ირაკლი ღარიბაშვილი: 20 მლნ უკრაინის მოქალაქე არის მიგრირებული... საშინელება ხდება უკრაინაში... ომი უნდათ საქართველოში
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება.
რეზიუმე: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) 2023 წლის 7 მარტის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინიდან ევროპაში ჩასული ლტოლვილების რაოდენობამ 8.1 მილიონს გადააჭარბა. ქვეყნის შიგნით კი იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 5.4 მლნ-ს შეადგენს. ამ პერიოდში, 19 267 733-მა ადამიანმა დატოვა უკრაინა, ხოლო 10 823 841 ადამიანი ქვეყანაში დაბრუნდა. ანუ, 8.4 მლნ-ით მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა.
უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მილიონობით უკრაინელი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა. ქვეყნის გარეთ უკრაინიდან ლტოლვილების რაოდენობა 8 მლნ-ზე მეტია, ქვეყნის შიგნით კი 5.4 მლნ პირია იძულებით გადაადგილებული. თუმცა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებული რიცხვი გადაჭარბებულია.
პრემიერი ომის შედეგად უკრაინისთვის მიყენებული ზიანზე იმ კონტექსტში საუბრობს, თითქოს ოპოზიციას და გარკვეულ ჯგუფებს საქართველოში ომი და, შესაბამისად, იგივე მძიმე სურათი უნდათ. შეგახსენებთ, რომ ეს არის დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანი საქართველოში ომის გავრცელებასთან დაკავშირებით მოსახლეობაში შიშის დათესვაა და ამ გზით სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური ოპოზიციისა თუ საერთაშორისო პარტნიორების დისკრედიტება.
პრემიერის განცხადება უკრაინიდან მიგრირებული მოსახლეობის შესახებ სიტუაციას გადაჭარბებულად წარმოაჩენს, თუმცა მთლიანი კონტექსტი სიმართლესთან ახლოსაა. მიუხედავად ამისა, ის აღნიშნულ მონაცემებს მანიპულაციურად, დეზინფორმაციული ნარატივის გასაძლიერებლად იყენებს. სწორედ ამიტომ, „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ განცხადებას მანიპულირებად აფასებს.
ანალიზი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში, უკრაინაში ომის შედეგად მიყენებულ ზიანზე გაამხვილა ყურადღება, მათ შორის, მიგრაციის მაჩვენებელზე - „20 მლნ უკრაინის მოქალაქე არის მიგრირებული, ანუ მიგრაციაში“..
უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან 1 წელზე მეტი გავიდა. რა თქმა უნდა, ომის შედეგად მიყენებული ზიანი დიდია, რასაც ჩვენი ქვეყნის პრემიერი კიდევ უფრო გადაჭარბებულად და მძიმედ წარმოაჩენს. იმის საილუსტრაციოდ, რომ „უკრაინაში საშინელება ხდება“ და საქართველოშიც ადამიანების გარკვეულ ჯგუფს თითქოს სწორედ ეს - „ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა და ომი უნდათ“.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) 2023 წლის 7 მარტის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ დრომდე, უკრაინიდან ევროპაში ჩასული ლტოლვილების რაოდენობამ 8.1 მილიონს გადააჭარბა. საზღვრის კვეთის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 267 733-მა ადამიანმა დატოვა უკრაინა, თუმცა მათი უდიდესი ნაწილი, 10 823 841 ადამიანი, ქვეყანაში დაბრუნდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ მიგრაციისა და ლტოლვილთა სტატისტიკა მოიცავს როგორც უკრაინის მოქალაქეებს, ასევე უკრაინაში მცხოვრებ სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც.
ევროპაში დროებითი დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამებში დაახლოებით 4.9 მლნ უკრაინიდან ლტოლვილი არის რეგისტრირებული. ყველაზე მეტი ლტოლვილი პოლონეთმა, გერმანიამ და ჩეხეთმა მიიღო.
გარდა გარე მიგრაციისა, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 5.4 მლნ-ს შეადგენს. ამასთან, 2023 წლის იანვრის მდგომარეობის, 5.5 მლნ-ზე მეტი ადამიანი [ლტოლვილი ან/და იძულებით გადაადგილებული პირი] დაუბრუნდა საცხოვრებელ ადგილს.
როგორც ვხედავთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მილიონობით უკრაინელი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი და ქვეყანა. თუმცა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებული მონაცემები გადაჭარბებულია.
ცნობისთვის, უარყოფითი მიგრაციული სალდო ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა საქართველოსთვისაც. 2021 წელს 25 966 ადამიანით მეტი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს თუ განვიხილავთ, სურათი კიდევ უფრო მძიმეა - 2021 წელს 40 800-ით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, 2013-2021 წელებში საქართველო 167 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა. ცხადია, ეს რიცხვები საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობასთან შედარებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. საქართველოდან მაღალი ემიგრაციული ნაკადები დიდწილად გამოწვეულია ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით - როგორიცაა სიღარიბე, უმუშევრობის მაღალი დონე, არასათანადო ანაზღაურება, სამომხმარებლო ფასების ზრდა, არასტაბილური პოლიტიკური გარემო, უიმედობის განცდა და ა.შ.