იტვირთება

მამუკა მდინარაძე მაუწყებლების შემოსავლების გაუმჭვირვალობის შესახებ

ვერდიქტი: ტყუილი

ანალიზი:

2023 წლის 6 მარტს მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მოძრაობა ,,ხალხის ძალის’’ მიერ ინიციირებულ კანონპროექტებზე გაამახვილა.

მისი თქმით, ,,კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართული მთავარი არგუმენტია ის, რომ ყველაფერი ისედაც გამჭვირვალეა’’. აღნიშნული არგუმენტის გასაბათილებლად კი, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ჰკითხა, იცოდა, თუ - არა ვინ არის მთავარი არხის დამფინანსებელი.

მდინარაძეს მთავარი არხის ჟურნალისტმა უპასუხა, რომ „მთავარი არხი“ სარეკლამო ბაზრიდან ფინანსდება, რასთან დაკავშირებითაც მან აღნიშნა შემდეგი - „სარეკლამო ბაზარი საქართველოში არის 60-70 მილიონი ლარი, ხოლო, ვინაიდან, ამ ბაზარზე მთავარი არხის წილი 5%-ია მაუწყებლობას ამ ბაზრიდან მხოლოდ რამდენიმე ერთეული მილიონი ლარი შესდის...დანარჩენი თანხები საიდან მოდიოდა? დამატებითი, რეკლამის გარდა თანხები საიდან ჰქონდა მთავარ არხს იცით?“’

საბოლოოდ კი თქვა, რომ „არა თუ გამჭვირვალეა, ყველაზე გაუმჭვირვალე ამბავია საიდან ფინანსდებიან ის ორგანიზაციები, რომლებზეც არის საუბარი კანონში‘“, რისი „გამოსწორებაც“ მან კანონპროექტის არსთან დააკავშირა.

„ფაქტ-მეტრმა“ მამუკა მდინარაძის განცხადების ის ნაწილი გადაამოწმა, რომლის მიხედვითაც მაუწყებელთა დაფინანსება გაუმჭვირვალეა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი“ კი აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ემსახურება.

შეგახსენებთ რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით“ პარლამენტში ორი კანონპროექტი დაინიციირდა.

პირველი მათგანი, რომელიც პარლამენტმა 7 მარტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით 10 მარტს მეორე მოსმენით ,,ჩავარდა’’. ხოლო, მეორე, ე.წ. ამერიკული კანონის ანალოგი კანონპროექტი, ინიციატორებმა პირველი მოსმენით მიღებამდე გაიწვიეს. გადაწყვეტილებებს საფუძვლად რუსთაველის გამზირზე გამართული 3-დღიანი უწყვეტი პროტესტი დაედო, რომელიც პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების მიუხედავად, არ ცხრებოდა.

აღსანიშნავია, რომ თითოეული ამ კანონპროექტის მიზნებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გამჭვირვალობის უზრუნველყოფას უკავშირებდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც კანონპროექტების მსვლელობა შეწყდა, მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ კანონპროექტების რეალურ მიზანს არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებათა დისკრედიტაცია, მათი საქმიანობის გაუმართლებლად შეზღუდვა წარმოადგენდა.

მაგალითად, 10 მარტს, კანონპროექტის ,,ჩაგდების’’ შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ - ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით. ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე“.

უფრო ვრცლად იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

როგორც გამოიკვეთა, 6 მარტს გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემაც კანონპროექტის არსი გამჭვირვალობას დაუკავშირა და იმის საილუსტრაციოდ, რომ მედიების გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი არ არის, მთავარი არხის ბიუჯეტთან დაკავშირებით შეკითხვები გააჟღერა.

რეალურად, კომუნიკაციების კომისიის ელექტრონულ მისამართზე „მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობის“ უზრუნველსაყოფად გამოქვეყნებულია მაუწყებელთა მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია - პირების შესახებ, ვისგანაც კვარტლის განმავლობაში 7000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ფინანსური შემოსავლების შესახებ და მაუწყებლებისთვის გაწეული სხვა მომსახურებები.

ცხრილი1: 2022 წლის მონაცემებით, მთავარი არხის დაფინანსების წყარო - 7000 ლარზე მეტი, კვარტლის განმავლობაში

ცხრილი2: 2022 წლის მონაცემებით, ტელეიმედის დაფინანსების წყარო - 7000 ლარზე მეტი, კვარტლის განმავლობაში

სრულად იხ. ბმულზე.

ცხრილი3: მთავარი არხის მიერ წარდგენილი ინფორმაცია ფინანსური შემოსავლების შესახებ

ცხრილი 4: მთავარი არხის მიერ გაწეული მომსახურებების შესახებ

ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელსაც დეტალურად შეგიძლიათ კომუნიკაციების კომისიის საიტზე გაეცნოთ, ნათლად მოწმობს, რომ მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობა ისედაც უზრუნველყოფილია. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია როგორც სახელმწიფო უწყებებისთვის, ისე ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქისთვის. შესაბამისად, აზრს მოკლებულია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტების მაუწყებელთა გამჭვირვალობის მიზნებთან დაკავშირება, რადგან ის ინფორმაცია, რომელიც კანონპროექტით გათვალისწინებულ სპეციალურ რეესტრში უნდა აღრიცხულიყო, ისედაც საჯაროა.

იმ შემთხვევაში, თუ კი მამუკა მდინარაძე მთავარი არხის ფინანსურ გაუმჭვირვალობას უკანონო შემოსავლებს - ე.წ. „შავ ფულს“ ან ამ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას (უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა) უკავშირებს, მსგავსი ქმედებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და მიეკუთვნება სისხლის სამართლის სფეროს. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებული კანონები არ შეიცავდა არავითარ ბერკეტს დაფარული შემოსავლების აღმოსაჩენად. შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული პრაქტიკის დანერგვა სრულიად გამოუსადეგარი იქნებოდა იმ შემოსავლების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც სპეციალურ ბაზაში დეკლარირებული უკვე არ არის.

აქედან გამომდინარე, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ მაუწყებელთა დაფინანსება გაუმჭვირვალეა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი“ კი აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ემსახურება, ფასდება ვერდიქტით ტყუილი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

4895 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
17%
მეტწილად სიმართლე
10%
ტყუილი
8%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი