14 თებერვალს მოძრაობა „ხალხის ძალამ“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დააინიციირა. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური გავლენის აგენტის“ ცნება შემოდიოდა და „უცხოური გავლენის აგენტის“ რეესტრი იქმნებოდა, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდებოდა, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. მოგვიანებით, საპროტესტო აქციების შედეგად, საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო.
უცხოური დაფინანსებით საქართველოში არამარტო არასამთავრობო სექტორი და მედიასაშუალებები, არამედ სახელმწიფო სექტორიც სარგებლობს და საქართველოში მნიშვნელოვანი პროექტების დიდი ნაწილი სწორედ უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა ან ხორციელდება.
საქართველოს ყოველწლიური ბიუჯეტის გარკვეული ნაწილიც უცხოური სესხებით და გრანტებით ივსება. 2023 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, შემოსულობები 21,914 მლნ ლარია, საიდანაც გრანტი 280 მლნ, სესხი - 3,644 მლნ, მათ შორის უცხოური სესხი - 2,244 მლნ ლარს, შეადგენს. მიმდინარე წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, შემოსულობების 11.5% უცხოურ სესხებსა და გრანტებზე მოდის. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ბიუჯეტში უცხოური სესხების და გრანტების წილს, წლების მიხედვით, შემდეგნაირია:
ცხრილი 1: უცხოური სესხების და გრანტების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში (%)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
როგორც მონაცემებიდან ჩანს, განსაკუთრებით მაღალი უცხოური ფინანსების და გრანტების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში 2020-2021 წლებში იყო, რაც დიდწილად პანდემიის გამო გაზრდილი საგარეო ვალის მოცულობით იყო განპირობებული (დაწვრილებით იხ: სტატია).
ასევე აღსანიშნავია, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტის დიდი წილი უცხოური კრედიტი ან გრანტია. 2023 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტის სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება:
ცხრილი 2: მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტის სტრუქტურა
წყარო: ფინანსთა სამინისტრო
მონაცემების მიხედვით, განხილული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში მნიშვნელოვანი წილი, ყველა შემთხვევაში 1/3-ზე მეტი, კრედიტსა და გრანტს უჭირავს.
საქართველოში წლების განმავლობაში შემოსულ საერთაშორისო ფინანსურ დახმარების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას თვითონ სახელმწიფოს მიერ შექმნილი ოფიციალური პორტალი - eaims.ge, გვაწვდის.
საიტზე ამ დროისთვის გამოქვეყნებული ბოლო - 2020 წლის ანგარიშის, მიხედვით, საქართველოს მიმდინარე საგარეო დახმარება ჯამში 27.9 მლრდ ლარს შეადგენდა. უშუალოდ 2020 წელს გაწეული დახმარების მთლიანი მოცულობა 4.8 მლრდ ლარი იყო, რომლის თითქმის 75% (3.6 მლრდ ლარზე მეტი) ხუთ უმსხვილეს დონორზე ნაწილდებოდა. ესენი არიან: გერმანია, EU ინსტიტუტი, ADB (აზიის განვითარების ბანკი) IMF (საერთაშორისო სავალუტო ფონდი). დახმარების უმეტესობა (66%) სესხი იყო, მას გრანტები (27%) და ექსპერტული დახმარება (4%) მოსდევდა.
ცხრილ 3-ში 2020 წლისთვის ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ საქართველოსთვის აღმოჩენილ ფინანსურ დახმარებების ჯამურ რაოდენობას შემოგთავაზებთ.
ცხრილი 3: საქართველოს საგარეო დახმარება 2020 წლისთვის, უმსხვილესი დონორები
წყარო: საგარეო დახმარების ინფორმაციული მართვის სისტემა
როგორც მონაცემებიდან ჩანს, საქართველოს ყველაზე მსხვილი დამფინანსებლები ევროკავშირის ინსტიტუტები იყო, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი და გერმანიის სახელმწიფო მოსდევდა.
ჩვენ მიერ განხილული მასალა ცხადყოფს, რომ უცხოური გრანტები და კრედიტები საქართველოს ბიუჯეტის ფორმირებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ყოველწლიურად მთლიანი შემოსულობების 10%-ზე მეტს შეადგენს. კონკრეტულ პროექტებში, რომელთა მნიშვნელობაზე და მათ განხორციელებაში მთავრობის წვლილზე პრემიერი მუდმივად აპელირებს, უცხოური კაპიტალის წილი კიდევ უფრო მაღალია და მთლიანი ფინანსების სულ მცირე მესამედს მაინც შეადგენს.