ირაკლი კობახიძე: 2003 წელს მოხდა ჯაშუშების რევოლუცია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ყალბი ამბავი.
რეზიუმე: 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული ოფიციალური შედეგები პარალელური დათვლის შედეგებს არ დაემთხვა, გამოვლინდა ე.წ. კარუსელის, ბიულეტენების ჩაყრისა და ოქმების გადაწერის შემთხვევები. სანდოობის თვალსაზრისით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ქვემო ქართლისა და აჭარის მონაცემებში შეინიშნებოდა. ეგზიტპოლებისა და პარალელური დათვლის თანახმად პირველი ადგილი „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა დაეკავებინა, რომელიც ოფიციალურად სამთავრობო ბლოკ „ახალი საქართველოსა“ და ასლან აბაშიძის „დემოკრატიული აღორძინების კავშირის“ შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა.
საპროტესტო აქციები 4 ნოემბერს დაიწყო. 22 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიჭრა და პრეზიდენტ შევარდნაძეს პარლამენტის პირველის სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცა. მეორე დღეს 23 ნოემბერს ედუარდ შევარდნაძე გადადგა. 2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს ამომრჩეველთა 96%-მა დაუჭირა მხარი, იმავე წლის 28 მარტს ჩატარებულ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებში კი ნაციონალურმა მოძრაობამ ხმათა 66% მიიღო.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებზე კრიტიკული დასკვნა დადეს. მათი შეფასების თანახმად შედეგები არ განოხატავდა ქართველი ხალხის ნებას. მისგან განსხვავებით პოზიტიურად შეფასდა როგორც 4 იანვრის, ასევე 28 მარტის არჩევნები.
„ფაქტ-მეტრის“ დასკვნით. ირაკლი კობახიძის განცხადება არის ყალბი ამბავი.
ანალიზი:
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2023 წლის 8 მარტის ბრიფინგზე, სადაც 7 მარტს პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონის პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით მიღებასა და ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ ხალხის მიერ გამოხატულ რეაქციაზე საუბრობდა, 20 წლის წინანდელი მოვლენებიც გაიხსენა და განაცხადა: „საქართველოში 2003 წელს მოხდა ჯაშუშების რევოლუცია, რომელმაც საქართველოს ანტიევროპული 9 წელი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა მოუტანა, მაშინ ჯაშუშებმა შეძლეს მანიპულირება საზოგადოების გულწრფელი ემოციებით და პრინციპული შეცდომა დააშვებინეს. დღეს ქართული საზოგადოება საკმარისად მომწიფებულია იმისათვის, რომ იმავე ჯაშუშების ახალი რევოლუცია და ქვეყნის წარსულში დაბრუნება არ დაუშვას, საქართველო არის სახელმწიფო და ქვეყნის არევის ყველა მსურველი კანონის ფარგლებში კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.“
მტკიცება, რომ საქართველოში ვარდების რევოლუცია, უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუცია და მაიდანი, ყირგიზეთში ტიტების რევოლუცია ადგილობრივი მოსახლეობის ნებას კი არ გამოხატავდა, დასავლური (იგულისხმება ამერიკული) სპეცსამსახურების მიერ იყო მობილიზებული, ახალი არ არის. მტკიცების წყარო რუსეთია.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ფერადი რევოლუციები თავიდან ბოლომდე დასავლეთში დაიგეგმა, რითაც საერთაშორისო სტაბილურობას „აშკარა ზიანი“ მიადგა. ლავროვმა დასავლეთი სუვერენული სახელმწიფოების „ტრადიციებისა და ეროვნული მახასიათებლების გაუთვალისწინებლობაშიც“ დაადანაშაულა. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პირველმა დიპლომატმა 2014 წლის მაისში გააკეთა. ამ დროს უკრაინაში მაიდნის მოვლენები უკვე ჩავლილია, ყირიმის ნახევარკუნძული თავად რუსეთის მიერაა ანექსირებული და დონბასში გამოუცხადებელი ომი მიმდინარეობს.
3 წლის შემდეგ, ლავროვი კვლავ შეეხო „ფერადი რევოლუციების თემას“. მან იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი პრეცენდენტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე აღარ მოხდებოდა. მისივე შეფასებით, რევოლუციებს ადამიანთა ცხოვრება არ გაუუმჯობესებია. კრემლმა ე.წ. ფერადი რევოლუციები ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტშიც საფრთხედ შეაფასა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, „უსაფუძვლო ბრალდებების სამიზნეები ხშირად ხდებიან ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ისევე როგორც დამოუკიდებელი მედია, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და კორუფციას ააშკარავებს. კრემლი უარყოფს, რომ მეზობელ ქვეყნებში ხალხს შეიძლება გააჩნდეს თვითორგანიზებულობა, ღირსება და დამოუკიდებელი სწრაფვა საკუთარი ინტერესების დასაცავად, მსგავსად როგორც ის უარყოფს რუსეთის მოქალაქეების შემთხვევაშიც ამგვარ თვისებებს.“
რეალურად, 2003 წლის ნოემბერში საქართველოში შექმნილი სიტუაცია ხავერდოვანი რევოლუციისთვის ჯაშუშების ჩარევას აღარ საჭიროებდა. ელექტროენერგია მოსახლეობას გრაფიკით მიეწოდებოდა, რომელიც სისტემატურად ირღვეოდა, რეგიონებში ვითარება წყალზე და ბუნებრივ გაზზე კიდევ უფრო მძიმე იყო. ასაკობრივი პენსია 14 ლარს (2023 წლის თებერვლის მსყიდველუნარიანობით 41 ლარი) შეადგენდა, რომელიც ხშირად „იყინებოდა“. საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ მომზადებულ კორუფციის აღქმის ინდექსში, 2002 წელს საქართველო 85-ე ადგილს იკავებდა 2.4 ქულით 10-დან (სადაც 10 საუკეთესო ნიშნულია). გარდა ამისა, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულებიც კუთვნილ მიზერულ (უმეტეს შემთხვევაში 100 ლარამდე) ხელფასს თვეობით ელოდებოდნენ, გზებზე მოძრაობას ე.წ. „გაიშნიკები“ არეგულირებდნენ, მოპარული ავტომობილები ერგნეთის ბაზრობაზე იყიდებოდა, ქურდული სამყარო რომანტიზებული იყო, ადამიანებს გამოსასყიდის მოთხოვნის გამო იტაცებდნენ, უნივერსიტეტში ჩაბარება ქრთამის სანაცვლოდ ჩვეულ მოვლენას წარმოადგენდა.
იმ ფონზე, როდესაც რიგითი მოქალაქისთვის წლიდან წლამდე არაფერი იცვლებოდა და სიღარიბეს თავს ვერ აღწევდა, არჩევნებში კვლავ სახელისუფლებო გუნდის გამარჯვების მოლოდინი აღარ არსებობდა. რასაც 2002 წლის 2 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიც მოწმობდა, სადაც „მოქალაქეთა კავშირმა“ თბილისში ხმათა მხოლოდ 2.5% აიღო და საკრებულოში საერთოდ ვერ მოხვდა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კი საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებზე, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ - ISFED-ის პარალელური დათვლისა და ცესკოს ოფიციალური შედეგები ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავდებოდა.
ცხრილი 1: 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლისა და ცესკოს ოფიციალური შედეგები
სახელისუფლებო ბლოკისა და ასლან აბაშიძის აღორძინების გარდა ყველა პარტიას ხმები ჰქონდა დაკლებული. ცესკო-ს ცნობით, აჭარის რეგიონში აღორძინებას ამომრჩეველთა 95%-მა დაუჭირა მხარი, რამაც გაერთიანება საერთო ჯამში მეორე ადგილზე გადაიყვანა.
დსთ-ს დამკვირვებლებმა არჩევნები სამართლიანად შეაფასეს, ეუთომ დარღვევები დაადგინა, ბევრად მკაცრი იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ არჩევნები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავდა.
პროტესტის საწყის ეტაპზე მომიტინგეები ხმათა გადათვლას ითხოვდნენ. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა მოგვიანებით გაჩნდა. პროტესტის ტალღას ნელ-ნელა, ლეიბორისტებისა და მემარჯვენეების გარდა, თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი შეუერთდა.
9 ნოემბერს ვერც პრეზიდენტის მომიტინგეებში გასვლამ და ვერც აქციების მთავარ ორგანიზატორებთან (მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე) შეხვედრამ კონკრეტული შედეგი ვერ გამოიღო.
ხელისუფლება მხოლოდ მცირე დათმობებზე მიდიოდა, გაუქმდა ბოლნისის შედეგები, გადადგა თელავის გამგებელი მედია მეზვრიშვილი. მათი მხრიდან ხელახალი არჩევნები ან პრეზიდენტის გადადგომა ბოლო მომენტამდე არ განიხილებოდა.
22 ნოემბერს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომიტინგეთა შეჭრის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა 23 ნოემბრის საღამოს მაინც გადადგა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ საგანგებო მდგომარეობა 24 ნოემბერს გააუქმა. იმავე დღეს მიხეილ სააკაშვილმა 13 ნოემბერს დაწყებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის გაუქმების შესახებ განაცხადა.
ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრის მიუხედავად, რევოლუცია „მშვიდობიანად“ ჩაითვალა, რადგან ხელისუფლების შესაცვლელად, იარაღი არ იქნა გამოყენებული. მოქმედი პრეზიდენტი გადადგა და მომდევნო პრეზიდენტმა სავარძელი არჩევნებში გამარჯვების გზით დაიკავა.
მიუხედავად იმისა, რომ 2004-2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისა და 2004-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი არაერთგვაროვნადაა შეფასებული, თავად მოვლენის - ვარდების რევოლუციის „ჯაშუშების რევოლუციად“ შერაცხვა, სუბიექტური მოსაზრებაა მტკიცებულებების გარეშე. იმდროინდელი ხელისუფლების დაბალი მხარდაჭერა, პარალელური დათვლის შედეგები, საპროტესტო აქციებში ყოველდღიურად მონაწილე პირთა რაოდენობა და ცვლილებების საერთო სურვილი, გამორიცხავს იმ დაშვებას, რომ ვარდების რევოლუცია, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ჯორ სოროსის, აშშ-ის ელჩის, ან სახელმწიფო მდივნის კაბინეტში დაიგეგმა. უმძიმესი სოციალური ფონის გათვალისწინებით, ცვლილებებს, მათ შორის რევოლუციური გზითაც, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უჭერდა მხარს. ბოლო მომენტში პოლიციაც მომიტინგეების მხარეს გადავიდა და აქციის მონაწილეებს პარლამენტში შესვლის ნება დართო.
იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილი 2008 წლამდე ნაციონალურ მოძრაობას გულუხვად აფინანსებდა და მინისტრების სახელფასო ხარჯებსაც ფარავდა, „ქართული ოცნების“ წევრები დღემდე ადასტურებენ. სხვადასხვა დროს რევოლუციისა და მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ: სოზარ სუბარი, რომელიც 2004 წელს სახალხო დამცველად აირჩიეს და კახა კალაძე. 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა თავის მეორე წერილში სასურველ პოლიტიკურ პარტნიორებად „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“ დაასახელა. ლევან ბერძენიშვილი 2004 წელს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გახდა, ირაკლი ალასანია 2004-2006 წლებში ჯერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს, 2006-2008 წლებში კი გაეროში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა.
მტკიცება, რომ ვარდების რევოლუცია „ჯაშუშების რევოლუციაა“, ისეთივე მცდარია, როგორც მტკიცება, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს, რასაც საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად იმეორებს როგორც რუსეთის ხელისუფლება, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობის ცალკეული წარმომადგენელი.