ირაკლი ღარიბაშვილი: უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: 2022 წლის მონაცემებით, პანდემიურ წლებთან [2020-2021] შედარებით, ქვეყანაში დასაქმებისა და უმუშევრობის პარამეტრები მკვეთრად გაუმჯობესდა. თუმცა წინა წლებთან [2015-2019] შედარებით, სამუშაო ძალისა და დასაქმების მაჩვენებლები გაუარესებულია.

ტექნიკურად, უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (17.3%) 2022 წელს დაფიქსირდა, თუმცა აღნიშნული ძირითადად ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის კლებით არის განპირობებული, რაც ცალსახად უარყოფითი მოვლენაა. უმუშევრობის დონის გამოთვლის მეთოდოლოგიის თანახმად, თუ ადამიანი სამსახურს აღარ ეძებს და ე.წ. „იმედდაკარგული მუშახელია“, ის გადის სამუშაო ძალის მიღმა და უმუშევრად აღარ მიიჩნევა. 2022 წელს რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობა წინა წლებთან (2015-2019) შედარებით სწორედ ამის ხარჯზეა შემცირებული და არა დასაქმების ზრდის ხარჯზე.

2022 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 2020-2021 წლებთან შედარებით გაიზარდა, თუმცა 2015-2019 წლების მაჩვენებლებზე ნაკლებია.

2022 წელს დასაქმების დონემ (დასაქმებულთა პროცენტული წილი შესაბამისი ასაკის (15+) მოსახლეობაში) 42.9% შეადგინა, რაც წინა წლების მაჩვენებელს აღემატება, თუმცა არაა ისტორიულ მაქსიმუმზე. დასაქმების დონის ყველაზე კარგი მაჩვენებელი 2015-2016 წლებში დაფიქსირდა. რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, 2015-2019 წლებში ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, ვიდრე 2022 წელს.

2022 წლის მონაცემებით, მართალია ქვეყანაში რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა, თუმცა აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ უმუშევართა დიდი ნაწილი სამუშაო ძალის გარეთ აღმოჩნდა (შეწყვიტეს სამსახურის ძიება) ან დატოვეს ქვეყანა.

ამრიგად, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით - მანიპულირება.

ანალიზი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „უმუშევრობა გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე“.

პირველ რიგში, განვმარტოთ, თუ როგორ გამოითვლება უმუშევრობის დონე. ქვეყანაში სამუშაო ძალის სტატისტიკას საქსტატი აწარმოებს, რომელიც თავის მხრივ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მეთოდოლოგიას ეფუძნება. უმუშევრობის დონე უმუშევარ ადამიანთა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის [სამუშაო ძალის] შეფარდების შედეგად გამოითვლება. სამუშაო ძალა არის დასაქმებული და სამსახურის მაძიებელი უმუშევარი ადამიანების ერთობლიობა. აქვე აღსანიშნავია, პირი, რომელიც უმუშევარია, მაგრამ არ არის სამუშაოს მაძიებელი (გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდა სამუშაოს), სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევრად არ მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში, უმუშევრობის დონე შესაძლოა ტექნიკურად - სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე, დასაქმების ზრდის გარეშე შემცირდეს. შესაბამისად, ქვეყანაში უმუშევრობის სწორად შესაფასებლად აუცილებელია სამუშაო ძალის და დასაქმების პარამეტრების ანალიზი.

2022 წელს ქვეყანაში დასაქმება/უმუშევრობის პარამეტრები მკვეთრად გაუმჯობესდა. 2022 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 20.6%-დან 17.3%-მდე შემცირდა. ერთწლიან პერიოდში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 18 ათასით ( დაახლოებით 1.1%-ით) გაიზარდა. 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში დაახლოებით 66.3 ათასით (5.5%-ით) გაიზარდა. აქედან, დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა 41.5 ათასით (5%-ით), ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა - 24.9 ათასით (6.4%-ით) არის გაზრდილი. ამრიგად, 2022 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობის ზრდით იყო განპირობებული, რაც ცალსახად დადებითი მოვლენაა.

დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლის შთამბეჭდავი გაუმჯობესება იმ ფაქტით აიხსნება, რომ მონაცემები 2021 წელთან არის შედარებული, როდესაც პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური შეზღუდვების გამო ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, ხოლო უმუშევრობის დონე გაიზარდა. 2022 წელს პანდემიამდე პერიოდთან, 2019 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 0.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, თუმცა ეს უკანასკნელი სამუშაო ძალის შემცირებით არის განპირობებული და არა დასაქმების ზრდით. ამავე პერიოდში, დასაქმების საერთო მაჩვენებელი დაახლოებით 0.9%-ით [12.2 ათასით], ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის 3%-ით [26.6 ათასით] ნაკლებია.

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს დასაქმების მაჩვენებლები მკვეთრად გაუმჯობესდა, პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელი ჯერ კიდევ სრულად აღდგენილი არ არის.

გრაფიკი 1: დასაქმება და უმუშევრობა 2015-2022 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2010-2022 წლებში, ტექნიკურად, უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირდა, რაც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის კლებას უკავშირდება და არა დასაქმების ზრდას. პრემიერ-მინისტრი მხოლოდ უმუშევრობის დონის პროცენტულ მაჩვენებელზე ამახვილებს ყურადღებას და სამუშაო ძალისა და დასაქმების მაჩვენებლებს უგულებელყოფს.

2015 წლის შემდეგ, ქვეყანაში სამუშაო ძალა (დასაქმებულთა და სამუშაოს მაძიებელთა ჯამური ოდენობა) ყოველწლიურად მცირდებოდა. 2015-2022 წლებში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა ჯამში 124 ათასით (7.4%-ით) არის შემცირებული. 2022 წელს სამუშაო ძალა 2020-2021 წლებთან შედარებით გაიზარდა, თუმცა 2015-2019 წლების მაჩვენებლებზე ნაკლებია.

ქვეყანაში დასაქმების დონის (დასაქმებულთა პროცენტული წილი შესაბამისი ასაკის (15+) მოსახლეობაში) ყველაზე კარგი მაჩვენებელი 2015-2016 წლებში დაფიქსირდა. 2022 წელს დასაქმების დონემ 42.9% შეადგინა, რაც აღემატება 2020-2021 წლების მაჩვენებელს, ასევე მცირედით აღემატება პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელს, რაც ქვეყანაში 15+ ასაკის მოსახლეობის შემცირებით არის განპირობებული, რაც თავისთავად დადებით მოვლენად ვერ ჩაითვლება. რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, 2015-2019 წლებში ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, ვიდრე 2022 წელს.

2022 წლის მონაცემებით, დასაქმებისა და სამუშაო ძალის მაჩვენებლები მხოლოდ პანდემიური წლების (2020-2021) მაჩვენებლებს აღემატება, 2015-2019 წლებთან შედარებით კი ნაკლებია. ქვეყანაში რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობა და უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, რადგან უმუშევართა დიდი ნაწილი სამუშაო ძალის გარეთ აღმოჩნდა, ანუ შეწყვიტეს სამსახურის ძიება ან დატოვეს ქვეყანა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5563 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი