პროპაგანდისტულმა და ოპოზიციის მადისკრედიტებელმა Facebook-გვერდმა „სირცხვილის კორიდორი“, გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების სხვადასხვა საჯარო განცხადებებიდან ამოჭრილი მონაკვეთების კოლაჟია წარმოდგენილი. პოსტის ავტორების მტკიცებით, ეს ადამიანები საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებენ - „უცნაურია, რომ სწორედ ის ადამიანები ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონს, რომლებიც მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ“.

პოსტში არსებულ კოლაჟში დამონტაჟებული თითქმის ყველა ვიდეო მანიპულაციურია და იმდაგვარადაა დამუშავებული, რომ მსმენელს ვიდეოში მონაწილე პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე და მათ რეალურ კონტექსტზე არასწორი წარმოდგენა ექმნება.

ვიდეოკოლაჟში პირველი - ყოფილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მონაკვეთია, სადაც ის ამბობს, რომ: „დიახ, ომი მინდა“.

ჭიაბერაშვილის ეს მონაკვეთი ამოჭრილია 2022 წლის 5 ივნისს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასული გადაცემიდან - „კვირის ფორმულა“, სადაც ზურაბ ჭიაბერაშვილი ვახო სანაიას სტუმრობდა. სრულ მონაკვეთში, ჭიაბერაშვილი ამბობს: „პოლიტიკურმა პარტიებმა გაცილებით თამამად უნდა ილაპარაკონ და დაანგრიონ ის სტერეოტიპები, რაც, საბოლოო ჯამში, ავტორიტარული რეჟიმების დანგრევას სჭირდება. პირველი მთავარი არის გამართული მესიჯი. როდესაც პოლიტიკური პარტიები ლაპარაკობენ არა თავის საკუთარი დღის წესრიგიდან, არამედ კობახიძის დაბრალებაზე პასუხის გაცემით... იმ წუთას ოპოზიციის ამომრჩეველი არ გრძნობს, რომ ძალა მოდის“. შემდეგ კი აგრძელებს, „სინამდვილეში, როცა გაბრალებენ, რომ აბა ომი გინდათ? თუ საჭიროა, უნდა უთხრა, რომ ქვეყნის თავისუფლებისათვის, თუ ომი საჭიროა, დიახ, ომი მინდა. აბა, ისე დამოუკიდებლობა არ არსებობს, სუვერენიტეტი არ არსებობს. სახელმწიფოს არსი არის სუვერენიტეტი და სუვერენიტეტის არსი არის, რომ თუ შენ სუვერენიტეტი უნდა დაიცვა, ეს, შეიძლება, იარაღითაც მოგიწიოს“.

შესაბამისად, ჭიაბერაშვილის განცხადება რეალურად, სულ სხვა შინაარსის მატარებელია და მეორე ფრონტის გახსნისა და რუსეთთან ომის დაწყების მოწოდებას არ წარმოადგენს, როგორც ამას პოსტის ავტორები ამტკიცებენ (ამ საკითხზე, „ფაქტ-მეტრი“ ადრეც წერდა, იხილეთ სტატია).

ვიდეოს კიდევ ერთ მონაკვეთში, გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ 2022 წლის 5 ივნისის გადაცემიდან, ჟურნალისტ თენგიზ გოგოტიშვილის მონოლოგიდან ამოჭრილი ნაწილია ნაჩვენები, სადაც ის ამბობს, რომ „ჩვენს ევროატლანტიკურ პერსპექტივას ერთადერთი გამოსავალი აქვს, ომი და უკრაინის უპირობო გამარჯვება“.

სინამდვილეში, თენგო გოგოტიშვილის სრულ მონოლოგში ჩანს, რომ ის არა საქართველოს ომში ჩართვაზე, არამედ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასა და შანსებზე საუბრობს. ჟურნალისტი ამ მონაკვეთში საუბრობს, რომ „საქართველოს აქვს კონკრეტული საშინაო დავალება ევოკავშირისგან, რაც ასახულია ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში მიღებული 2021 წლის გეგმაში“. ჟურნალისტი გამოყოფს 5 საკითხს, რომლებიც საქართველოსთვის განსაკუთრებით პრობლემურია. ეს საკითხებია:

  • გამჭვირვალე, ინკლუზიური და სანდო არჩევნების ჩატარება,
  • მოსამართლეთა სრული დამოუკიდებლობების და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა,
  • გავლენისგან თავისუფალი პროკურატურა და სისხლის სამართლის გამოძიება,
  • მედიის პლურალიზმი, გამჭვირვალობა და დამოუკიდებლობა,
  • მედიის მუშაკთა დაცვის გაძლიერება და მათ მიმართ ძალადობის ყველა შემთხვევის ეფექტიანი გამოძიება.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჟურნალისტი ასკვნის რომ „ამ პირობებით და ამ მთავრობაში, ჩვენს ევროატლანტიკურ პერსპექტივას ერთადერთი გამოსავალი აქვს ომი და უკრაინის უსწრაფესი გამარჯვება, ყველა სხვა შემთხვევაში, ბრიუსელი კი არა მუხასრანსკი (ქალაქი რუსეთში) დაგვრჩება გვერდზე“.

ამ შემთხვევაშიც, კონტექსტი სრულიად განსხვავებულია და სინამდვილეში, ჟურნალისტი საქართველოს ომში ჩართვისკენ არ მოუწოდებს. თენგო გოგოტიშვილი ფოსტ-ფაქტუმის ამ მონაკვეთში საკუთარ მოსაზრებას აჟღერებდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს ევროპული პერსპექტივის რეალიზაციის ერთადერთი გზა უკრაინის ომზე და ამ ომში კიევის სწრაფ გამარჯვებაზე გადის, სხვა შემთხვევაში კი, საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდ გადაიქცევა (ბრიუსელი კი არა მუხასრანსკი დაგვრჩება გვერდზე). შესაბამისად, გოგოტიშვილი, საუბრობდა არა იმაზე, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა ომის დაწყებაზე გადის, არამედ იმაზე, რომ ამ პერსპექტივის რეალიზაციის ერთადერთი შესაძლებლობა რუსეთის მიერ დაწყებულ ომში უკრაინის გამარჯვებაა.

ვიდეოკოლაჟის კიდევ ერთ მონაკვეთში, ნაჩვენებია ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ეპიზოდი, მისი სტუმრობიდან TV Georgian Times-ის გადაცემაში „დროული კითხვები“. ვიდეოს მოჭრილ მონაკვეთში ისმის უგულავას საუბარი, სადაც ის ამბობს, რომ „ომიც მოსულა, კი, მოსულა, მოსულა, გაიგეთ, ყველამ გაიგოს“.

სრულ მონაკვეთში ჩანს, რომ უგულავა ამბობს: „ეს ოპოზიციის კეკლუცი რომ ვაიმე ის არ დამიძახონ, რაც გინდა ის დაგიძახონ. საარჩევნო პერიოდი... არჩევნები არ იქნება თუ რუსი მოვიდა. და რაა მერე, ომის პარტიას დაგიძახებენ, დამიძახონ, ჩემი ქვეყნისთვის ომიც მოსულა, კი მოსულა, მოსულა, გაიგეთ, ყველამ გაიგოს. უნდა გაიგოს ყველამ, რომ ქვეყანას დაცვა სჭირდება, დამიძახონ რაც უნდათ“.

შესაბამისად, აქაც, პოსტის ავტორი უგულავას განცხადებიდან ამოჭრილ მონაკვეთს მანიპულაციურად ავრცელებს. აღნიშნულ ვიდეოში უგულავა ომის დაწყებისკენ არ მოუწოდებდა, არამედ იმ მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობდა, რომლითაც ხელისუფლების და მასთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაცია ხდებოდა.

მთლიანობაში, „სირცხვილის კორიდორის“ მიერ გავრცელებული ეს ვიდეოკოლაჟი, მანიპულაციური და პროპაგანდისტულია და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. დამონტაჟებული ვიდეოკოლაჟი იმ ფართო მასშტაბიანი პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებაში იმ აზრის კულტივირება ხორციელდება, თითქოს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მეორე ფრონტის გახსნა და რუსეთთან ომის დაწყება სურთ.

-----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.