ბექა ლილუაშვილი: ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 12 ინდიკატორიდან 8-ში არის უკუსვლა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბექა ლილუაშვილის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: The Heritage Foundation-ის 2023 წლის მონაცემებით, საქართველო ზომიერად თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვენებშია და მსოფლიოს 176 ქვეყანას შორის 35-ე ადგილს იკავებს. „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 9 ადგილით, ხოლო შეფასება 3.1-ქულით გაუარესდა.
საქართველოს შეფასების ქულა 12 კომპონენტიდან 8-ში გაუარესდა. ესენია: საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, მთავრობის კეთილსინდისიერება, ფისკალური სიჯანსაღე, საბიუჯეტო დანახარჯები, ბიზნესის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება, ვაჭრობის თავისუფლება. 2 კომპონენტში (საგადასახადო ტვირთი და ინვესტირების თავისუფლება) შეფასების ქულა არ შეცვლილა. შეფასება გაუმჯობესდა მხოლოდ 2 კომპონენტში: შრომის თავისუფლება და ფინანსური თავისუფლება.
ამრიგად, ბექა ლილუაშვილის განცხადება, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია მნიშვნელოვნად გაუარესდა და 12 ინდიკატორიდან 8-ში არის უკუსვლა, არის სიმართლე.
ანალიზი
პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა: „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 12 ინდიკატორიდან 8-ში არის უკუსვლა. ამ რეიტინგში ქვეყნის პოზიცია მნიშვნელოვნად გაუარესდა, 35-ე ადგილზე ჩამოვიდა“.
The Heritage Foundation ავტორიტეტული კვლევითი ინსტიტუტია. ორგანიზაცია ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს ზომავს [ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი], რომელიც 12 კომპონენტის შეფასებით დგინდება. აღნიშნული კომპონენტები 4 ძირითად ჯგუფშია გაერთიანებული: 1. კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, მთავრობის კეთილსინდისიერება), 2. მთავრობის ზომა (ფისკალური სიჯანსაღე, საბიუჯეტო დანახარჯები, საგადასახადო ტვირთი), 3. რეგულირების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება), 4. ბაზრის ღიაობა (ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება). თითოეული პარამეტრი 100-ქულიანი სკალით ფასდება (0 - ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე დაბალი დონე, 100 - ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე მაღალი დონე).
The Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულა 68.7-ია. ამ მაჩვენებლით საქართველო ზომიერად თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებშია და მსოფლიოში 35-ე ადგილს იკავებს. „ეკონომიკურ თავისუფლების ინდექსში“ წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია 9 ადგილით, ხოლო შეფასება 3.1-ქულით გაუარესდა. ამასთან, 2012-2023 წლებში ყველაზე დაბალი შეფასება საქართველომ სწორედ 2023 წელს მიიღო. „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს ყველაზე მაღალი შეფასება 2021 წელს (77.2 ქულა) ჰქონდა.
The Heritage Foundation-ის 2023 წლის მონაცემებით, საქართველოს შეფასების ქულა 12 კომპონენტიდან 8-ში გაუარესდა. ესენია: საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, მთავრობის კეთილსინდისიერება, ფისკალური სიჯანსაღე, საბიუჯეტო დანახარჯები, ბიზნესის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება, ვაჭრობის თავისუფლება. შეფასების ქულა იგივე დარჩა 2 კომპონენტში: საგადასახადო ტვირთი, ინვესტირების თავისუფლება. შეფასება გაუმჯობესდა მხოლოდ 2 კომპონენტში: შრომის თავისუფლება და ფინანსური თავისუფლება.
წყარო: The Heritage Foundation