ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში წლებია სასმელი წყლის პრობლემა არსებობს. წლების განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები წინასაარჩევნო პერიოდში ჩადიან სულდაში, ადგილობრივებს სასმელ წყალს ჰპირდებიან, თუმცა შედეგი არ ჩანს. უმნიშვნელოვანესი საყოფაცხოვრებო პრობლემის მიღმა, სულდაში გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება (მაგ, გაიხსნა საბავშვო ბაღი და ა.შ.) თუმცა, როდესაც საუბარი წყალმომარაგებას შეეხება, ხელისუფლების მხრიდან პასუხი არის ერთი: „ამ მიმართულებით სამუშაოები ტარდება“. ფაქტი კი ის არის, რომ დღესდღეობით, გამოცხადებული ტენდერების და უშედეგოდ გადახდილი თანხების ფონზე, სულდას მაცხოვრებლებს დაბინძურებული სასმელი წყალი სპეციალური გრაფიკით მიეწოდებათ, ხოლო ზამთრის პერიოდში, მილებში ეს წყალიც იყინება და ადგილობრივები იძულებული ხდებიან, სასმელი წყალი ბოთლებით მეზობელი სოფლებიდან ჩამოიტანონ ან მაღაზიაში იყიდონ.

2014 წლის მონაცემებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლებ სულდასა და დადეშში მოსახლეობის რაოდენობა 700 მაცხოვრებელს შეადგენდა. სოფელში წყალი ამ მომენტისთვის სოფელ კათნატუდან მოდის, რომელიც ორ დღეში ერთხელ ორი საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივების თქმით, ეს წყალი დაბინძურებული და მავნეა. შესაბამისად, მოსახლეობა ამ წყალს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის იყენებს, სასმელ წყალს კი მეზობელი სოფლებიდან ატარებს ან ყიდულობს.

სულდას წყლის პრობლემის გადასაწყვეტად წლების განმავლობაში უამრავი დაპირება გაიცა. მაგალითად, 2020 წელს მაჟორიტარ სამველ მანუკიანის საარჩევნო ბუკლეტში, 2020-2024 წლების პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტების ჩამონათვალში ერთ-ერთი პირველი სწორედ სულდას წყლის პრობლემის მოგვარებაა. ასევე, 2021 წელს, ახალქალაქის მერის საარჩევნო პროგრამაში მითითებულია, რომ 2021-2022 წლებში სოფელ სულდას სასმელი წყლის წყალსადენის რეაბილიტაცია/აღდგენა ან უკვე დასრულებული, ან განხორციელების ფაზაში იქნება.

სოფელ სულდაში 2015 წელს წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით ტენდერი გამოცხადდა, რომელიც ინდმეწარმე ცოლაკ ვართიკიანმა 594 746 ლარად მოიგო. ამ თანხიდან სოფელი სულდასთვის განსაზღვრული იყო 26 190 ლარი. მუნიციპალიტეტის მიერ შეკვეთილი სამუშაო სოფელში წყალგაყვანილობის სისტემის მოწყობას მოიცავდა. ადგილობრივი მედიის მიხედვით, წყლის სახლებში გაყვანა სოფლის მაცხოვრებლებს თავად უნდა უზრუნველეყოთ. მერიამ ჩატარებული სამუშაოები ჩაიბარა, რის შედეგად ზამთრის პერიოდში წყალი დღეში მხოლოდ 2 საათით მოდიოდა და წნევის პრობლემის გამო, მოსახლეობას ძალიან მცირე რაოდენობით მიეწოდებოდა. მშენებელი კომპანია აცხადებდა, რომ წყალმომარაგების სისტემა ადგილობრივების წყლით უზრუნველყოფისთვის სრულიად საკმარისი იყო.

2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პერიოდში სოფლის მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ პრობლემა მოგვარდებოდა. მიუხედავად ამისა, სოფელში იმ პერიოდისთვის წყალი 4 დღეში ერთხელ - 2 საათით, მოდიოდა. შედეგად, 2021 წელს, რეგიონული განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ხარჯებით, 3-ჯერ გამოცხადდა ტენდერი, ჯამში 1 118 000 ლარის ღირებულების (NAT210015414; NAT210012092; NAT210010224). პირველი ტენდერი, იმის გამო, რომ მონაწილეობა არავინ მიიღო, ჩაიშალა, ხოლო შემდეგი ორი - დოკუმენტაციის ხარვეზების გამო, მონაწილეების დისკვალიფიკაციით - უარყოფითი შედეგით დასრულდა.

2022 წელს საბოლოოდ, სახელმწიფო შესყიდვაზე მეოთხე კონკურსი გამოცხადდა, რომელიც 1 291 195 ლარად კომპანია „ემ სი გრუპმა“ მოიგო. მრავალწლიანი შესყიდვა (2022-2023) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების სულდასა და დადეშის სასმელი წლის სატუმბი სადგურის, შემკრები რეზერვუარის და მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოებს მოიცავს. აქედან, 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია - 257 400 ლარი, ხოლო 2023 წლისთვის - 1 033 795 ლარი. სამუშაოების შესრულებისთვის 110 კალენდარული დღეა განსაზღვრული.

ტენდერი პროექტის მიხედვით მომზადდა, სადაც ჩასატარებელი სამუშაოები დეტალურად არის აღწერილი. „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიფის ტერიტორიაზე არსებულ ოთხი წყაროს ბაზაზე წყაროს წყლების ტერიტორიის მიმდებარედ შემკრები 500 მ3 რეზერვუარის მოწყობა ასევე სატუმბი სადგურის და სატუმბი სადგურიდან სოფელ სულდას და დადეშის არსებულ სამარაგო რეზერვუარის მიმართულებით ლითონის მილსადენი დიამეტრით 159/6 მმ მოწყობა სიგრძით 9206 მეტრი“,- აღნიშნულია საპროექტო დოკუმენტში.

„ფაქტ-მეტრი“ სოფელ სულდაში ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. მათი თქმით, ზამთრის პერიოდში სამუშაოები არ მიმდინარეობდა. მეტიც, თებერვლის თვეში წყლის მილები გაიყინა და წყალი აღარც 2 საათით მიეწოდებოდათ. ასევე, ჩვენ სოფლის რწმუნებულს და ახალქალაქის მერსაც დავუკავშირდით. მათი თქმით, 2022 წელს გამოცხადებული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი ნამდვილად ჩატარდა, თუმცა პროცესი ამინდის გამო გაიწელა.

ამ ეტაპზე, უცნობია, აღნიშნული კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს დროულად დაასრულებს, თუ -არა. თუმცა ადგილობრივებს აქვთ იმედი, რომ 2023 წელს სასმელი წყალი უკვეექნებათ.