2023 წლის 21 თებერვალს გადაცემაში „ალტერნატიული ხედვა“ სტუმარმა - გიორგი კარჭაულმა, უკრაინის ომთან დაკავშირებით მცდარი და უსაფუძვლო ინფორმაცია გაავრცელა. მტკიცების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში „ჯარისკაცების ორგანოებით ვაჭრობის ბიზნესით“ არის დაინტერესებული და მასში საქართველოს ჩაბმაც სურს.

ორგანოებით ვაჭრობის თემა რუსული პროპაგანდისთვის უცხო არაა. არასასურველი პირების ან მხარეების დისკრედიტაციის მიზნით, მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებები აქამდეც არაერთხელ გაჟღერებულა. მაგალითად, 2011 წელს რუსული პროპაგანდისტული მედიის, Russia Today-ის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით,უკრაინა ევროპაში ორგანოებით ვაჭრობის ცენტრი გახდა, ხოლო 2014 წელს, ტელეკომპანია Russia 24 ამტკიცებდა, რომ იულია ტიმოშენკოს ადვოკატი დაჭრილი ჯარისკაცების ორგანოებით ვაჭრობაში იყო ჩართული.

„ორგანოებით ვაჭრობის“ აბსურდული ისტორიები ანტიდასავლური და პრორუსული გამოცემების მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და მისი ცოლის, სანდრა რულოვსის წინააღმდეგ სხვადასხვა დროს არსებული შეთქმულების თეორიების გამყარებისთვისაც გამოიყენებოდა. მაგალითისთვის, პრორუსულმა გამოცემა საქინფორმმა 2021 წელს გამოაქვეყნა სტატია, სადაც გამოცემა სააკაშვილსა და რულოვსს ბრალს, „ოჯახური ბიზნესის“ ფარგლებში, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში სდებდა და ამტკიცებდა, რომ აღნიშნული მიზნით, „სპეციალურად ხოცავდნენ უნებლიე დონორებს – პატიმრებს, რაც შემდეგ წარმატებით გაგრძელდა საავადმყოფოებსა და სამშობიარო სახლებში“. „საქინფორმის“ ამ შეთქმულების თეორიის მიხედვით, „სანდრა რულოვსის საქმიანობამ განსაკუთრებით ფართო გაქანება პოვა 08.08.08 და დონბასის ომების დროს“, რის გამოც გამოცემა ამტკიცებს, რომ „[უკრაინაში აღმოჩენილ] საცავში ინახება არა მარტო მარტოხელა ადამიანების, არამედ სამხრეთ უკრაინის ომში მონაწილე უბედური ჯარისკაცების ორგანოებიც“.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს პრორუსული საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმი“ იმასაც ამტკიცებდა, რომ უკრაინაში, კიევის მახლობლად მდებარე სასაფლაოზე აღმოაჩინეს ჭა, რომელიცსავსეა პაკეტებში მოთავსებული ადამიანთა სხეულების ნაწილებითა და შინაგანი ორგანოებით“. კრემლისტური გამოცემის ეს მასალა სხვადასხვა რუსულენოვან ვებგვერდზე 2016 წელს გამოქვეყნებულ სტატიებს ეყრდნობოდა, სადაც ვკითხულობთ, რომკიევში მარტოხელა ადამიანებს იჭერენ, ორგანოებად ანაწევრებენ და საიდუმლოდ მარხავენ“. სინამდვილეში, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში ცხედრებით სავსე ჭა იპოვეს, არც ერთი ღია წყაროთი არ დასტურდება. თუმცა, „საქინფორმირუსულენოვანი წყაროების მიერ გავრცელებულ ამ დაუდასტურებელი ცნობების ანალიზისას გვთავაზობდა დასკვნას, რომ მომხდართან კავშირი საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლეს, სანდრა რულოვსს ჰქონდა. საქინფორმისაღნიშნული სტატია ინტერნეტში პირველად 2016 წელს, მას შემდეგ გავრცელდა, რაც სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ ის არჩევნებში მონაწილეობასნაციონალური მოძრაობისსახელით იღებდა. 2021 წლის ბოლოს კისაქინფორმისიგივე სტატია სოციალურ ქსელში მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის მიზნით ხელახლა გამოჩნდა.

ხაზგასასმელია ისიც, რომ მსგავსი ბრალდებები ფაქტობრივ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. ადამიანის ორგანოთა გადანერგვა უკიდურესად კომპლექსური პროცედურაა, რომელსაც სპეციალური გარემო სჭირდება, ხოლო ამ მიზნით ორგანოების, არასტერილურ გარემოში, საველე პირობებში, შენახვა შეუძლებელია. ამასთან, გადასანერგი ორგანოს ვარგისიანობა დროშიც შეზღუდულია.

მსგავსი მტკიცებები 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში ხელახალი შეჭრის შემდეგაც ვრცელდებოდა. გავრცელებულ დეზინფორმაციას ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთის სტრატეგიული კომუნიკაციების ოპერატიული სამუშაო ჯგუფის (East StratCom Task Force) პროექტი, EuvsDisinfo გამოეხმაურა, სადაც გამოცემა „ამერიკელების მიერ უკრაინელი ჯარისკაცების ორგანოებით ვაჭრობის“ შესახებ გავრცელებული შეთქმულების შესახებ წერს. EUvsDisinfo-ს მიხედვით, მტკიცება, ჯარისკაცების სხეულიდან ორგანოების ამოღებისა და გაყიდვის შესახებ, აბსურდულია, რადგან ამისთვის აუცილებელია, რომ დაშავებული ადამიანის სხეულს საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაუტარდეს. ორგანოების სპონტანურად ამოღებისა და გაყიდვის შემთხვევაში შეუძლებელი იქნება იმის დადგენა, ჰქონდა, თუ - არა დონორს რაიმე სახის ქრონიკული დაავადება. გარდა ამისა, თუ გარდაცვალება მიღებული ტრავმის ან ფიზიკური დაზიანების შედეგად დადგა, როგორც ეს გარდაცვლილი ჯარისკაცების უმრავლესობაში ხდება, არსებობს ორგანოთა დაზიანების მაღალი რისკი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად ორგანო ჯანმრთელია, ორგანიზმში არსებული დაზიანებებით გამოწვეული პრობლემები ხშირად ორგანოს ტრანსპლანტაციისთვის გამოუსადეგარს ხდის.

აღსანიშნავია ისიც, რომ გარდაცვლილი ადამიანის ორგანოს ტრანსპლანტაციისთვის გამოყენება მხოლოდ იშვიათ შემთხვევაშია შესაძლებელი. ორგანოების დონორად დარეგისტრირებული 1000 ადამიანიდან, საშუალოდ მხოლოდ 3-ს შეუძლია რეალურად გაიღოს თავისი ორგანოები გარდაცვალების შემდეგ. იმისთვის, რომ ორგანო გადანერგვისთვის ვარგისიანი იყოს, აუცილებელია, გარდაცვალება სპეციფიკურ ვითარებაში დადგეს, რათა ორგანო უცხო ორგანიზმთან შეთავსებადი იყოს. ამასთან, გარდაცვალების დროს მნიშვნელოვანია, რომ გვამი ტრანსპლანტაციის პროფესიონალების მიერ „კლინიკური შეფასების, სამედიცინო ისტორიისა და სხვა ფაქტორების საფუძველზე“ შეფასდეს და დადგინდეს შესაძლებელია, თუ - არა გარდაცვლილი სხეულიდან კონკრეტული ორგანოს ან ქსოვილის გამოყენება.

ამასთან, ორგანოები გვამიდან ამოკვეთის შემდეგ მხოლოდ მცირე დროის ინტერვალშია ვარგისი მნიშვნელოვანია წუთებიც. ორგანოს შენახვის დრო ძირითადად 2-დან 48 საათამდე მერყეობს და დამოკიდებულია შესანახი ორგანოს ტიპზე. ამის გამო, ორგანოების ტრანსპორტირება წინასწარ დაგეგმილად, სასწრაფო დახმარების მანქანით, ვერტმფრენით ან კომერციული თვითმფრინავით ხდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორგანო ამოკვეთის შემდგომ განსაკუთრებული მეთოდებით მოვლას საჭიროებს. კერძოდ, დონორის გარდაცვალების შემდეგ აუცილებელია გადასანერგი ორგანოების ჟანგბადით უზრუნველყოფა, ხოლო კონსერვაციისთვის სხვა საშუალებებთან ერთად, სპეციალური ხსნარები და ცივი შემნახველები.

რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებას, რომ უკრაინაში ჯარისკაცების ორგანოებით ვაჭრობა მიმდინარეობს, ღია წყაროებით არ დასტურდება. ამასთან, დონორის შერჩევა, ორგანოს ამოკვეთა და მისი რეციპიენტისთვის შენახვა იმდენად რთული და კომპლექსური პროცესია, რომ ომის დროს, შესაბამისი რესურსების მობილიზება ფაქტობრივად შეუძლებელია.

-----------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი