„სეზონი ტვ“-ის წამყვანმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ გადაცემაში განაცხადა, რომ არაბული კომპანია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში 3 დიდი მეჩეთის აშენებას გეგმავს და ამას გორის რაიონულმა სასამართლომ „მწვანე შუქი აუნთო“.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში დეზინფორმაციის გავრცელებას სხვა პრორუსული ძალებიც ხელს უწყობდნენ. ისინი არწმუნებდნენ მოსახლეობას, რომ ხელისუფლებამ სოფლის კუთვნილი მიწები არაბ ინვესტორებზე გაასხვისა და იქ აღმოსავლური დასახლება შენდება. ქვემო ჭალაში ამ დეზინფორმაციის გავრცელებაში „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები და ადგილობრივებს საპროტესტო აქციების მოწყობისკენ უბიძგებდნენ.

ადგილობრივებს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა, ვაჟა ოთარაშვილის ხელმძღვანელობით, ხელმოწერებიც შეაგროვებინეს და სასამართლოს მიმართეს. ისინი პრივატიზაციის აქტის გაუქმებას მოითხოვდნენ. თუმცა მოსამართლე დავით პაპუაშვილმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ის უსაფუძვლოდ ცნო.

თუმცა აღნიშნულ საკითხზე დეზინფორმაციის გავრცელება სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგაც გაგრძელდა, მაგალითად, „სეზონი ტვ“ ამტკიცებდა, რომ კასპის მუნიციპალიტეტში მალე ,,საქართველოს მტრები'' დასახლდებოდნენ, რომლებიც ,,ქვეყანას ქართველობას წაართმევდნენ''. აუქციონის წესით გასხვისებული ტერიტორიის შესახებ სხვა ვერსიებიც გავრცელდა. ერთ-ერთის თანახმად, საოკუპაციო ხაზთან უძრავი ქონების შესყიდვა ისევ რუსი ბიზნესმენებისთვისაა უსაფრთხო და ამდენად, შესაძლოა, მშენებლობის უკან სწორედ ისინი იდგნენ.

სინამდვილეში, საქმე ეხება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში 1262 კვ.მ ფართობის ნაკვეთს, რომელიც აუქციონის ფორმით, 2021 წლის 22 ნოემბერს, მოქალაქე ინგა კურტანიძემ და მისმა უცხოელმა პარტნიორმა შეიძინეს. არასასოფლო სამეურნეო მიწის განვითარებისთვის მათ კასპის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართეს. უწყებამ მესაკუთრეებს აღნიშნულთან დაკავშირებული ხედვა-კონცეფცია მოსთხოვა. კონკრეტულად კი, კასპის მუნიციპალიტეტი აპირებდა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენას და მასში ახალი ობიექტის პარამეტრებიც უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.

მიწის მესაკუთრეთა განმარტებით, შეძენილ ტერიტორიაზე არანაირი შენობა-ნაგებობების აშენებას არ აპირებდნენ და მათი მიზანი მხოლოდ ერთი ერთეული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იყო, ისიც საკუთარი ოჯახების საჭიროებისთვის.

მიუხედავად ამისა, კასპის მუნიციპალიტეტის მერიას აღნიშნულ პირებზე ამ დრომდე არანაირი სამშენებლო ნებართვა არ გაუცია.

კიდევ ერთი დეზინფორმაცია, რომელიც სოფელში ვრცელდებოდა, გულისხმობდა, რომ მშენებლობის ხელშეწყობისთვის მერიამ უცხოელ ინვესტორებს ბიუჯეტის ფულით გზა დაუგო.

სასამართლო გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის მერია უახლოეს მომავალში სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დაგეგმარების გეგმის შედგენას განიხილავს. მუნიციპალიტეტის განმარტებით, ბოლო პერიოდში კასპის მუნიციპალიტეტის მიმართ დაინტერესება უცხოური და ადგილობრივი კომპანიების მხრიდან სამრეწველო, ტურისტული და სოციალური პროგრამების განხორციელების თვალსაზრისით გაზრდილია.

ასევე აღსანიშნავია, რომ „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესში“ ცვლილების შესვლიდან გამომდინარე, კასპის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მოწყობამდე ახალი ობიექტის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთება იკრძალება.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სასამართლომ კასპის მერია დაავალდებულა, მიწის მესაკუთრეებზე ერთი ერთეული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა გაეცა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას ექვემდებარება, კასპის მერიას ეს მოთხოვნა ამ დრომდე არ დაუკმაყოფილებია.

„ფაქტ-მეტრისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციის თანახმად, კასპის მერიას არც დასახლების გაშენებაზე და არც რაიმე სამლოცველოს მშენებლობაზე ამ დრომდე არანაირი ნებართვა არ გაუცია.

აღნიშნული ფაქტები ცხადყოფს, რომ პრორუსული ჯგუფები, მათ შორის - „პატრიოტთა ალიანსი“, „კონსერვატიული მოძრაობა“ და „სეზონი ტვ“-ის წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე საზოგადოებაში ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებას ახდენენ.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია