მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა საიმიჯო ვიდეორგოლი, რომელიც სამთავრობო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს ეხება. ვიდეორგოლში ვერ მოხვდა ბათუმის გმირთა ხეივანი, რომელიც ამ პროგრამაში ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ობიექტად შევიდა. სამუშაოები 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ჯერაც მიმდინარეობს. გასული წლის ზაფხულში „ფაქტ-მეტრმა“ ამ თემაზე იმუშავა. ჩვენ მაშინ ვწერდით, რომ ობიექტის დასრულებას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდებოდა.
ვინაიდან პროექტი გახანგრძლივდა, ჩვენ საკითხს კიდევ ერთხელ დავუბრუნდით.
პროგრამა „განახლებული რეგიონები“ საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 26 აპრილს დაამტკიცა. ხელსაყრელი და დაბალანსებული მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური გარემო, ტურისტულად მიმზიდველი და ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაუმჯობესებული პირობები - ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფო შესყიდვები, პროგრამის დამტკიცებიდან, რამდენიმე დღეში გამოცხადდა. სამუშაოები 63 მუნიციპალიტეტში დაიწყო, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ექვსივე (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო) მუნიციპალიტეტში.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს „საბა კონსტრაქშენს“ შორის 2021 წლის 16 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რომელიც აჭარის ექვს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ღონისძიებებს ეხება, მომსახურების გაწევისა და სამუშაოების შესრულების საერთო ვადა 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. კონტრაქტი ითვალისწინებს დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და მის საფუძველზე სამუშაოების წარმოებას. პროექტის მთლიანი ღირებულება 20 მლნ ლარს შეადგენს. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია. ხელშეკრულების გაფორმებიდან უმოკლეს ვადაში, 2021 წლის სექტემბერში, „საბა კონსტრაქშენს“, ავანსის სახით, უკვე დარიცხული ჰქონდა 6 მლნ ლარი. სახელშეკრულებო პირობები არაერთხელ შეიცვალა. ერთ-ერთი ცვლილებით, რომელიც 2022 წლის 1 დეკემბერს განხორციელდა, პროექტის საერთო ღირებულება 2 მლნ ლარით გაიზარდა. შეთანხმებაში ნათქვამია, რომ სამუშაოების მიმდინარეობის დროს, მუნიციპალიტეტების მხრიდან მომართვის საფუძველზე, პროექტის არეალზე დამატებითი სამუშაოების შესრულების საჭიროება გაჩნდა. ამან ფინანსური რესურსის გაზრდა გამოიწვია. აღნიშნულის დასადასტურებლად, კომპანიამ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები წარადგინა. მოგვიანებით, ღირებულება ოდნავ შემცირდა და 21 977 913 ლარით განისაზღვრა.
როგორც ირკვევა, გმირთა ხეივნის მოწყობაზე გაცილებით მეტი დაიხარჯება. ამას ადასტურებს ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ოფიციალურად გამოვითხოვეთ. უწყებიდან მოგვწერეს (დანართი 1), რომ მხოლოდ ბათუმის გმირთა ხეივნის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ჯამში, 23 815 132 ლარია გათვალისწინებული. საქმე ისაა, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, სამი საფეხმავლო ხიდის მოწყობა გადაწყდა. ორი მათგანი ხეივანს არდაგანის ტბასთან დააკავშირებს, ხოლო ერთი აბუსერიძის ქუჩაზე გადავა. ხიდები სხვა ტენდერის ფარგლებში კეთდება, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა, Design-Build მეთოდით, 2022 წლის 12 ივლისს გამოაცხადა. სამუშაოების ღირებულება 16 500 000 ლარით განისაზღვრა. პირველი ტენდერი არ შედგა, ხოლო მეორე უარყოფითი შედეგით დასრულდა, რადგან ერთადერთ პრეტენდენტს, ამხანაგობა „მეგობრობის ხიდს“, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მიენიჭა. იმავე წლის ოქტომბერში, უცვლელი მიზნითა და ღირებულებით, ფონდმა სახელმწიფო შესყიდვა მესამედ გამოაცხადა. ამხანაგობა „მეგობრობის ხიდი“, რომელიც გამარჯვებულად გამოცხადდა, კვლავ ერთადერთი მონაწილე იყო. მხარეებს შორის 15 500 000-ლარიანი ხელშეკრულება 2022 წლის 2 დეკემბერს გაფორმდა. მშენებლობა 2023 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამ ეტაპისთვის, კომპანიას განხორციელებული აქვს 8 250 000 ლარის სამუშაოები. ეს მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 50%-ია.
საინტერესოა, რომ ამხანაგობა „მეგობრობის ხიდი“ შექმნეს შპს „საბა კონსტრაქშენმა“, რომელიც გმირთა ხეივნის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს და შპს „ჯორჯიან ბრიჯ კონსტრაქშენმა“. შეგახსენებთ, რომ „საბა კონსტრაქშენმა“ გმირთა ხეივნანში მწვანე დერეფნის მოწყობის სამუშაოები, რომლებიც პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში ხორციელდება, გასული წლის ბოლოს ვერ ჩააბარა.
რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული პასუხის თანახმად, გრძელდება შუახევის კულტურის ცენტრისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობის სამუშაოები და ობიექტის დასრულებას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება. პროგრამის ფარგლებში დასრულებული და მიმდინარე სამუშაოების ღირეულება, ორივე ტენდერის ფარგლებში, ჯამში 40 685 270 ლარია. აქედან უკვე გადახდილია 30 463 886 ლარი.
ცხრილი 1. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც აჭარის მუნიციპალიტეტებში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდა/ხორციელდება
წყარო: მუნიციპალური განვითარების ფონდი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოგზავნილ პასუხში ბათუმის გმირთა ხეივნის მოწყობის ღირებულება მითითებულია ჯამურად, ორი ტენდერის ფარგლებში (ხეივნის მოწყობა და სამი ხიდის მშენებლობა). აქედან პირველი, ანუ 2021 წლის 16 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით დაგეგმილი სამუშაოები საზედამხედველო ორგანიზაციამ და ბათუმის მერიამ მიმდინარე წლის 24 თებერვალს ჩაიბარეს. დოკუმენტში წერია, რომ პროექტის საბოლოო ღირებულება 7 315 132 ლარს შეადგენს. მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია, რომ კომპანიამ დაასრულა ხელშეკრულების ფარგლებში ობიექტზე სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების წარმოება. ფაქტ-მეტრმა ობიექტი ადგილზე მოინახულა. ჩვენ მიერ გადაღებული ფოტოები ასახავს ობიექტზე არსებულ სიტუაციას 2023 წლის 12 მარტის მდგომარეობით, ანუ მას შემდეგ, რაც მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა.
ავტორის ფოტო
ჩვენ ბათუმის მერიას ვკითხეთ, არის, თუ - არა სამუშაოები რეალურად დასრულებული. მერიის შესაბამისი სამსახურიდან მოგვწერეს, რომ ხელი მოაწერეს კონკრეტულად აღნიშნული ხელშეკრულებით დასრულებულ სამუშაოებს. თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, გმირთა ხეივანში მწვანე კორიდორის მოწყობა ითვალისწინებს საფეხმავლო ბილიკებს, მწვანე ნარგავებს, რომელთა ჩამონათვალში სხვადასხვა ხე და ბუჩქი გვხვდება, განათებებს და ა. შ. რაც შეეხება ხიდებს, მათი მშენებლობა, როგორც აღვნიშნეთ, პროგრამის მეორე ეტაპია და სხვა ტენდერის ფარგლებში მიმდინარეობს.
პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში, ექვსივე მუნიციპალიტეტში უკვე შესრულებულია სამუშაოების 95% და შესაბამისად, კომპანიისთვის გადახდილია 20 879 017 ლარი. 24 თებერვალს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ სამუშაოები დასრულდა ასევე ქობულეთში, ქედასა და ხულოში.