გიორგი ვაშაძე: 2023 წლის ბიუჯეტში ევროპული და ამერიკული სესხებისა და გრანტების მოცულობა 900 მლნ დოლარამდეა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში უცხოური სესხებით 2.244 მლრდ ლარის მობილიზებაა დაგეგმილი, უცხოური გრანტებით 280 მლნ-ის, ორივე მათგანის ჯამი 2.524 მლრდ ლარს უთანაბრდება. ეს თანხა ბიუჯეტის დამტკიცების მომენტში - 2022 წლის დეკემბერში, 950 მლრდ დოლარს შეადგენდა.

როგორც სესხებში, ასევე გრანტებში ყველაზე დიდ დონორებს, ცალკეული ქვეყნები კი არა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები წარმოადგენენ, მაგრამ მათ უკან მაინც კონკრეტული სახელმწიფოები ან სახელმწიფოთა ჯგუფი დგას. იმის მიხედვით, თუ სად არის დაფუძნებული ესა თუ ის ორგანიზაცია და ვინაა მისი დაფინანსების წყარო, მისი წარმომავლობის დადგენაა შესაძლებელი.

გიორგი ვაშაძე სავარაუდოდ, გრანტებსა და სესხების ჯამურ მაჩვენებელს გულისხმობდა. რეალურად, უმთავრესი დონორები დასავლური ორგანიზაციები კი არიან, მაგრამ მინიმუმ 450 მლნ ლარი, რაც ბიუჯეტის დამტკიცების მომენტში 170 მლნ დოლარს უდრიდა, აზიური წარმომავლობის ფულია, კიდევ 300 მლნ ლარი ანუ 110 მლნ დოლარი კი ერთობლივი დაფინანსების პროექტებს წარმოადგენს. „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

11 აპრილის პალიტრანიუსის ეთერში გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბიუჯეტის უცხოეთიდან დაფინანსების წყაროებზე ისაუბრა და განაცხადა (20:52-დან): „პირდაპირ გეუბნებით წლევანდელ ბიუჯეტში 900 მლნ დოლარამდე არის ჩადებული საგარეო ასე ვთქვათ სხვადასხვა რესურსების ვალების თუ გრანტების აღება ხომ? ეს ფული საიდან მოდის, ვინ გვაძლევს ამ ფულს? ამერიკა, ევროკავშირი და რას ეუბნები შენ მათ რომ არა, ფული მომეცი, მე ჯიბეში ჩავიდებ მაგ ფულს და მერე რაც გინდა ის აკეთე?“

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, გრანტებისთვის 280 მლნ ლარია გათვალისწინებული, უცხოური კრედიტებისთვის - 2.244 მლრდ ლარი. ორივე მათგანი ჯამში 2.524 მლრდ-ს შეადგენს, რაც 11 აპრილის კურსით (იმ დღის კურსით, როდესაც გიორგი ვაშაძემ სტატისტიკური მონაცემები დაასახელა) 1 მლრდ დოლარს შეადგენდა.

950 მლნ 900 მლნ-ზე მეტია, მაგრამ ფინანსური დონაციიდან დასავლური წარმომავლობის თანხები მხოლოდ ნაწილია. დონორთა შორის აზიის განვითარების ბანკიცაა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოც.

საგრანტო დაფინანსებიდან 140 მლნ ევროკავშირზე და მის ინსტიტუტებზე მოდის. ვარდნილჰესისა და ენგურჰესის რეაბილიტაციაზე 10 მლნ ლარია გათვალისწინებული, აჭარის სოფლების წყალმომარაგებაზე 5 მლნ, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაზე 26 მლნ, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე 27 მლნ.

კრედიტებიდან 1.844 მლრდ ლარი დონორების დაფინანსებაა, 400 მლნ საბიუჯეტო სახსრები. 1.844 მლრდ-დან 1.1 მლრდ ლარი დასავლური წარმომავლობის ფულია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), აგრეთვე მსოფლიო ბანკი, რომელიც მართალია გლობალური მასშტაბის ფინანსური ინსტიტუტია, მაგრამ რადგან მისი დამაარსებელი და ძირითადი დამფინანსებელი შეერთებული შტატებია, ისიც დასავლურ ფინანსურ ორგანიზაციად მოიაზრება.

450 მლნ აზიური დაფინანსებაა, ძირითადად აზიის განვითარების ბანკის (ADB), 300 მლნ-მდე შერეული.

კრედიტები ძირითად შემთხვევაში ინფრასტრუქტურულ პროექტებთანაა დაკავშირებული. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი 3.331 მლრდ ლარით არის განსაზღვრული, საიდანაც 1.956 მლრდ ლარი საბიუჯეტო სახსრებია, 14 მლნ ლარი გრანტი და 1.361 მლრდ ლარი კრედიტი. კრედიტიდან ყველაზე დიდი მოცულობის თანხა - 898 მლნ ლარი ჩქაროსნული ავტომაგისტრალისთვისაა განკუთვნილი. 183 მლნ ლარი წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე. უფრო კონკრეტულად ზემო ოსიაურის მონაკვეთისთვის მსოფლიო ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს 60 მლნ ლარი აქვთ გამოყოფილი, უბისა-შორაპნის მონაკვეთისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკს 163 მლნ ლარი, ხევი-უბისის მონაკვეთზე ევროპის საინვესტიციო ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს ერთობლივად 104 მლნ ლარი. გარდა ამისა, 500-კილოვოლტიანი ჯვარი-წყალტუბოს ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობაზე მსოფლიო ბანკი 18.5 მლნ ლარს დახარჯავს, აჭარის სოფლების წყლით მომარაგებაზე ევროკავშირი და გერმანიის განვითარების საინვესტიციო ბანკი - 30 მლნ ლარს.

საქართველო, მას შემდეგ რაც დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, უცხოური გრანტებითა და სესხებით ყოველთვის სარგებლობს. უცხოურ დაფინანსებას ბიუჯეტის ფორმირების დროსაც მნიშვნელოვანი წილი უკავია. პანდემიის პერიოდში, 2020 წელს ბიუჯეტის შემოსულობებში უცხოური სესხებისა და გრანტების წილმა 31%-ს გადააჭარბა. 2023 წლის გეგმა 11.5%-ა.

როგორც გრანტების, ასევე სესხების უდიდესი ნაწილი დასავლური წარმომავლობისაა. 2023 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, მთავრობის ჯამური საგარეო ვალი 7.837 მლრდ დოლარია, საიდანაც 5.759 მლრდ მრავალმხრივ კრედიტორებზე ნაწილდება, 500 მლნ ევროობლიგაციებზე, 1.577 მლრდ ცალკეულ სახელმწიფოებზე, რასაც ეროვნული ბანკის სავალუტო ფონდის მიმართ არსებული 427 მლნ დოლარიანი დავალიანებაც ემატება და მთლიანი სახელმწიფო ვალი 8.265 მლრდ დოლარი ხდება.

საერთაშორისო დონორებიდან დასავლური დონორების წილი 60.7% - 3.500 მლრდ დოლარია, ორმხრივ კრედიტორებში 87.3% - 1.376 მლრდ, მათ შორის საფრანგეთის - 728 მლნ, გერმანიის - 623 მლნ. თუ ამ თანხებს ევროობლიგაციებსა და ეროვნული ბანკის დავალიანებასაც დავუმატებთ, 5.804 მლრდ-ს მივიღებთ, რაც მთლიანი სახელმწიფო ვალის 70.2%-ს შეადგენს. დარჩენილი 2.460 მლრდ-დან - 2.065 მლრდ, აზიის განვითარების ბანკის მიმართ არსებული დავალიანებაა, 194 მლნ ­- აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის, ორმხრივ კრედიტორებში კი - 151 მლნ დოლარით, აზიიდან იაპონია ლიდერობს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5081 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
17%
მეტწილად სიმართლე
10%
ტყუილი
9%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი