Facebook-მომხმარებელი Patiko Antiliberasti Mxilebadze სოციალურ ქსელში დეზინფორმაციას ავრცელებს. მტკიცების თანახმად, სტამბულის მერმა განაცხადა, რომ 2023 წლის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ყირიმის, დონბასის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას აღიარებს: [1:50] „თქვენ ალბათ იცით, რომ თურქეთში არის არჩევნები და ამას წინათ სტამბულის მერმა, რომელიც არის პროამერიკელი, იყო უფრო სწორად, გააკეთა განცხადება, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში დამოუკიდებლად ვცნობ ყირიმს, დონბასს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ამის მერე გამოვარდა ერდოღანი და დასცხო ამერიკელებს, თქვენ ჩვენი ომში ჩართვა გინდათო და ა.შ ანუ ერთმანეთის კონკურენტები 80-მილიონიან სახელმწიფოში, 1 მილიონიანი ჯარის, ნატოს შეიარაღებაში მეორე ქვეყანა, რუსეთს ვინ უფრო კარგად გაუგორებს კოჭს, აი ამაზე აგებენ საარჩევნო კომპანიას”, – ამბობს Facebook-მომხმარებელი ვიდეომიმართვაში და აჩვენებს კადრებს, სადაც, მისი მტკიცებით, სტამბულის მერი ჩანს, რომელიც, თითქოს, აღნიშნულ განცხადებას აკეთებს.

სინამდვილეში, კადრებში, რომელსაც Facebook-ანგარიში მტკიცებულებად იყენებს, არა სტამბულის მერი, არამედ პარტია „სამშობლოს“ (Vatan) თავმჯდომარე დოღუ ფერინჩეკი ჩანს. ვიდეოს მონაკვეთი, რომელიც სოციალურ ქსელ TikTok-ზე გავრცელდა, ფერინჩეკის ერთ-ერთ ონლაინ შეხვედრიდან არის ამოჭრილი. როგორც პარტია „სამშობლო“-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, ღონისძიება „Azerbaijan Eurasia Expert and Analytical Center“-ისა და ბაქოში რუსეთის საელჩოს პარტნიორობით ჩატარდა.

დისკუსიაში დოღუ ფერინჩეკთან ერთად აზერბაიჯანში რუსეთის ფედერაციის ელჩი მიხაილ ბოჩარინკოვიც მონაწილეობდა. აღნიშნული ღონისძიება დოღუ ფერინჩეკის სიტყვით გაიხსნა, რომელიც შეხვედრაში დისტანციურად მონაწილეობდა. ფერინჩეკმა სიტყვით გამოსვლისას ნამდვილად ახსენა როგორც ყირიმი და დონბასი, ისე აფხაზეთი და თურქეთის მიერ მათი აღიარების მნიშვნელობას ხაზი მართლაც გაუსვა.

თუმცა, მტკიცება, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ამ ტერიტორიების პოლიტიკური სტატუსის აღიარების შესახებ ინიციატივა სტამბულის მერს ეკუთვნის, მცდარია. სტამბულის მოქმედი მერი „თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ (CHP) წევრი, ექრემ იმამოღლუა, ხოლო დოღუ ფერინჩეკი სტამბულის მერი არასდროს ყოფილა. ამასთან, 2023 წლის 14 მაისს ჩანიშნულ საყოველთაო არჩევნებზე სტამბულის მერის არჩევნები საერთოდ არ ჩატარდება - ქალაქის მერს, ხელახლა 2024 წელს, ადგილობრივ არჩევნებზე აირჩევენ.

აღსანიშნავია, რომ სტამბულის მერი, ექრემ იმამოღლუ, ისევე როგორც თურქეთის ხელისუფლება, უკრაინაში რუსეთის აგრესიას ღიად გმობს. ანკარა მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას – რუსეთის მიერ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობის აღიარება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „წარმოადგენს უკრაინის პოლიტიკური ერთიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები შენარჩუნებული აქვს, ანკარა კიევს ომის მიმდინარეობის დროს მხარს აქტიურად უჭერს და უკრაინას თურქული წარმოების სამხედრო აღჭურვილობას აწვდის. აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის 1-ელი მარტიდან, თურქეთის მთავრობის ინფორმაციით, დასავლეთის მიერ სანქცირებული პროდუქცია რუსეთს თურქეთის ტერიტორიის გავლით აღარ მიეწოდება.

---------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.