ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს მათ [ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა] სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაშლაში

ირაკლი კობახიძე: ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს მათ [ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა] სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაშლაში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილმა და ოპოზიციის დიდი ნაწილის მიერ მხარდაჭერილმა სახალხო დამცველის კანდიდატებმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შეფასებისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფისგან უმაღლესი ქულები მიიღეს.

მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ, ოპოზიციას სახალხო დამცველის არჩევა იმ კანდიდატებიდან შესთავაზა, რომელთა შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები ვერ მოხვდნენ. შეიძლება ითქვას, რომ მმართველი გუნდი მის მიერვე შედგენილ კრიტერიუმების მიხედვით, საუკეთესოდ მიჩნეულ კანდიდატების მხარდაჭერაზე ამბობს უარს, რის გამოც სახალხო დამცველის არჩევა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო პროცესიდან დისტანცირება თავიდანვე გადაწყვიტა. კერძოდ, როდესაც „რევოლუციურ სცენარში მონაწილეობის” საბაბით, სამუშაო ჯგუფში შესვლაზე უარი ორ გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციას - „სამართლიანი არჩევნებსა” (ISFED) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”, ეთქვა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განცხადება, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაშლაში ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიტანეს დიდი წვლილი, სიმართლეს არ შეესაბამება და ირაკლი კობახიძის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით ტყუილი.

ანალიზი

2 მარტს, გადაცემაში „იმედი LIVE“, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე ისაუბრა. მისი მტკიცებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს პოლარიზაციის დაძლევას. კობახიძის თქმით, პოლარიზაციას ხელს რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური წარმომადგენლები და მათთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები უწყობენ.

„მე გავიხსენებ, რამდენიმე შემთხვევა იყო, იგივე როცა საქმე ეხებოდა სახალხო დამცველის არჩევას, როცა მსგავს პროცესებს ეხებოდა საქმე, ხშირად იყო ვითარება, როდესაც მივდიოდით გარკვეულ შედეგამდე და ჩამშლელების როლში პირველ რიგში გამოდიოდნენ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს მათ სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაშლაში“, - განაცხადა კობახიძემ.

„ფაქტ-მეტრმა“ ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადება გადაამოწმა.

გასული წლის 9 სექტემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო რეგლამენტში შესატანი ცვლილები, რომელიც სახალხო დამცველის არჩევის [1] დროებით წესს შეეხება (უფრო დეტალურად ამ თემაზე იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში).

27 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენობის კანდიდატებიდაასახელეს. აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს „მდიდარი NGO-ების კლანი” უწოდა და თქვა, რომ მათ „სრულიად დახურულ რეჟიმში,” კლანის პრინციპებით შეარჩიეს კანდიდატები.

28 სექტემბერს სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის სამუშაო ჯგუფი/საკონკურსო კომისია შეიქმნა, რომელსაც სახალხო დამცველობის პოტენციურ კანდიდატთა შეფასება, იდენტიფიცირებული კრიტერიუმების შესაბამისად - მხოლოდ წარდგენილი წერილობითი დოკუმენტაციის საფუძველზე, დაევალა. მანამდე, შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის კანდიდატების შემფასებელ კომისიის დაკომპლექტების საკითხზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები გამართა.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო ჯგუფში ორი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია - „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, ვერ შევიდა. მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ისინი საჯაროდდაბლოკა„რევოლუციურ სცენარში მონაწილეობის” საბაბით. ამ გადაწყვეტილების გამო კონსულტაციებს გამოეთიშა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“.

30 სექტემბერს სახალხო დამცველის კანდიდატების 19-კაციანისიაგამოქვეყნდა.

14 ოქტომბერს პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატების შეფასებისთვის შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა. თითოეული კანდიდატი 9-კაციანმა ჯგუფმა ოთხი კრიტერიუმით შეაფასა 0-დან 10 ქულამდე, გასაუბრების გარეშე. უმაღლესიშეფასებაარასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, ანა აბაშიძემ მიიღო.

21 ოქტომბერს საპარლამენტო ფრაქციებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა სახალხო დამცველობისკანდიდატებიდაასახელეს. მათმა დიდმა ნაწილმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ კანდიდატებს დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ კანდიდატი მმართველ პარტიას არ წარუდგენია.

სახალხო დამცველების კანდიდატების მოსმენა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 25 ოქტომბერს დაიწყო და 4 ნოემბერს დასრულდა.

როგორც აღვნიშნეთ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ კანდიდატებს მხარი ოპოზიციის დიდმა ნაწილმაც დაუჭირა. ეს კანდიდატები არიან:

·ანა აბაშიძე,

·ნაზი ჯანეზაშვილი,

·გიორგი ბურჯანაძე.

„ქართულმა ოცნებამ“ თავდაპირველადგანაცხადა, რომ მზად იყო, ემსჯელა სახალხო დამცველობის ნებისმიერ კანდიდატზე, გარდა ნაზი ჯანეზაშვილისა და ანი აბაშიძისა. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასშესთავაზასახალხო დამცველის არჩევა იმ კანდიდატებიდან, რომელთა შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი არცერთი კანდიდატი არ ყოფილა. კერძოდ:

·ლელა გაფრინდაშვილი,

·თინათინ ერქვანია,

·ნუგზარ კოხრეიძე,

·გიორგი მარიამიძე,

·ქეთევან ჩაჩავა.

საკითხზე მხარეებს შორის კონსენსუსი ვერ შედგა. შედეგად, 22 დეკემბერს პარლამენტში გამართულ რიგგარეშე სხდომაზე სახალხო დამცველის არჩევა ვერ მოხერხდა. სხდომაზე ომბუდსმენობის 19-ვე კანდიდატს უყარეს კენჭი, თუმცა საჭირო 90 ხმა ვერცერთმა მათგანმა ვერ მოაგროვა.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძისშეფასებით, ანა აბაშიძე და გიორგი ბურჯანაძე მიუკერძოებლობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებენ. მდინარაძის თანაგუნდელმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ კი ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ კანდიდატების მხარდაჭერაზე უარის მიზეზად მათ „უკან მდგომი მილიონი ამომრჩეველი“დაასახელა, რომელთათვისაც, მისივე თქმით, „ეს ტიპაჟები – [ანა] აბაშიძე, [გიორგი] ბურჯანაძე, [ნაზი] ჯანეზაშვილი არიან ორგანულად მიუღებელი“.

დასკვნა

როგორც აღვნიშნეთ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს თავიდანვე 3 კანდიდატი შესთავაზეს, რომელთაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმაც დაუჭირა მხარი. კანდიდატებმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შეფასებისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფისგან საკმაოდ მაღალი ქულები მიიღეს. კერძოდ, პირველ ოთხეულში არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი და ოპოზიციის დიდი ნაწილის მიერ მხარდაჭერილი სამივე კანდიდატი მოხვდა [2]. მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ, ოპოზიციას სახალხო დამცველის არჩევა იმ კანდიდატებიდან შესთავაზა, რომელთა შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი არცერთი კანდიდატი არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ მმართველი გუნდი მის მიერვე შედგენილ კრიტერიუმების მიხედვით საუკეთესოდ მიჩნეულ კანდიდატების მხარდაჭერაზე ამბობს უარს, რის გამოც სახალხო დამცველის არჩევა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ, „ქართულმა ოცნებამ“ პროცესის დასაწყისშივე გადაწყვიტა არასამთავრობო ორგანიზაციების დაბლოკვა. კერძოდ, როდესაც „რევოლუციურ სცენარში მონაწილეობის” საბაბით, სამუშაო ჯგუფში შესვლაზე უარი ორ გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციას - „სამართლიანი არჩევნებსა” (ISFED) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”, ეთქვა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განცხადება, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაშლაში ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიტანეს დიდი წვლილი, სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ მიერ დადგენილ კრიტერიუმებით საუკეთესოდ შეფასებული კანდიდატები „ქართულმა ოცნებამ“ სხვა - პოლიტიკური მიზნების გამო, დაიწუნა. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით ტყუილი.

[1] ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის8დეკემბერს ამოეწურა.

[2] გიორგი ბურჯანაძე ქულათა რაოდენობით მეოთხე ადგილზე გავიდა, თუმცა ამის მიზეზი ის გახდა, რომ ნაცვლად კომისიის 9 წევრისა, მას შეფასება მხოლოდ 8 წევრმა დაუწერა. სხვაობა კი მესამე ადგილზე გასულ ნუგზარ კოხრეიძესთან მხოლოდ 6 ქულას შეადგენდა. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ყველაზე დაბალი ქულა, რომელიც გიორგი ბურჯანაძემ მიიღო, ამ რიცხვს აღემატება, კომისიის სრული შემადგენლობის მიერ შეფასების შემთხვევაში, „ქართული ოცნების მიერ შექმნილი კრიტერიუმებით პირველ სამ ადგილს არასამთავრობო სექტორის მიერ შეთავაზებული სამეული დაიკავებდა, სწორედ მათ წარდგენაზე თქვა „ქართულმა ოცნებამ“ უარი.