ბექა ლილუაშვილი: რუსეთში ექსპორტი 105%-ით გაიზარდა, რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტი 72%-ით
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბექა ლილუაშვილის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: რუსეთში 2022 წელს, 2021 წელთან შეედარებით, ექსპორტი 6.8%-ით გაიზარდა, 2023 წლის იანვარში კი - 2022 წლის იანვართან შედარებით, ზრდის ტემპმა 106%-ს მიაღწია. ენერგომატარებლების იმპორტი 2022 წელსა და 2023 წლის იანვარში შესაბამისად 215%-ითა და 302%-ით გაიზარდა. „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბექა ლილუაშვილის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი:
პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტ-საბჭოს წევრმა ბექა ლილუაშვილმა ტვ პირველზე, გადაცემა „რეაქციაში“ 28 თებერვალს, ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე საუბრისას რუსული გავლენების ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მასზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა. კერძოდ, მან განაცხადა: „72%-ით გაიზარდა ენერგომატარებლების იმპორტის მაჩვენებელი, 103%-ით გაიზარდა თუ 105%-ით ექსპორტის მაჩვენებელი.“
ბექა ლილუაშვილს კონკრეტული დრო არ დაუკონკრეტებია, თუ რა პერიოდში გაიზარდა ენერგომატარებლების იმპორტი 72%-ით და მთლიანი ექსპორტი 105%-ით. „ფაქტ-მეტრმა“ 2022 წლის წლიური და უახლესი 2023 წლის იანვრის მაჩვენებლები გადაამოწმა.
2022 წელს რუსეთში ექსპორტი 2021 წელთან შედარებით, 6.8%-ით - 610 მლნ აშშ დოლარიდან 652 მლნ-მდე გაიზარდა, იმპორტი 79%-ით - 1.023 მლრდ-დან 1.835 მლრდ დოლარამდე. თუ ექსპორტში რუსეთის წილი 2021 წელს 14.4% იყო, 2022 წელს 11.7%-მდე შემცირდა, თუმცა იმპორტში 10.1%-დან 13.6%-მდე გაიზარდა.
მთლიანი სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 2021 წელს 1.639 მლრდ-ს დოლარს შეადგენდა, რაც 2022 წელს 52%-ით - 2.487 მლრდ-მდე გაიზარდა. რუსეთის წილი საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში 11.4%-დან 13.1%-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება კონკრეტულად ენერგომატარებლების იმპორტს ის ჯამში 215%-ით - 245 მლნ-დან 774 მლნ დოლარამდე გაიზარდა, ნავთობპროდუქტების - 362%-ით, ბუნებრივი გაზის - 23%-ით, ელექტროენერგიის - 75%-ითა და ქვანახშირის - 143%-ით. თანხობრივად ენერგომატარებლების იმპორტის ზრდაში ყველაზ დიდი წვლილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (ძირითადად ბენზინი და დიზელი) იმპორტს მიუძღვის.
გრაფიკი 1: ენერგომატარებლების იმპორტი რუსეთიდან (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდა, მხოლოდ მის გაძვირებას არ უკავშირდება. 2022 წელს ქართველმა იმპორტიორებმა რუსეთიდან მოცულობით 192%-ით მეტი - 657 ათასი ტონა საწვავი შემოიტანეს. აღსანიშნავია რომ სანქციების გამო რუსეთი იძულებულია ნავთობზე ფასი შეამციროს. შესაბამისად, რუსული ნავთობის იმპორტი და რეალიზაცია უფრო მომგებიანი გახდა ალტერნატივებთან შედარებით. საქართველოში ნავთობიმპორტიორებს 1 ლიტრი რუსული ბენზინიდან უფრო მეტი მოგება რჩებათ, ვიდრე 1 ლიტრი რუმინული ბენზინიდან, რაზეც კონკურენციის სააგენტო ჯერ კიდევ მაისში გამოქვეყნებულ კვლევაში საუბრობდა.
რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულების ზრდის ტენდენცია 2023 წლის იანვარში კიდევ უფრო გამოკვეთილია. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში, 2022 წლის იანვართან შედარებით, ექსპორტი 106%-ით - 43 მლნ-დან 88 მლნ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტი 105%-ით - 86 მლნ-დან 106 მლნ-მდე. ჯამური სავაჭრო ბრუნვა შესაბამისად 105%-ით - 129 მლნ-დან 264 მლნ-მდე. სავაჭრო დამოკიდებულება 11.6%-დან 18%-მდე. მსგავსი ნახტომისებური ზრდის გამო, რუსეთმა თურქეთი ჩაანაცვლა და სავაჭრო პარტნიორებში 1-ლი ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტის სტრუქტურას, დამოკიდებულება უფრო მაღალია და საერთო ჯამში ზრდის ტემპი 302%-ს შეადგენს - 24 მლნ-დან 97 მლნ-მდე. ნავთობპროდუქტების 570%-ით და ბუნებრივი გაზის 169%-ით. (მცირე მოცულობის გამო ელექტროენერგიის იმპორტის 89%-ით შემცირებასა და ქვანახშირის იმპორტის 9500%-ით ზრდას ენერგომატარებლების იმპორტის მთლიან მაჩვენებელზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია).
გრაფიკი 2: ენერგომატარებლების იმპორტი რუსეთიდან (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ბექა ლილუაშვილმა ექსპორტის ზრდის ტემპად 105% დაასახელა, რაც 2023 წლის იანვრის მაჩვენებელს ემთხვევა. ენერგომატარებლების იმპორტში კი მის მიერ დასახელებულ 72%-სა და ოფიციალურ სტატისტიკას შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა, თუმცა ოფიციალური სტატისტიკა გაცილებით მაღალია და მის შეფასებას (საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდაზე) კიდევ უფრო ამყარებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბექა ლილუაშვილის განცხადება არის სიმართლე.