რომან გოცირიძე: ფასები კი არ შემცირდა, ფასების ზრდის ტემპი შემცირდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: 2021 წელს ინფლაციის განაკვეთმა 9.6% შეადგინა, 2022 წელს - 11.9%, 2023 წლის პირველ კვარტალში - 7.6%, უშუალოდ მარტში - 5.3%. 2021 წლის იანვრიდან 2023 წლის მარტამდე სამომხმარებლო ფასები 24.3%-ით გაიზარდა. შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი (2021 წლის თებერვლიდან 2023 წლის თებერვლამდე) კიდევ ურო მეტად - 30%-ით.
ფასების ზრდის ჯამური ტემპი რომან გოცირიძის დასახელებულ რიცხვს თითქმის ემთხვევა, ის რაზეც პოლიტიკოსს ყურადღება არ გაუმახვილებია, ზოგადი ფონია. 2021 და განსაკუთრებით 2022 წლებში სახელმწიფოთა უმრავლესობაში ინფლაციამ ათწლეულების რეკორდი მოხსნა. მაგრამ ამ გარემოების გაუთვალისწინებლადაც, დეპუტატი მართალია მტკიცების იმ ნაწილშიც, სადაც ის ინფლაციის ტემპის შემცირებას ფასების ზრდის ტემპის შემცირებად განმარტავს და წამლების ნაწილშიც - თუ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები გაიაფდა, ტკივილგამაყუჩებლები, ბოლო 2020 წლის მარტთან შედარებით, 56%-ით გაძვირდა. „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი: 4 აპრილს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა რომან გოცირიძემ ეკონომიკურ თემებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში სამომხმარებლო ფასები კი არა, მათი ზრდის ტემპი შემცირდა. კერძოდ მან განაცხადა: (37:46-დან) „ასევე ამაყობთ, რომ 5.3% არის ინფლაცია, ფასები გაიზარდა. 15%-ით გაიზარდა 2021-ში, ყველაზე მაღალი ზრდა იყო 17 ქვეყანას შორის, 10%-ით გაიზარდა 2022-ში, ეს არის 25%, გაზრდილს რომ 5%-ს დაუმატებ ეს კიდევ იზრდება საშინლად. ანუ ფასები კი არ შემცირდა, ფასების ზრდის ტემპი შემცირდა და დემაგოგიურად ნუ ატყუებთ მოსახლეობას მედიკამენტების 70%-ით შემცირებისა არ იყოს“.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში 2021 წლამდე ეკონომიკური ზრდის ტემპის კლებისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიუხედავად, ინფლაცია მეტ-ნაკლებად ზომიერი ნიშნულის ფარგლებში ნარჩუნდებოდა. ყველაზე მაღალი 6%-იანი ინფლაცია 2017 წელს დაფიქსირდა, როდესაც რეინვესტირებულ მოგებაზე გადასახადის გაუქმების სანაცვლოდ საწვავზე აქციზის საფასური გაორმაგდა. 2020 წელს უკვე პირიქით - საწვავზე ფასების ვარდნამ, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი 5.2%-ზე შეაჩერა.
გრაფიკი 1: ინფლაციის განაკვეთი საქართველოში
წყარო: მსოფლიო ბანკი
2021 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციის განაკვეთმა 9.6%-ს მიაღწია, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. 2022 წელს კი უკვე მიმდინარე საუკუნის რეკორდი მოიხსნა, 1999 წლის შემდეგ სამომხმარებლო ფასების 11.9%-იანი ზრდა არასდროს დაფიქსირებულა.
2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში ინფლაციის განაკვეთმა 13.9%-ს მიაღწია. შედარებით გრძელი დაღმავალი მრუდი 2022 წლის ოქტომბრიდან იწყება, იმავე წლის დეკემბერში კი 2021 წლის ივლისის შემდეგ პირველად წლიური ინფლაციის განაკვეთი ერთნიშნა მაჩვენებელს დაუბრუნდა.
სხვადასხვა პროდუქციაზე ფასები სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლით იზრდება. ინფლაცია ყველა პროდუქტის ფასის ცვლილებას არ ითვალისწინებს. სამომხმარებლო კალათა, რასაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური შეისწავლის, 12 სასაქონლო ჯგუფში შემავალ 305 დასახელების პროდუქტს მოიცავს. ფასები ყოველი თვის 10-დან 20 რიცხვამდე 6 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი, თელავი და ზუგდიდი) მოწმდება.
სამომხმარებლო კალათაში თითოეულ ჯგუფს თავისი ხვედრითი წონა აქვს მინიჭებული, რაც გასაშუალოებულ მაჩვენებელს ასახავს და ინდივიდუალურად შესაძლოა მნიშვნელოვანი განსხვავება აღნიშნოს. მაგალითად, საკვებისა და უალკოჰოლო სასმელების ხვედრითი წონა 33.1%-ს შეადგენს. სოციალურად დაუცველი ადამიანი საკვებზე თავისი მცირე შემოსავლის უფრო დიდ წილს ხარჯავს, მდიდარი უფრო ნაკლებს. ჯანმრთელობის დაცვის წილი 9.5%-ით არის შეფასებული, ესეც ინდივიდუალურია, რადგან შეიძლება ერთმა ადამიანმა მასზე თვის განმავლობაში 0 ლარი დახარჯოს, ხოლო მეორეს სესხის აღება მოუწიოს. საქსტატის პერსონალური ინფლაციის კალკულატორის მიხედვით, ინდივიდუალური ინფლაციის შედარებით ზუსტი გამოთვლაა შესაძლებელი.
მიუხედავად იმისა, რომ მარტში ინფლაციის განაკვეთი მართლაც 5.3%-მდე შემცირდა, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები მაინც 11.8%-ით გაძვირდა, უფრო კონკრეტულად ბოსტნეული და ბაღჩეული 28.8%-ით, პური და პურ-პროდუქტები 16.8%-ით, რძის ნაწარმი 13.6%-ით. ასეთმა დინამიკამ ეკონომიკური პრობლემების მქონე ოჯახების მდგომარეობა კიდევ ურო დაამძიმა.
თებერვალში წლიურმა ინფლაციის განაკვეთმა 8.1% შეადგინა, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი კი იმავე თვეში 10.9%-ით - 231-დან 256 ლარამდე, გაიზარდა. დროის უფრო გრძელვადიან მონაკვეთში აღნიშნული სხვაობა კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება. ორწლიან პერიოდში - 2021 წლის თებერვლიდან 2023 წლის თებერვლამდე, სამომხმარებლო ფასები მთლიანად 24.3%-ით გაიზარდა, ხოლო საარსებო მინიმუმი 30%-ით.
სამომხმარებლო კალათა მედიკამენტების ორ ჯგუფს აერთიანებს. ტკივილგამაყუჩებლებსა და სისხლძარღვთა გამაფართოებელს. პირველ მათგანზე ფასები ბოლო ერთ წელიწადში 11.3%-ით გაიზარდა, მეორეზე 29.5%-ით შემცირდა. მაგრამ იგივე სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები 2021 წლის მარტში, 2020 წლის მარტთან შედარებით, 26.6%-ით გაძვირდა, 2022 წლის მარტში - დამატებით 1.85-ით. რეალურად, 2023 წლის მარტში - 2020 წლის მარტთან შედარებით, ამ ჯგუფის მედიკამენტები 9.1%-ით გაიაფდა, ტკივილგამაყუჩებლები კი იმავე პერიოდში 56%-ით გაძვირდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2021-2022 წლებში ერთის მხრივ მიწოდების ჯაჭვის დარღვევისა და მეორე მხრივ ენერგომატარებლების გაძვირების გამო, ინფლაციის განაკვეთი სახელმწიფოთა აბსოლუტურ უმრავლესობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. სავალუტო ფონდის კვლევით, თუ 2019 წელს გლობალური ინფლაციის განაკვეთი 3.5%-ის უდრიდა და 2020 წელს 3.2%-მდე შემცირდა, 2021 წელს 4.7%-მდე გაიზარდა 2022 წელს კი - 8.8%-მდე. 2023 წლის პროგნოზი კი 6.5%-ია.
უცნობია, პოლიტიკოსი სიტყვით გამოსვლისას რომელ 17 ქვეყანას გულისხმობდა. სავალუტო ფონდი რეგიონში საქართველოსთან ერთად 7 ქვეყანას განიხილავს, მსოფლიო ბანკი - 24. თავად მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2021 წელს საქართველო ინფლაციის სიდიდით 21-ე ადგილზე იმყოფებოდა, რაც გლობალური სიტუაციის გაუარესების ფონზეც კი ნეგატიურ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს.
რომან გოცირიძეს გამოსვლისას სხვა ქვეყნებზე ინფლაციის კონტექსტში არ უსაუბრია, რაც სრული სურათის აღქმას ართულებს, საქართველოს შემთხვევაში კი მის მიერ დასახელებული რიცხვები მეტწილად სწორია. მართებულია შეფასებაც, რომ ფასები კი არა, ფასების ზრდის ტემპი შემცირდა, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ დეპუტატის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.