საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტმა, სამოცდათექვსმეტი ხმით, პირველი მოსმენით, 7 მარტს მიიღო.

კანონპროექტის წარდგენის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მისამართით არაერთი კრიტიკული შენიშვნა, მოწოდება თუ რეკომენდაცია გაჟღერდა, მათ შორის - ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების მხრიდან. უმრავლესობამ არც ერთი მათგანი არ გაითვალისწინა, რასაც, თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქციები სხვა ქალაქებშიც მოჰყვა.

საპროტესტო აქციების ტალღა ბათუმშიც აგორდა. აქციებზე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ პროტესტი პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმაც გამოხატეს.

მალხაზ ნაკაშიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ევროკავშირის ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი: „ბევრ სტუდენტს ჯერ კიდევ კარგად არ აქვს გააზრებული, რა საფრთხეებს ქმნის ამ კანონის მიღება. ამიტომ შეხვედრები და საუბარი მათ ამის გაცნობიერებაში დაეხმარება. ყველაზე მეტად, ეს კანონი ადამიანის თავისუფლების ყველანაირ შეზღუდვას აწესებს. საჯარო უნივერსიტეტებში ხელისუფლებას ჯერაც დიდი გავლენა აქვს, ყველაფერს აკონტროლებს. პერსონალიც, უფრო მეტად, მმართველი პარტიის მიმართ არის ლოიალური. ეს სტუდენტებზეც მოქმედებს. მათი ნაწილი ცდილობს, რომ ჩუმად იყოს, თავიდან აირიდოს ყოველგვარი გართულება. თუმცა გვყავს აქტიური სტუდენტებიც და ისინი აქ არიან. ერთადერთი, რაც ქვეყანაში არასწორ პროცესებს შეაფერხებს, მეტი ადამიანის პროტესტია.

ხელისუფლებას უნდა კონტროლი თავისუფალ კერებზე, როგორებიც არიან მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი სახელმწიფოზე დამოკიდებული არ არიან, რადგან იქ ისედაც თავისუფალი ადამიანები მუშაობენ. ამ კანონის მიზანი კრიტიკული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შეზღუდვა და დახურვაა. ეს ინდივიდუალურ პირებსაც ეხება, თუნდაც - პროფესორებს, რომლებიც უნივერსიტეტებში ასწავლიან, აქვთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კვლევები. ქვეყანაში ბევრი არაობიექტური პროცესია და ვერ იღებენ დაფინანსებას, ვერ ატარებენ კვლევებს და ამიტომ მიმართავენ ევროკავშირს, აშშ-ს. ამ დაფინანსების შეწყვეტა აიძულებს მათ, რომ კვლევები შეაჩერონ, ან ქვეყანა დატოვონ. უმრავლესობა 2024 წლის არჩევნებისთვის ამზადებს სიტუაციას, აპირებს, რომ შემდეგი ვადით დარჩეს ხელისუფლებაში. მათ ოპოზიციაზე უკვე იმოქმედეს სერიოზულად, ახლა არასამთავრობოებსა და მედიაზე მოქმედებენ და აქტივიზმიც უნდა მოკლან, რომ ხალხმა აღარ გააპროტესტოს.“

ლია დავითაძე, მასწავლებელი: „ინგლისური ენის სპეციალისტები ჩავუღრმავდით კანონს, დავიდეთ წინ სამივე ვარიანტი, რომლებზეც რონდელის ცენტრიც მსჯელობდა და დავიჭირეთ, როგორ ცდილობენ ჩვენს მანიპულაციას. ელემენტარულად გვეუბნებიან, რომ უცოდინრები ხართ, წერა-კითხვა არ იცით და ამას ვერ მიხვდებითო. [კანონპროექტები] ზუსტად იმეორებს იმას, რაც რუსეთის ფედერაციამ 2012 წელს მიიღო. რვაჯერ შეიტანეს ცვლილება და 2022 წლის ბოლო ცვლილებით, „აგენტთან აფილირებულიც“ [გაჩნდა], ანუ მე თუ ვინმეს დაველაპარაკები, ისიც... მაინტერესებს, როგორ არის ეს თავსებადი საქართველოს განათლების კანონთან, განსაკუთრებით - აკრედიტაციის სტანდარტთან, ინტერნაციონალიზაციასთან, სტუდენტების მობილობასთან. 2012 წლიდან ვარ მონაწილე და ავტორი რამდენიმე საერთაშორისო პროექტის და არც ერთ პროექტში რუსული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ მინახავს. მათ ეკრძალებათ სოციალიზაცია ადეკვატურ ადამიანებთან.

გუშინ საღამოდან ვიღებ სტუდენტებისგან აქტიურ გზავნილებს, მეკითხებიან, თუ მივალ და გვერდით დავუდგები. მე არ განვუსაზღვრავ მათ, სად უნდა დადგნენ. ჩემი მოვალეობაა, ენა ვასწავლო, სხვადასხვა უნარი მივცე, ხოლო სად იქნება, თვითონ უნდა განსაზღვროს. ჩვენ ვთქვით, რომ ეს ქვეყანა არის ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და არა მხოლოდ ერთი რომელიმე ჯგუფის“.

ნიკა ქაშიბაძე, სამოქალაქო აქტივისტი: „ჩვენ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა, ჩვენს რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს მოვუწოდეთ, დააფიქსირონ პოზიცია. მათ უსარგებლიათ და დღემდე სარგებლობენ ევროპის ქვეყნების გრანტებით. კეთილი ინებონ და თქვან, არიან, თუ - არა აგენტები თვითონ, არიან, თუ - არა აგენტები ის სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სხვადასხვა უნივერსიტეტში. ჩვენ დავაფუძნეთ სტუდენტური მოძრაობა „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“. ნებისმიერ ახალგაზრდას, ვისთვისაც ეს კანონი არის მიუღებელი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპული ცივილიზაცია, ველოდებით, შემოგვიერთდნენ, მიუხედავად იმისა, სად იყვნენ აქამდე. ჩვენ დღეს ქვეყანას ვჭირდებით. სტუდენტებში პროტესტის განცდა არსებობს, ამას ყოველდღიურად ვხედავთ. აქამდე ძალიან ჭირდა სტუდენტებთან პირდაპირი საუბარი. ჩვენი მოძრაობის მიზანიც სწორედ ისაა, რომ აქტიურად ვიმუშაოთ სტუდენტებთან, პირადად გავესაუბროთ და ავუხსნათ თითოეულ მათგანს, რატომაა ეს კანონი მიუღებელი. ასე მივიღებთ საბოლოო შედეგს“.

გიორგი ბოლქვაძე, სტუდენტი, ორგანიზაცია „ახალგაზრდა მწვანეები“: „პირადად მე თორმეტზე მეტ ქვეყანაში ვიყავი ევროკავშირის დაფინანსებით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩემთვის, რომ მესწავლა ბევრი რამ, რაც აქ სკოლასა და უნივერსიტეტში არ მისწავლია. პლუს, ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე და მივიღე ყველა სიკეთე, რომელიც ამ საერთაშორისო პროგრამებს თან ახლავს. როცა ამას შეზღუდავენ და აგენტის იარლიყს მოგვაკრავენ, ახალგაზრდებს დაეკარგებათ დასავლეთში განათლების მიღების მოტივაცია და შესაძლებლობა, ჩაიკეტებიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი მიგვიწვდებოდეს იმ კვლევებზე, სიახლეებზე, რომლებიც დასავლეთშია და არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულად ჩავერთოთ, თანამოაზრეები გავიჩინოთ. ეს კანონი პირდაპირ გვიზღუდავს ამ შესაძლებლობებს. აჭარიდან ბევრი ახალგაზრდა იყო და ახლაც არის ჩართული ამ საგანმანათლებლო პროცესში. მათ ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის, არაფორმალური განათლების მიღების, ადგილობრივი თემების გაძლიერების მიმართულებებით ბევრი ცოდნა შეიძინეს. ძალიან ვწუხვარ, რომ კანონი ამ სიკეთეებს წაგვართმევს“.

ხატია რომანაძე, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: „ყველაზე მეტად მაღიზიანებს სიტყვა „აგენტი“, რომელიც ჩვენთან „ჯაშუშთან“ ასოცირდება. ეს შეურაცხმყოფელია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც კანონი შეეხება. მე დაკავშირებული ვარ ბავშვებთან, მათ მომავალთან და ვალდებული ვარ, რომ აქ ვიდგე. ჩემმა მოსწავლეებმა იციან, რა არის რუსული კანონი, ხშირად განვიხილავთ გაკვეთილებზე ამ თემებს. იციან, რომ ეს კანონი საფრთხეს უქმნის მათ ევროპულ მომავალს. სამწუხაროდ, ჩემი კოლეგების დიდი ნაწილი აზრზე არაა, რა ხდება, არც კი ერთვებიან ამ საკითხებში. შეიძლება, ვიღაცის ან რაღაცის ეშინიათ, ან ფიქრობენ, რომ ეს მათი საქმე არაა, მხოლოდ საგანი უნდა ასწავლონ და მორჩა. ეს არასწორია. აბსოლუტურად ყველა მასწავლებლის, განურჩევლად იმისა, რომელ საგანს ასწავლის, მოვალეობაა, რომ საკუთარ მოსწავლეებს ასწავლოს კარგისა და ცუდის გარჩევა. ისეთი საგანმანათლებლო სისტემა უნდა შეიქმნას, რომ სკოლას მიეცეს მეტი დამოუკიდებლობა, მეტი ავტონომია, იყოს მეტი ჩართულობა როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის, მშობლის მხრიდან... „ზემოდან“ დარეკილი დირექტივებით არ უნდა წყდებოდეს საკითხები“.

ქეთი ბანძელაძე, სტუდენტი: „გულისტკივილს გამოვხატავ იმის გამო, რომ ჩემი უნივერსიტეტის თვითმმართველობამ არ გააკეთა განცხადება [პოზიციასთან დაკავშირებით]. ჩემი და ჩემი თანატოლების აქ მოსვლის მიზანი ისაა, რომ გავაპროტესტოთ რუსეთი, ეს რუსული კანონი, რადგან ის შეზღუდავს ჩვენს განათლებას, განვითარებას. ამიტომ ვგმობთ მას და მიგვაჩნია, რომ ჩვენი აქ ყოფნა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. ბევრი სტუდენტი აქ არის და დანარჩენებსაც ვაწვდით ინფორმაციას, რატომ უნდა იდგნენ აქ. დღეს სტუდენტები უფრო მეტად აცნობიერებენ თავიანთ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. უნივერსიტეტში ყოველთვის არის რაღაც ნაწილი, რომელიც ამას ხელს უშლის, პროტესტი არ აქვს. დღემდე არის რაღაც ჩატები, რომლებიც ხელისუფლების მხარდამჭერია. სამწუხაროდ, გვყავს ლექტორები, რომლებიც რუსეთის კრიტიკას ვერ იტანენ, ბრაზდებიან. თუმცა ლექტორების ნაწილი აქაა, ჩვენ გვერდით, რაც ძალიან მიხარია“.

გიორგი ტაკიძე, სამოქალაქო აქტივისტი, უნივერსიტეტის კურსდამთავრებული: „ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, ყველა მოგვიწოდებს, რომ ამ კანონის მიღებისგან თავი შევიკავოთ. როცა ამ სიტუაციაში ასე სწრაფად იღებენ კანონს, ბუნებრივია, ბევრი კითხვის ნიშანია. ამხელა აქტიურობაა სამოქალაქო სექტორის მხრიდან და პოლიტიკურმა ელიტამ უნდა მოისმინოს ეს შენიშვნები, გაითვალისწინოს ახალგაზრდების სურვილი. ამ კანონის მიღებით კარს უკეტავს ახალგაზრდების ევროპულ მომავალს. სტუდენტები, რომლებიც ჩართული არიან სამოქალაქო პროცესებში, ერკვევიან დღევანდელ პოლიტიკაში, ერთ აზრზე არიან, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი და მისი კურსი უნდა იყოს მხოლოდ ევროპისკენ. სტუდენტების უმეტესობა ამაში დარწმუნებულია, მაგრამ ყველა ღიად არ გამოხატავს შეხედულებას. ამის გამო, აქციაზე მდგომ ადამიანთა რაოდენობა, შესაძლოა, შედარებით ნაკლები იყოს, ვიდრე - რეალურად პროტესტის მქონე ადამიანების რაოდენობა. სამწუხაროდ, მთელი განათლების სისტემა, მთელი სტრუქტურაა შექმნილი იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა არ მიიღონ სწორი განათლება, არ იყვნენ აქტიური მოქალაქეები. დღევანდელმა საგანმანათლებლო სისტემამ სამოქალაქო აქტივიზმი, ფაქტობრივად, ჩაკლა. ბათუმის სახემწიფო უნივერსიტეტი რომ ავიღოთ, ისეა დაკომპლექტებული, რომ პროფესორ-მასწავლებლების უმეტესობა, თვითმმართველობა, მხოლოდ მმართველი პარტიის ხმას აჟღერებს და განსხვავებულ აზრს ახშობს. ამიტომ სტუდენტების ნაწილი, რომელსაც სწორი პოზიცია აქვს, ამას ვერ გამოხატავს და პასიურ მდგომარეობაშია“.

შენიშვნა:

8 მარტის აქციის შემდეგ, კერძოდ, 9 მარტს, დილით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადება გავრცელდა. საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტების „გაწვევის“ გადაწყვეტილება მიიღო. შემდგომში გამართულ ბრიფინგზე კი მამუკა მდინარაძემ დააზუსტა, რომ ერთი კანონპროექტი უკვე გამოთხოვილია, მეორე - პროცედურის შესაბამისად - ჩავარდება მეორე მოსმენით კენჭისყრაზე (პარლამენტის რეგლამენტი პირველი მოსმენით მიღებული კანონის უკან გაწვევის პროცედურას არ ითვალისწინებს. დეტალურად კანონპროექტის „გაწვევის“ შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია). მისი თქმით, შესაბამისი წერილი გაგზავნილია ვენეციის კომისიაშიც.

ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები