„ფაქტ-მეტრის“ ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები. მაგალითად, გასულ წლებში ჩვენ რამდენიმე სტატია გამოვაქვეყნეთ აღნიშნული სოფლის საბავშვო ბაღზე, რომელიც გახსნიდან რამდენიმე თვეში დაზიანდა. იხ. სტატია 1 და სტატია 2. თუმცა ეს ახალშენში მდებარე ერთადერთი ობიექტი არაა, რომლის მიმართაც კითხვის ნიშნები არსებობს. იმავე პერიოდში, სოფელში კულტურის სახლის რეკონსტრუქციის პროექტიც განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ 2016 და 2018 წლებში, ორი ტენდერის ფარგლებში, ჯამურად, 891 665 ლარი დაიხარჯა, ობიექტი დღემდე არ ფუნქციონირებს, რადგან დაუსრულებელია. პროექტი არაერთი ხარვეზით განხორციელდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მიშა ბოლქვაძის მიერ 2019 წლის 14 თებერვალს გადაღებულ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ შენობის კიბე მეორე სართულზე ადის და ყრუ კედელთან ჩერდება. სამაგიეროდ არც კიბე და არც აივანი არ აქვს კარს, რომელიც ასევე მეორე სართულზე ჩაუსვამთ. სამუშაოების დასრულებიდან ვიდეოს გადაღებამდე სამი წელია გასული, თუმცა შენობა უცვლელ მდგომარეობაშია.

ახალშენის კულტურის სახლის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის 25 დეკემბრით დათარიღებულ ანგარიშშიც, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამებს ეხება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კონტრაქტორმა, რომელიც გამარტივებული ელექტრონული ტენდერის გზით შეირჩა, მერიას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეცვლა რამდენჯერმე სთხოვა. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ პროექტში შენობის სახურავი და სარეპეტიციო დარბაზი დაავიწყდათ. ცვლილებები ეტაპობრივად ხორციელდებოდა. აუდიტის ანგარიშში წერია, რომ მუნიციპალიტეტის საპროექტო განყოფილებამ ხარვეზიანი პროექტი ჩაიბარა და შპს „აგროსერვისის“ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები არ გატარებულა.

სწორედ აღნიშნული პროექტის მიხედვით ახორციელებდა სამშენებლო სამუშაოებს შპს „ნევ სტაილ ბილდინგი“. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და კომპანიას შორის 422 199 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2016 წლის 14 სექტემბერს გაფორმდა. სოფელ ახალშენის მუსიკალური სკოლისა და კულტურის სახლის რეკონსტრუქცია ოთხ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო. პროექტის ხანგრძლივობის სრული დრო 2017 წლის 14 მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა. მოგვიანებით, ღირებულება და ვადა დაკორექტირდა. შემსყიდველმა პროექტი ექვს ეტაპად ჩაიბარა და კომპანიას 392 720 ლარი გადაუხადა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მშენებელმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა და 18 206 ლარით დაჯარიმდა.

ამის შემდეგ, 2018 წლის 30 აპრილს, ხელვაჩაურის მერიამ 469 467-ლარიანი ხელშეკრულება შპს „ვარმშენთან“ გააფორმა. ამჯერად ახალშენის კულტურის სახლის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სარემონტო სამუშაოები სამ ეტაპად გადანაწილდა და ჯამში ექვს თვეზე გაიწერა. მერიამ პროექტი ჩაიბარა და მიმწოდებელს თანხა სრულად გადაურიცხა.

აღმოჩნდა, რომ კულტურის სახლის რეკონსტრუქცია და სარემონტო სამუშაოები ხარვეზებით განხორციელდა, რის გამოც, ობიექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის სრულიად გამოუსადეგარი იყო. ადგილობრივებმა ახალი პროექტი საკუთარი ხარჯებით მოამზადეს და მერიაში შეიტანეს. ორი წლის შემდეგ კი, 2020 წელს, მოსახლეობა აცხადებდა, რომ მათ მიერ მომზადებულ პროექტს მერიამ ყურადღება არ მიაქცია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის იმჟამინდელი მერი ჯუმბერ ვარდმანიძე კი განმარტავდა, რომ მოსახლეობის მიერ მომზადებული პროექტი შესაბამისობის ექსპერტიზაზე იყო გადაგზავნილი და საბოლოო პასუხს ელოდებოდნენ.

„ფაქტ-მეტრი“ მუდმივად თვალს ადევნებს პრობლემებს, რომლებიც მუნიციპალიტეტებში მოსახლეობას აწუხებს. ამიტომ დავინტერესდით, რა ბედი ეწია ახალშენის კულტურის სახლს, სარგებლობს, თუ - არა მოსახლეობა 2023 წელს მაინც იმ სიკეთით, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2016-2018 წლებში გაწეული ხარჯის სანაცვლოდ უნდა მიეღო.

ინფორმაცია ხელვაჩაურის მერიისგან ოფიციალურად გამოვითხოვეთ. ვკითხეთ, დასრულდა, თუ - არა ობიექტი საბოლოოდ და თუ არ დასრულებულა, რა არის ამის მიზეზი. მიღებული პასუხი მხოლოდ იმას გვაუწყებს, როდის განხორციელდა (დანართი 1) პროექტის პირველი და მეორე შესყიდვა, რამდენი ლარი დაიხარჯა თითოეულზე, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმ მიზეზებზე, რომელთა გამოც სამუშაოების ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა. პასუხში წერია: „ახალშენის კულტურის სახლზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში, ხოლო, რაც შეეხება დარჩენილ სამუშაოებს, მიმდინარე პერიოდისთვის არ გაგვაჩნია შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რა სამუშაოებია დარჩენილი“.

ჩვენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციით მუდმივად ვსარგებლობთ და ადგილობრივი თვითმმართველობების ან უწყებებისგან ინფორმაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითხოვთ, როცა დეტალები დასაზუსტებელია, ან რაც გვაინტერესებს, ის ღია წყაროებში არ იძებნება. ამდენად, მიგვაჩნია, რომ ხელვაჩაურის მერიის მიერ გამოგზავნილი პასუხი ფორმალური ხასიათისაა. მუნიციპალიტეტმა ახალშენის კულტურის სახლზე უკვე 900 000 ლარამდე გახარჯა. ობიექტის ჩაბარებიდან ოთხ წელზე მეტი გავიდა, ეს დრო კი პროექტის შესაბამისობის დასადგენადაც და შენობის დასასრულებლადაც სრულიად საკმარისი იყო. ამასობაში ყოფილი მერი, რომლის მიმართაც არაერთი კითხვა არსებობდა, ახალ თანამდებობაზეა (აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მრჩევლის პოზიციას იკავებს). მოსახლეობამ ახალი მერი აირჩია, თუმცა მაინც ვერ გაარკვია, როდის ექნება კულტურის სახლი.