იტვირთება

Facebook-მომხმარებელი ავრცელებს პოსტს, სადაც აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სკოტ რიტერის სიტყვებია მოყვანილი. სკოტ რიტერის თანახმად, აშშ-ს საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა სურს. მისი თქმით, „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით საქართველოში ყოველწლიურად 40 მილიონი დოლარი იგზავნება ქვეყანაში „მსუბუქი გადატრიალების“ მოსაწყობად.“

სკოტ რიტერი, რომელიც 1984-1996 წლებში ნამდვილად იყო შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის დაზვერვის ოფიცერი და 1991-98 წლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეიარაღების ინსპექტორი, თანამდებობის დატოვების შემდეგ მთავრობის აქტიურ კრიტიკოსად იქცა. 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რიტერი კრემლის დეზინფორმაციის აგენტებთან თანამშრომლობით ღიად პროპაგანდისტულ ნარატივებს და ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. ცნობილია, რომ რიტერს 2001 წელს არასრულწლოვანებთან სექსუალური კავშირის გამო 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2009 წელს რიტერი კვლავ დააკავეს მსგავსი ბრალდებით, 2011 წელს კი 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და გირაოს სანაცვლოდ 2014 წელს გაათავისუფლეს.

ამასთან, რიტერი რუსული Russia Today-სთვის დასავლეთის მიმართ კრიტიკულ სტატიებს წერს. ხოლო მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია სხვადასხვა რუსულ პროპაგანდისტულ პლატფორმაზე აქტიურად ქვეყნდება (ბმული1,ბმული2,ბმული3,ბმული4,ბმული5). აღსანიშნავია, ისიც, რომ 2022 წლის ივლისში უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა რიტერი პრორუს პროპაგანდისტთა სიაში შეიყვანა.

13 მარტს სკოტ რიტერმა Youtube არხზე „U.S. Tour of Duty“ საქართველოში 7-9 მარტს ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგოდ გამართულ საპროტესტო აქციებზე ისაუბრა, რომელსაც “მცდარი“/“შეცდომაში შემყვანი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის აქციები ემსახურება შეერთებული შტატების ინტერესებს, რაც მიმართულია რუსეთის სამეზობლოში არასტაბილური გარემოს შექმნისკენ. სკოტ რიტერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა სურს და მიმდინარე პროგრამები, რომლებიც ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის მიერ წელიწადში დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ოდენობით, მიზნად ისახავს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გვერდის ავლით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. აღნიშნული განცხადება შემდეგი ფორმულირებით: „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით საქართველოში ყოველწლიურად 40 მილიონი დოლარი იგზავნება ქვეყანაში „მსუბუქი გადატრიალების“ მოსაწყობად“ გავრცელდა რუსული სახელმწიფო მედიების RIA Novosti-ის და ИНОТВ საშუალებითაც.

30-წლიანი ქართულ-ამერიკული პარტნიორობის განმავლობაში შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი დახმარებები საქართველოში არაერთი სფეროს დაფინანსებასა და განვითარებას მოხმარდა. ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ხაზგასმით აღსანიშნავია USAID-ის ხელშეწყობა საქართველოს დემოკრატიული ტრანზიციის პროცესში. USAID-მა საქართველოში მუშაობა 1992 წლიდან დაიწყო. 27 წლის განმავლობაში აშშ-მა USAID-ის საშუალებით საქართველოს 1,8 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია.

პარტნიორობის პირობებში აშშ-ის მთავრობა ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიონ დოლარს გამოყოფს 50 სხვადასხვა პროგრამისთვის. აღნიშნული პროგრამები ორიენტირებულია საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე, ენერგო უსაფრთხოების გაძლიერებაზე, კლიმატური ცვლილებების შემცირებაზე, განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე, უმცირესობების და ხელმოკლე მოსახლეობის, მათ შორის ეთნიკურ და გეოგრაფიულ საზღვრებთან მცხოვრებ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციაზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ეხება აშშ-ის შესაბამისი გამცემი ორგანოების (სახელმწიფო დეპარტამენტი, USAID, სხვ.) მიერ ბიუჯეტის გავლით (სახელმწიფო, მუნიციპალური/ადგილობრივი, რესპუბლიკური) საქართველოსთვის გადმოცემული დახმარების მოცულობას 1992 წლიდან 2026 წლის ჩათვლით, USAID-ის გრანტის სახით აშშ-ის მთავრობამ 2010 წლიდან 2026 წლამდე ჯამურად 440.60 მილიონი დოლარის მოცულობის თანხა გამოყო საქართველოს მხარდასაჭერად.

2010-2019 წლებში USAID-ის ფარგლებში 128.40 მილიონი დოლარი გამოიყო საქართველოში ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის; ამავე წლებში ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისთვის დამატებით 142.30 მილიონი დოლარი იქნა გადმოცემული. 2015-2025 წლებისთვის საქართველომ შეერთებული შტატებისგან 110.03 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის და 45.16 მილიონი დოლარი დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის და ანგარიშვალდებული მმართველობის განვითარებისთვის. 2016-2025 წლებისთვის გათვალისწინებული 8.54 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი კი მიმართულია საქართველოში სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ. 2021-2026 წლებისთვის საქართველოსთვის გამოყოფილი 6.18 მილიონი დოლარის გრანტის მიზანია საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, USAID-ის პროგრამები მიმართულია კანონის უზენაესობის დამკვიდრებაზე, ეკონომიკის ზრდაზე, ჯანდაცვის, განათლებისა და მმართველობის გაუმჯობესებაზე. 2011 წლის თებერვლიდან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა დახმარებას უწევს საქართველოში სტაბილური დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესს. USAID-ის პროგრამა დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (GGI) ხელს უწყობს ხელისუფლების გამჭვირვალობას და ინსტიტუციურ განვითარებას მმართველობის ყველა დონეზე. საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით წარმატებით განხორციელდა საჯარო მოხელეთა ტრენინგები ისეთ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა: ადამიანური რესურსების მართვა, ლიდერობა, პროექტის მართვა, პიარი და კომუნიკაცია, ეთიკა. გარდა ტრენინგებისა, პროგრამა დემოკრატიული მმართველობა საქართველოში არაერთხელ დაეხმარა საჯარო სამსახურის ბიუროს სხვადასხვა პროექტის განხორციელებაშიც. USAID–მა ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელოს შექმნაში.

ForeignAssistance.gov-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლისთვის საქართველოსთვის USAID-ის ფონდის ფარგლებში ჯამურად 76.6 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა გამოიყო საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებისთვის და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის. ასევე, ისეთი სექტორების განვითარებისთვის, როგორებიცაა: ჯანდაცვა და განათლება. გრანტი ასევე მიმართულია ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისკენ.

USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებულ მიმდინარე პროგრამებს შორისაა სამოქალაქო აქტივობებში ჩართვით კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების ახალგაზრდების გაძლიერების, მცირე და საშუალო მეწარმეების შესაძლებლობების გაძლიერების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დადამოუკიდებელი ცხოვრების მოდელის ხელშეწყობის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის გამარტივების პროგრამები.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა შესაბამის სამინისტროებთან და კერძო სექტორთან თანაინვესტირებით უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარებას, რომლებსაც გააჩნია სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. USAID-ის მხარდაჭერა შესაძლებლობას აძლევს მწარმოებლებსა და გადამამუშავებლებს თანამედროვე წარმოების, გადამუშავების, დასაწყობების და სადისტრიბუციო ტექნიკის საშუალებით, გაზარდონ დამატებითი ღირებულება და დაამყარონ ადგილობრივი და საერთაშორისო საბაზრო კავშირები.

ასევე, აღსანიშნავია USAID-ის გრანტის ფარგლებში დაფინანსებული საბაზისო განათლების პროგრამა და სამოქალაქო განათლების პროგრამა. საბაზისო განათლების პროგრამა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების გათვალისწინებით ხელს უწყობს მდგრადი, ინკლუზიური და მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო რეფორმების განხორციელებას. კერძოდ, ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხარდაჭერას, ინტერაქტიული სასწავლო მეთოდების შემოღებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსწავლეთა წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, ამოცანის ამოხსნის და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას. სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზანი კი სკოლებში სამოქალაქო განათლების გაძლიერება და სამოქალაქო განათლების სფეროში კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობაა.

USAID-ის მიერ მხარდაჭერილ პროგრამებს შორის არის ისეთი სახის პროგრამები, რომლებიც საქართველოში ხელს უწყობს ანგარიშვალდებული პოლიტიკის და მმართველობის გამყარებას და საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერას. პროგრამა „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“ ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში და ანგარიშვალდებულება მოითხოვონ ოფიციალური პირებისგან.

USAID-ის მიერ საქართველოში მხარდაჭრილი მიმდინარე პროგრამების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

შესაბამისად, USAID-ის ფონდის პროგრამები საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, დემოკრატიული ღირებულებებისა და ინსტიტუტების მხარდაჭერას ემსახურება. ტყუილია, რომ USAID საქართველოში „გადატრიალების“ მოწყობას ემსახურება.

---------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4898 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
17%
მეტწილად სიმართლე
10%
ტყუილი
8%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი