატი მოიპოვა. იმავე წლის დეკემბერში 54-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით მიმართა. მათ ამის მიზეზად საპარლამენტო არჩევნების გაყალბება დაასახელეს და მეათე მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს.

მათგან „პატრიოტთა ალიანსის“ სამ წევრს - ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. მათ ნაცვლად პარლამენტში პარტიული სიის მომდევნო წევრები ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი და გელა მიქაძე შევიდნენ .

მოგვიანებით, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილება პარტია „მოქალაქეების“ 2-მა დეპუტატმაც - ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა, მიიღო. ეს უკანასკნელი დღეისთვის სახალხო დამცველის პოზიციაზეა.

უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებები არ დაუწერია „გირჩის“ სამ წარმომადგენელს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილს. მეტიც, პარტიამ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, ოპოზიციური დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხისთვის მხარი არ დაეჭირა.

მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტაზე „ქართულ ოცნებაში“ თავდაპირველად აზრთა სხვადასხვაობა იყო, საბოლოოდ, მმართველმა გუნდმა ოპოზიციური პარტიების დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა.

„რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს, განახორციელოს ის, რასაც ჩვენ პარლამენტის საბოტაჟს ვუწოდებდით და რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ უფრო მწვავედ შეაფასა, როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. თუმცა საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ მანდატების შეწყვეტაზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

მისი თქმით, უმრავლესობამ საკითხისადმი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება ასევე გაითვალისწინა.

„ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ის გარემოება, რომ იმ დეპუტატებს, რომლებმაც განცხადებები წარადგინეს, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 39%-მა დაუჭირა მხარი. შესაბამისად, ამ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას“, - აღნიშნა კობახიძემ.

მოგვიანებით, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიის წევრებმა პარლამენტში შესვლა ეტაპობრივად დაიწყეს. „გირჩის“ წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში 19 აპრილს შევიდნენ. 19 აპრილის („შარლ მიშელის შეთანხმებაზე“) შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციის 12 დეპუტატი პარლამენტში 27 აპრილს შევიდა. მათ შორის იყვნენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“ წევრები და ერთადერთი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ - სალომე სამადაშვილი. მათ თავიანთი გადაწყვეტილება პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს. 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ პარლამენტში შევიდა ზურა-გირჩი ჯაფარიძეც.

შვიდთვიანი ბოიკოტის შემდეგ, 8 ივნისს პარლამენტში საარჩევნო ბლოკ „ენმ-ძალა ერთობაშიას“ დეპუტატებიც მივიდნენ და საპარლამენტო ადგილები დაიკავეს, თუმცა მათ იმ დროისთვის 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელი ჯერ არ ჰქონდათ მოწერილი . „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად პარლამენტში პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანიც შევიდა.

პარლამენტში შესვლის თაობაზე გადაწყვეტილება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 30 მაისს გამოაცხადა.

„ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო სხდომათა დარბაზი, საკომიტეტო დარბაზები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარბაზები, მოედნები, ქუჩები, სოფელში, რაიონში, მთაში, ბარში, ყველგან ბიძინა ივანიშვილს ექნება უდიდესი წინააღმდეგობა, იმიტომ, რომ წელს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დამარცხდეს", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ იმჟამინდელმა თავმჯდომარე - ნიკა მელიამ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ არა უმრავლესობის გადაწყვეტილება, 54 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების შეწყვეტის მოთხოვნის არდაკმაყოფილებაზე, დღეისთვის საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატების უმრავლესობა პარლამენტში არ იქნებოდა. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ შალვა პაპუაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნება“ ჩანაწერს კანონმდებლობაში, რომელიც დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტას ეხება, მანიპულაციურად იყენებს. შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობა პირდაპირ განსაზღვრავს ჩამონათვალს, რომელიც პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველია, თუმცა, ამავდროულად, ამბობს, რომ საკითხს პარლამენტი წყვეტს.

2019 წელს, როდესაც დღის წესრიგში ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტის საკითხი იდგა, უმრავლესობის დეპუტატები ამბობდნენ, რომ პარლამენტი ვალდებული იყო მელიასთვის უფლებამოსილება შეეწყვიტა, რადგან ამის საფუძველი - სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, არსებობდა და კენჭისყრა მხოლოდ „მექანიკური“ ხასიათის იყო.

მანდატების შეწყვეტაზე დეპუტატების მოთხოვნის შემთხვევაში კი, უმრავლესობამ საკითხის გადაწყვეტა „მექანიკურად“ აღარ მიიჩნია და მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტის საფუძველი არსებობდა, ისეთივე, როგორც ნიკა მელიას შემთხვევაში, მათ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.